კაპელოს მორალი

ფაბიო კაპელო
მსოფლიო ჩემპიონატზე ფანების და ფეხბურთის სპეციალისტების ერთ-ერთი ფავორიტი ინგლისის ნაკრები იყო. სერიოზული შემადგენლობა, ბოლო დეკადის და, ალბათ, ყველა დროის გამორჩეული მთავარი მწვრთნელი ფაბიო კაპელო, შეთამაშებული გუნდი – ამ სამი და კიდევ არაერთი კომპონენტით ინგლისს უნდა ეთამაშა ფეხბურთი და არა ის, რისი დემონსტრირებაც სამხრეთ აფრიკაში მოახდინა. ტურნირზე ინგლისი რამდენიმე გაპიარებული ინდივიდუალისტით შეეცადა მთელი დისტანციის დაფარვას და გერმანიასთან სამარცხვინოდ დაასრულა ყველაფერი.
წარუმატებლობის მიზეზებზე ბევრი დაიწერა, უფრო მეტი დაიწერება და ნაკრების შემდგომ საერთაშორისო წარმოდგენამდე, კაპელოს ნაკრებს ის ფიასკო პერმანენტულ ფონად გაჰყვება. ინგლისმა ვერ გამოიყენა უდიდესი პოტენციალი და ამაში დამნაშავე რამდენიმე მეძავი, ნაკრების ორი წევრის ცოლი და კაპელოა, მიაჩნია ბრიტანელ მესვეტე ნილ ეშტონს.
ნაკრების სახე ტურნირზე უეინ რუნი უნდა ყოფილიყო. არაჩვეულებრივი სეზონი მანჩესტერ იუნაიტედში, კაპელოს მხრიდან სრული ნდობა და კარტ-ბლანში, რომელიც უეინს ნაკრების ოფიციალური მატჩების დროს სამწვრთნელო შტაბმა მისცა. რუნიმ ეს უმნიშვნელოდ ჩათვალა და პირადი ცხოვრების ნგრევაზე გადაერთო.
21 წლის მეძავი ჯენი ტომპსონი მისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე მეუღლე, სიმშვიდე და პასუხისმგებლობა. იმ გოგონამ რუნისგან 2009-ში, ივლისიდან ოქტომბრის ჩათვლით, შვიდ „სეანსში” 8,400 გირვანქა მიიღო, რუნიმ მას რამდენიმე დღით თავისი ბუგატი ათხოვა და შოპინგზეც ერთად დადიოდნენ. უეინს ეცინებოდა, როდესაც ჟურნალისტები მას დეტალების დაკონკრეტებას სთხოვდნენ. 2010-ში, 12 მაისს, რუნიმ ჯენის საკუთარი აპარტამენტებიდან 2 კილომეტრის დაშორებით ბინა უყიდა.
რუნის მაშინაც გაეცინა და პარალელურად, ორი ოპერატორის კამერა დაამტვრია, როდესაც მას სემი დარნლის სახელი უხსენეს. ეს ისტორია ძალიან ძველია, მაგრამ რუნის ახსოვს დეტალები, რუნის არ უნდოდა დეტალების გახსენება და რუნიმ დეტალები მაშინ ჯერ კიდევ საცოლეს, კოლინს დაუმალა. 2004-ში 16 წლის უეინმა ლონდონის ღამის კლუბთან 5 მეძავი დაიქირავა, სასტუმროს ნომერში აიყვანა და სამსაათიანი სიამოვნება 12 ათას დოლარამდე დაუჯდა. ერთ-ერთი მეძავი 46 წლის იყო და რუნი მოგვიანებით, მას კიდევ რამდენჯერმე შეხვდება.
კაპელომ ეს დეტალები არ იცოდა, მაგრამ როდესაც გაიგო, რუნის შეხვდა და გააფრთხილა, ან ცელქობას მორჩები, ან მსოფლიოზე არ წაგიყვანო. უეინმა ფაბიოს პირობა მისცა, რომ მშვიდად მოიქცეოდა და პირობა სამ დღეში დაარღვია. კაპელოსთან შეხვედრიდან მეოთხე დღეს, რუნი მანჩესტერში არაფხიზელ მდგომარეობაში ერთ-ერთი ღამის კლუბის VIP-ში სამ მანდილოსანთან ერთად დააფიქსირეს. პრესამ ამ მოვლენას მინიმალური ყურადღება დაუთმო, კაპელომ კი უეინი ნაკრების შეკრებიდან ერთი კვირით გააგდო. რუნის შეკრებაზე დააბრუნებენ, მაგრამ ნაკრების ლიდერი ამ მოვლენებმა იმდენად გამოფიტა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე იმპოტენტივით ითამაშა.
ნაკრების ბაზიდან კაპელომ კიდევ ერთი ლიდერი, ჯონ ტერიც გაუშვა, მერე ჩელსის ვარსკვლავიც დააბრუნა, მაგრამ დაკარგა ტერის ძმაკაცი და ძალიან ძლიერი ნახევარმცველი უეინ ბრიჯი, რომელსაც კარიერაში საუკეთესო სეზონი ჰქონდა. ტერიმ რამდენიმე ღამე საკუთარ ვილაზე ბრიჯის მეუღლესთან ერთად გაატარა და როდესაც კაპელოსგან ბაზაზე მისვლის ნებართვა მიიღო, იტალიელმა მას კაპიტნის სამკლავური მთელი ნაკრების წინ ჩამოართვა. პირველი სამი დღე ტერი სასადილოში მარტო შედიოდა. ფაბიომ „ამორალური” მოთამაშე ამ მეთოდითაც დასაჯა. მსოფლიო ჩემპიონატზე ტერი უფრო ტურისტად ჩავიდა, ვიდრე ნაკრების ერთ-ერთ ლიდერად.
