დავა კუნძულების გარშემო გამწვავდა

მოსკოვსა და ტოკიოს შორის ახალი დიპლომატიური სკანდალია. უკვე ცხადია, რომ კურილიის სადავო კუნძულების პრობლემა მოგვარებისგან ჯერ კიდევ შორსაა. ორივე მხარის მწვავე განცხადებებმა ტერიტორიული დავის თაობაზე მოლაპარაკებების პერსპექტივა ეჭვქვეშ დააყენა.
იაპონიის “ოკინავასა და ჩრდილოეთ ტერიტორიების” საკითხთა მინისტრმა სუმიო მაბუტომ 3 ოქტომბერს კურილიის კუნძულების “ინსპექტირება” მოაწყო. პოლიტიკოსი ამჯერად იაპონური ნაპირიდან რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიის ვიზუალური დათვალიერებით შემოიფარგლა.
ამ დემონსტრაციულ ნაბიჯს წინ მოსკოვისა და ტოკიოს მწვავე განცხადებები უძღოდა. ყველაფერს სათავე კი დმიტრი მედვედევის გეგმებმა დაუდო. ჩინეთში ვიზიტის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი სამხრეთ კურილიის კუნძულების მონახულებასაც გაგმავდა. ეს ამ რეგიონში სახელმწიფოს მეთაურის პირველი ვიზიტი უნდა გამხდარიყო.
მედვედევის მოგზაურობის მარშრუტმა ოფიციალური ტოკიო გააღიზიანა. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ნაოტო კანმა რუსეთის პრეზიდენტის გასაგონად განაცხადა, რომ მათი პოზიცია არ შეცვლილა. იაპონია სამხრეთ კურილიის კუნძულებს კვლავაც საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა სეიძი მაეხარამ კი ტოკიოს შეშფოთების შესახებ რუსეთის ელჩს განუცხადა. მისი თქმით, მედვედევის ვიზიტი “ორმხრივი ურთიერთობებისთვის სერიოზული დარტყმა იქნება”.
საბოლოოდ, მედვედევმა კურილიის კუნძულებზე ჩასვლა გადადო. მან გადაწყვეტილება არა მეზობელი ქვეყნის ზეწოლით, არამედ ცუდი ამინდით ახსნა. მიუხედავად დაძაბულობის მოხსნისა, რუსეთის საგარეო უწყებამ ტოკიოს მკაცრი პასუხი მაინც გასცა. ოფიციალური მოსკოვის განმარტებით, პრეზიდენტი ვიზიტების მარშრუტებს საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე თავად ადგენს, კურილიის კუნძულები კი რუსეთის შემადგენლობაშია.
იაპონია პრეტენზიას კურილიის ოთხ კუნძულზე – იტურუპზე, კუნაშირზე, შიკოტანსა და ხაბომაიზე აცხადებს. ისინი საბჭოთა კავშირმა მეორე მსოფლიო ომის დროს დაიკავა. ტერიტორიული დავის გამო ორ ქვეყანას სამშვიდობო ხელშეკრულებაზე დღემდე ხელი არ მოუწერია. მოლაპარაკებებს კუნძულების თაობაზე მოსკოვი და ტოკიო წლების განმავლობაში უშედეგოდ აწარმოებენ. ამ საკითხის გამო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ბოლო წლებში არაერთხელ გამწვავებულა, განსაკუთრებით იაპონიის ოფიციალური პირების მიერ სიტყვა “ოკუპაციის” ხსენების გამო.
თუმცა, უკანასკნელი დაძაბულობა ძველი დავის რიგითი გამოვლინება არ ყოფილა. იაპონელი ექსპერტების აზრით, რუსეთის პრეზიდენტმა აქამდე არსებული სტატუს კვოს დარღვევა გადაწყვიტა. მის არც ერთ წინამორბედს სადავო ტერიტორია პირადად არ მოუნახულებია. განსაკუთრებით შემაშფოთებელი ტოკიოსთვის ამ გეგმის ჩინეთიდან გახმოვანება გახდა. პეკინი თვითონაც ცდილობს იაპონიაზე ზეწოლის გაძლიერებას სადავო სენკაკუს კუნძულების გამო. ტერიტორიების საკითხი იაპონიის მთავრობისთვის ძალიან მწვავედ დადგა, რაც მას პრინციპული პოზიციის დაკავებას აიძულებს.

კომენტარები