მოსაწყენი მილანი

მარნი
 მილანის მოდის კვირეულმა გაზაფხული-ზაფხული 2010, როგორც მოსალოდნელი იყო, დიდი აღმოჩენების გარეშე ჩაიარა. კრიტიკოსები, პრიალა ჟურნალების სტილისტები და გემოვნების სადარაჯოზე მდგომი მოდის გუშაგები, მილანისა და იტალიისაგან არა ღრმად ინტელექტუალურ მოდას, არამედ მაღალი ხარისხის კომერციულ კოლექციებს ელოდებიან. მოდის სახლებიც არ აყოვნებენ და აუცილებელ პირობებს ასრულებენ – ეტრო კვლავ ტექსტილისადმი დიდი ყურადღებით გამოირჩევა, მისონი, როგორც ყოველთვის, დატეხილი ხაზების ორნამენტით მანიპულირებს, ჯორჯიო არმანი კი თავის ნამუშევრებში თანამედროვე კლასიკის იდეას დიდი ენთუზიაზმით და კიდევ ერთხელ აცოცხლებს.
მიუჩია პრადას უნარი, ყოველთვის იყოს წინა კოლექციისაგან რადიკალურად განსხვავებული, მის კომერციულ და შემოქმედებით წარმატებაზე მეტყველებს. ამჯერად მან კუბური ცეკვის თემატიკა, ჯაზი და გადატვირთული ორნამენტი, მინიმალისტურ მკაცრ თარგთან გააერთიანა. ინტენსიური, სინთეტიკური ფერები, პლასტიკის ბანანები, ზოლები და მიმზიდველი აქსესუარები ამ კოლექციის კომერციული წარმატების გარანტია. უკვე ნათელია, რომ მომავალ ზაფხულში მისი ჩანთები, ბეწვის აქსესუარები და სათვალეები არაერთ მიმდევარს გაიჩენს.
მარნი შედარებით ახალი კომპანიაა, რომელიც 1994 წელს დაარსდა. ბრენდის არსებობის ხანმოკლე ისტორიის მანძილზე კოლექციებს მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი, კონსუელო კასტილიანო აკეთებს. მისი ესთეტიკა ულტრათანამედროვე, მაგრამ ურბანული რომანტიზმით გაჯერებული ჭრელი სამყაროა. მომავალი გაზაფხულისთვის მარნი სპორტულ ტანისამოსს, პერფორირებულ ტყავს და ტროპიკულ ორნამენტს, ახალი ტექნოლოგიებით დამუშავებულ ქსოვილებს უკავშირებს და ქმნის მარტივ, მაგრამ მიმზიდველ სამოსს.
ტომას მაიერი ბოტეგა ვენეტას მზარდი წარმატების ავტორია. ეს მოდის სახლი კი სულ უფრო მეტ მიმდევარს იჩენს. ადრე ტყავის აქსესუარების შექმნით განთქმული კომპანია დღეს ჩანთების მიღმა მაღალი კლასის ტანისამოსსაც ყიდის. მომავალ გაზაფხულზე ბოტეგა ვენეტა ძირითადად დღის კომფორტულ ტანისამოსს, კაბებს, ლაბადებს და მაქსიმალური სიგრძის მსუბუქ საღამოს კაბებს წარმოადგენს.
ჯილ სანდერი მინიმალიზმის, ინტელექტუალური კონცეფციების და ურბანული ესთეტიკის ნათელი მაგალითია, მოდის სახლს რაფ სიმონსი ხელმძღვანელობს და არჩეულ ხაზს არასდროს ღალატობს. მან ოტ კუტიურით ინსპირირებული ცივი, მაგრამ პოეტური კოლექცია აჩვენა: გრძელი კაბები, თანამედროვე ხელოვნებისათვის დამახასიათებელი მძაფრი ინტენსიური პალიტრა და მოცულობითი დეტალები, უბრალო განიერ სილუეტს დაუპირისპირა და შექმნა ელეგანტური თანამედროვე ტანისამოსი.

კომენტარები