კაპელო ნაკრების კანდიდატების სიიდან აგდებს ტოტენჰემის ფორვარდს პიტერ კრაუჩს. ტაბლოიდები ავრცელებენ ინფორმაციას და მთელ ფოტოსესიას, სადაც მოთამაშე ესპანელ მეძავ მონიკა მინტთან ერთად ბედნიერია და გვერდით მონიკას სამი დაქალიც იმყოფება. კრაუჩმა ერთ-ერთი თოქ-შოუს პირდაპირ ეთერში ბოდიში მოიხადა, ატირდა, მერე ბოდიში თავის ცოლს, პოპულარულ ფოტომოდელ ები კლენსის მოუხადა და სტუდიიდან გავიდა. კრაუჩი ნაკრებში დააბრუნეს.
მსოფლიო ჩემპიონატამდე ეშლი კოული მიდის კაპელოსთან და პირდაპირ ეუბნება, ტურნირზე ვერ მოვდივარ, ცოლთან პრობლემები მაქვს და მირჩევნია, პირადული ამბები მოვაგვარო და ნაკრებს სხვა ტურნირებზე გავყვეო. ფაბიო შეხვდა ეშლის მეუღლეს, დიდ ბრიტანეთში ზედიზედ ორჯერ ყველაზე სექსუალურ ქალად დასახელებულ შერილ კოულს და იტალიურად, ოჯახურ სიწმინდეებზე საუბრით მოაგვარა ყველაფერი. უკვე მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას ქვეყნდება შერილ კოულის ინტერვიუ, რომელშიც იგი ეშლისთან განქორწინებაზე საუბრობს. ელექტრონული ფოსტით ეშლის მისდის რამდენიმე ფოტო, სადაც მისი ქმარი გერმანელ მეძავებთან ერთად ერთობა. მანამდე ეშლიმ ამერიკაში, ჩელსის ტურნეს დროს იცელქა, თუმცა კაპელომ პირველი სკანდალი მოაგვარა, მეორეჯერ კი იტალიელი ოფსაიდში იყო. არ იცოდა არაფერი და იმიტომ.
უკვე მსოფლიო ჩემპიონატის დროს ტერიმ რამდენიმე უადგილო, მისი აზრით, სკანდალური განცხადება გააკეთა. მერე კაპელოს ბოდიში მოუხადა. ინგლისის პირველივე მატჩის შემდეგ კი ბრიფინგის ოთახის შესასვლელთან ხელი არ ჩამოართვა კაპელოს და ნაკრების ახალ კაპიტანს, სტივენ ჯერარდს.
ამერიკასთან რუნი მოედანზე იყო და თან – არ ყოფილა. ტერიმ ექვსჯერ მიიღო ბურთი და ოთხი არაზუსტი პასი გააკეთა. კრაუჩი მოედანზე 79-ე წუთზე შევიდა და ბურთი ერთხელ მიიღო, ბოლო წუთზე კი ცენტრში დაუშვა შეცდომა და ამერიკელებმა კინაღამ მეორე გოლი გაიტანეს. ეშლი კოულმა ნორმალურად ითამაშა. ალჟირთან კრაუჩი მოედანზე ბოლო 6 წუთი იდგა, კაპელოსგან საყვედური უინიციატივო და უგულო თამაშისთვის მიიღო და სლოვენიასთან საერთოდ არ შესულა მოედანზე. რუნი ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩში სასტარტოში იდგა და 252 წუთში ერთადერთი საგოლე მომენტი ჰქონდა. ისიც, დამატებაზე, ფრენკ ლამპარდის დარტყმის შემდეგ, სლოვენიასთან 5 მეტრიდან რომ ვერ გაიტანა.
კაპელომ გააკეთა ის, რასაც ყოველთვის და ყველგან აკეთებდა. ფაბიო არ უყვარდათ მილანში, რომაში, რეალში, იუვენტუსში და ფაბიო ყველგან ჩემპიონი ხდებოდა. კაპელო არ არის დესპოტი, მაგრამ ყველაზე დიდი მორალისტია, რასაც იდეალური შედეგი მოაქვს. უბრალოდ, ვერ გაითვალისწინა, რომ თუ რომაში ფრანჩესკო ტოტის შეკრებიდან გაუშვებდა, სიტუაციის გამოსასწორებლად 6-7 თვე ჰქონდა, ნაკრებში კი მას წესრიგის დასამყარებლად დრო არ ეყო.
და დრო არ ეყოთ ინგლისის ნაკრების ლიდერებს იმის დასამტკიცებლად, რომ ნაკრებში თამაში მათთვის მნიშვნელოვანი იყო. ბოლო ორი სეზონი, ინგლისის ნაკრების ყველაზე პატრიოტი ინგლისელი ფაბიო კაპელო იყო. უშედეგო, ნაწყენი, ყოველთვის უკმაყოფილო, მაგრამ მაინც ყველაზე მაგარი ინგლისელი.

კომენტარები