ოკუპანტი ანაფორაში

კირილი
რუსეთის პატრიარქმა კირილმა სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ პრეზიდენტ ედუარდ კოკოითის „დამოუკიდებლობის 20 წლისთავთან დაკავშირებით” მილოცვა გაუგზავნა. ამ ფაქტს საქართველოს პატრიარქი ილია მეორე გამოეხმაურა და მილოცვის ფაქტს „მეტად სამწუხარო” და „სრულიად გაუგებარი” უწოდა. 
კირილის წერილში, რომელიც რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა, ვკითხულობთ: „ბოლო წლების განმავლობაში (სამხრეთ ოსეთის) ხელისუფლებასა და მოსახლეობას სახელმწიფოს მშენებლობის, სოციალური და ეკონომიკური განვითარების რთული გზის გავლა მოუწია”. რუსეთის პატრიარქი ხაზს უსვამს რუსეთ-სამხრეთ ოსეთის ურთიერთობების მნიშვნელობასაც, „რომელიც მიმართულია რეგიონში სტაბილურობისა და ქვეყნების ხალხებს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის გაძლიერებისაკენ”.
საპასუხო წერილში კათალიკოსი ილია მეორე წუხილს გამოთქვამს, რომ კირილი ძალადობრივად არსებულ მარიონეტულ რეჟიმს უჭერს მხარს და უკანონოდ გამოცხადებულ დამოუკიდებლობას აღიარებს. „ვფიქრობ, ეკლესია არ უნდა აჰყვეს პოლიტიკოსებსა და პოლიტიკურ პროცესებს. გამოვთქვამთ იმედს, რომ თქვენ მომავალში კვლავ სამართლიანობის მხარეს დადგებით”, – წერს ის.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსეთის პატრიარქი საოკუპაციო რეჟიმის ლიდერებს მხარს უჭერს. ჯერ კიდევ 2009 წელს სერგეი ბაღაფშისთვის გაგზავნილ წერილში კირილი მას აფხაზეთის პრეზიდენტად მოიხსენიებდა. რუსეთის პირველიერარქს თბილი მიმოწერა აქამდეც ჰქონდა ედუარდ კოკოითისთან.
ის, რომ რუსები ყოველთვის ცდილობდნენ ერთმორწმუნეობა ორი ქვეყნის ერთიანობის სიმბოლოდ წარმოეჩინათ, საიდუმლო არავისთვისაა. აგვისტოს ომის შემდგომაც რუსეთისა და საქართველოს ეკლესიები კვლავ ინარჩუნებდნენ კარგ ურთიერთობას. საქართველოს დელეგაცია რამდენჯერმე ესტუმრა რუსეთს, სადაც არწმუნებდნენ, რომ, მიუხედავად არსებული პოლიტიკური დაძაბულობისა, რუსეთის ეკლესია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საზღვრების ურღვეობას აღიარებდა. თავის მხრივ, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები უკვე მრევლს ეუბნებოდნენ, რომ ორი მოძმე ეკლესიის დიალოგი ქვეყნებისთვის მშვიდობის მომტანი იქნებოდა.
ერთი წლის წინ, როდესაც აფხაზი მღვდლები საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გამოეყვნენ, რუსეთის საპატრიარქომ ოფიციალურად საქართველოს ეკლესიის მთლიანობას დაუჭირა მხარი. თავის მხრივ, რუსები საქართველოს ეკლესიის თანადგომას იღებდნენ ისეთ საკითხებში, როგორიცაა უკრაინისა და ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესიები და მათი ქონება. უკრაინასა და ესტონეთში დღემდე იბრძვიან დამოუკიდებლობისათვის რუსეთის ეკლესიისგან. ომის შემდგომაც, 2008 წლის ოქტომბერში, სტამბოლში გამართულ მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენელთა შეხვედრაზე საქართველოს ეკლესიამ ამ საკითხში კვლავ რუსეთის ეკლესიას დაუჭირა მხარი.
თუმცა, ერთია რუსეთის საპატრიარქოს დეკლარირებული პოზიცია და მეორე – რეალობა. გარდა მარიონეტული რეჟიმის ლიდერების ცნობისა, ისინი საკუთარ გავლენებს იმყარებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია აფხაზეთში, სადაც სასულიერო პირების უმრავლესობა რუსია და რუსეთის ეკლესიის ეპარქიებშია ნაკურთხი. კრემლთან ახლო ურთიერთობა აქვს „აფხაზეთის ეკლესიის მეთაურ” ბესარიონ აფლიაას. აფხაზეთში მცხოვრები სასულიერო პირები, ფაქტობრივად, მაიკოპისა და ადიღეს ეპარქიას ემორჩილებიან.
შედარებით რთული ვითარებაა სამხრეთ ოსეთში, სადაც 2005 წელს ვინმე ალექსანდრე ფუხაევმა „ალანიის ეპარქია” დააარსა, რომელიც არა რუსულ, არამედ ბერძნულ მეძველსტილე ეკლესიას დაექვემდებარა. თუმცა, ომის შემდგომ ფუხაევი იძულებული გახადეს, ოკუპირებული ტერიტორია დაეტოვებინა. რუსები სამხრეთ ოსეთშიც მონდომებულად იკიდებენ ფეხს.
რუსული ეკლესია ეძებს მექანიზმებს, რომ საქართველოს ეკლესიასთან სქიზმა აირიდოს და, ამავე დროს, კრემლის პოლიტიკას უერთგულოს. მაგალითად, დიაკონი ანდრეი კურაევი, მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორი, ინტერფაქსთან ინტერვიუში ამბობს, რომ არსებული პრობლემების მოგვარება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ეპარქიების რუსეთის ეკლესიისთვის დროებით მმართველობაში გადაცემით შეიძლება. იმისთვის, რომ საერთო მართლმადიდებლური კანონები არ დაირღვეს, კურაევის თქმით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის თანხმობაა საჭირო.
ამერიკის ხმის ქართული ბიუროს ცნობით, კომპრომისსა და ერთგვარ გარდამავალ მოდელზე საუბრობს თავად პატრიარქი კირილიც: „ ... რა ვუყოთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ხალხების სულიერ მოთხოვნილებებს?! ... ორივე ეკლესია გაგებით უნდა მოეკიდოს იმ სინამდვილეს, რომ კანონიკური წესების მკაცრი დაცვა ამ ტერიტორიების მიმართ შეუძლებელია, სწორედ ამიტომ არის საჭირო კომპრომისი და ერთგვარი გარდამავალი მოდელი”.
საქართველოს საპატრიარქოს ამ საკითხში მკვეთრი პოზიცია აქვს. მსგავსი მოლაპარაკება, როგორც ჩანს, შეუძლებელი იქნება.

კომენტარები