სამუდამოდ არლეკინი

4-5 ოქტომბერს თბილისის მეორე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში მარჯანიშვილის თეატრმა მილანის პიკოლო თეატრის წარმოდგენას, “არლეკინი, ორი ბატონის მსახური” უმასპინძლა.
სპექტაკლი პირველად 1947 წელს ჯორჯო სტრელერმა დადგა. დადგმამ მალევე მოიპოვა აღიარება ჯერ იტალიის, შემდეგ მსოფლიო მასშტაბით და სასიხარულოა, რომ “არლეკინი” თბილისშიც მოხვდა, რაც მთავარია, ფერუჩო სოლერის შესრულებით. სოლერი მეორე თაობის არლეკინია – მარჩელო მორეტის დუბლიორობით დაიწყო. თავად მსახიობი უკვე 82 წლის არის, არლეკინი კი ჯიუტად უძლებს დროს. ფერუჩო სოლერი 2010 წლის 9 თებერვალს 32 ქვეყნის სცენაზე 2064-ჯერ ნათამაშები არლეკინის როლისთვის გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. ასე რომ, გადაჭარბებული არ არის მსახიობის სიტყვები: “არლეკინი ჩემი ცხოვრებაა”.
არლეკინი იტალიელი მაწანწალაა, რომელსაც გმირები სხვადასხვანაირად ახასიათებენ – თაღლითი, გიჟი, ჭკუამხიარული... სინამდვილეში კი არავინ იცის, ვინ არის არლეკინი. არლეკინს ყველაზე პრიმიტიული ინსტინქტი – შიმშილი მართავს. სასიყვარულო ინტრიგების, ფულზე გაცვლილი გრძნობებისა და სასოწარკვეთილ მიჯნურთა განცდების ფონზე მისი ოცნება გემრიელ სადილზე, ღიმილის მომგვრელია. არლეკინი ბოლო-ბოლო ნაყრდება, გულის სწორსაც იპოვის, მაგრამ კათარზისისთვის ეს საკმარისი არ არის.
კომედია დელ’არტეს ტრადიციებში გაკეთებულმა დადგმამ პირველივე სცენიდან დაიპყრო მაყურებელი. ნიღბებს მიღმა დამალული მსახიობების უშუალობა, სადა დეკორაცია და ალაგ-ალაგ ჩართული ქართული ფრაზები მთელ სპექტაკლს ერთგვარ დიალოგის ფორმატს აძლევდა. დელ’არტეს ესთეტიკას ეპიზოდებში ორგანულად ეხამებოდა ოპერეტის და ბალაგანის ესთეტიკა. რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ რეჟისორი ამ ხერხით ცდილობდა ირონიული დამოკიდებულების ჩვენებას კლასიკური კომედია დელ’არტესადმი. დრამატულად გამართული პიესა პირველ სამ მოქმედებაში მათემატიკური სიზუსტით ცვლიდა განწყობას დარბაზში. დაბნეულობიდან სიცილამდე, სიცილიდან სევდიან ღიმილამდე.
მეოთხე, ყველაზე ეფექტურ მოქმედებაში არლეკინის თაღლითობა გროტესკამდე მივიდა, მაგრამ გროტესკი მოულოდნელად პიროვნულმა დრამამ შეცვალა – ორი ბატონის მსახური სულ მარტო დარჩა. სცენა ჩაბნელდა. დეკორაცია გაქრა. სუსხიანი სიცარიელიდან არლეკინის ნიღაბი იცქირებოდა, რომელმაც უკლებლივ ყველას მარადიული ერთგულება შემოგვფიცა და დადუმდა. მთელი სპექტაკლი აღმოჩნდა ფარსი, რომლის მიზანი მაყურებლის გულებისკენ გზის პოვნა იყო.
დარბაზი ოვაციისგან ინგრეოდა – მაყურებელმა დაიჯერა არლეკინის ფიცი. არლეკინი მარტო აღარ იყო, მან თითოეული მაყურებლის გულში თავისი წილი ადგილი მოიპოვა.
 

 

კომენტარები