ემბარგო, რომელიც არ არის

მიუხედავად ისრაელისა და აშშ-ის წინააღმდეგობისა, რუსეთი სირიას ხომალდების საწინააღმდეგო რაკეტებს მიჰყიდის. რუსეთის თავდაცვის მინისტრი ანატოლი სერდიუკოვი სექტემბრის მეორე ნახევარში აშშ-ს სტუმრობდა. მან განაცხადა, რომ მოსკოვი სირიასთან 2007 წელს დადებულ შეთანხმებას იარაღის მიწოდების შესახებ აუცილებლად შეასრულებს. ამასთან, სერდიუკოვმა კიდევ ერთხელ დასდო ბრალი აშშ-სა და ისრაელს საქართველოს შეიარაღებაში.
ამ ფუჭი ბრალდებით რუსული მხარე მომავალში მსგავს შესაძლებლობაზე ვეტოს დადებას ცდილობს. ის მიანიშნებს, რომ საქართველოსთვის სამხედრო დახმარების მიწოდება გავლენას მოახდენს რუსულამერიკულ თანამშრომლობაზე აშშ-სთვის მნიშვნელოვან საკითხებში. თავად კი საკუთარ მეგობრებს აწვდის იარაღს და პოზიციებს იმაგრებს. ეს გადაწყვეტილებაც – სირიისთვის იარაღის მიყიდვის შესახებ – იმ შანტაჟის პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც აშშ-ს და მის ორ მოკავშირეს – ისრაელს და საქართველოს აზარალებს.
მაგალითად, მან აგვისტოს ომამდე ისრაელი აიძულა, საქართველოსთვის უპილოტო საფრენი აპარატები არ მიეყიდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ირანისა და ჰეზბოლასთვის იარაღის მიწოდებით დაემუქრა. ისრაელი იძულებული გახდა, შანტაჟს დაჰყოლოდა. რუსეთი კი მალე საქართველოში შეიჭრა.
სირიისთვის იარაღის მიწოდებით რუსეთი რეგიონში ძალთა ბალანსს აშკარად არღვევს. ისრაელი შიშობს, რომ ამ ქვეყნიდან იარაღი ლიბანში დაბანაკებული ტერორისტული ორგანიზაციის, ჰეზბოლას, ხელში აღმოჩნდება. საქართველო კი ორი წელია, ფაქტობრივად, ვეღარ ყიდულობს თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობას. ამის მიზეზი, როგორც Jane’s Defence Weekly იტყობინებოდა ივნისის ბოლოს, ერთი მხრივ, აშშ-ის პოლიტიკაა და, მეორე მხრივ, რუსეთის ზეწოლა. JDW იმ ამერიკული და ებრაული კომპანიების ინფორმაციას დაეყრდნო, რომლებიც სამხედრო აღჭურვილობას ყიდიან.
ამერიკულმა ლობისტურმა კომპანიამ Orion Strategies-მა კი EurasiaNet.org-ს ოთხი მაგალითი მიაწოდა. მათი მიხედვით, ამერიკულმა კომპანიებმა საქართველოს იარაღის მიყიდვაზე უარი უთხრეს. მათგან ორმა კომენტარი არ გააკეთა, ხოლო დანარჩენმა ორმა სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან მიყიდვის დაბლოკვა უარყო.
რუსეთი ზეწოლას სხვა ქვეყნებზეც ახდენს. სტოკჰოლმის მშვიდობის საერთაშორისო კვლევის ინსტიტუტის 2010 წლის მოხსენების თანახმად, ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველომ შეიარაღება მხოლოდ თურქეთისა და უკრაინისაგან შეიძინა – ჯავშანტრანსპორტიორები და ტანკები.
ამ თემაზე ღიად ჩივილს საქართველოს მთავრობა ყოველთვის ერიდებოდა. ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონმა ამა წლის ზაფხულში განაცხადა, რომ მათ საქართველოსთვის იარაღის ემბარგო არ დაუწესებიათ. აშშ-ს, ბოლო 2 წელია, საქართველოს არც ერთი შეკვეთა არ შეუსრულებია იარაღის მიწოდების შესახებ. ამის თაობაზე გორდონმა განაცხადა, რომ ომის შემდგომ ისინი დაძაბულობის შემცირებას ცდილობენ. მისი სიტყვებით, სამხედრო გზით პრობლემა ვერ გადაწყდება და საჭიროა, საქართველო სხვა თვალსაზრისით განვითარდეს. ის უნდა იქცეს მტკიცე დემოკრატიად და წარმატებულ ქვეყნად. თავდაცვის მდივანმა რობერტ გეითსმა კი რუსულ მედიას განუცხადა, რომ ისინი საქართველოს მხოლოდ იმ საშუალებებით ამარაგებენ, რომელიც მათ ავღანეთში საომრად სჭირდებათ. თუმცა, ამერიკული პოლიტიკა ავღანეთში მოქმედი ქართული შენაერთებისთვის განკუთვნილ ავტომატ M-4-სა და ჰამერებზეც ვრცელდება. საქართველოსთვის კალაშნიკოვის ნაცვლად M-4-ის არჩევა მხოლოდ იდეოლოგიური პრეფერენციებით არ არის განპირობებული. ვინაიდან ის ნატოს წევრობას ესწრაფვის, ეს იარაღი მისი წევრი ქვეყნების შეიარაღებასთან თავსებადობისთვის სჭირდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა ქართული ძალები ამ შენაერთების გვერდით იბრძვიან. თავის დროზე ნატოს ახალმა წევრებმაც უარი თქვეს რუსულ ნაწარმზე და დასავლურ შეიარაღებაზე გადავიდნენ.
საქართველო ისეთ საშუალებებს ითხოვს და საჭიროებს, რაც მისი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზეა გათვლილი. ასეთია მაგალითად დიდ რადიუსიანი რადარები, ტანკსაწინააღმდეგო და თანამედროვე საკომუნიკაციო სისტემები. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჟურნალ Newsweek-თან ინტერვიუში განაცხადა: „საქართველო თუ დაუცველი იქნება, ეს სიტუაციას ხელს არ შეუწყობს. მას არ შეუძლია რუსეთს შეუტიოს, მაშინ როდესაც დაუცველი საქართველო სერიოზული ცდუნებაა რუსეთისთვის... უსაფრთხოების სფეროში არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შეერთებული შტატები თავდაცვითი შეიარაღების პოტენციალის თვალსაზრისით დაგვეხმარება”.
ამერიკელებმა რამდენჯერმე მიანიშნეს, რომ საქართველოს, პირველ რიგში, ჩამოყალიბებული სამხედრო დოქტრინა და ოფიცერთა კვალიფიციური კორპუსი სჭირდება. ეს იმისთვის, რომ აღჭურვილობა – იქნება ეს ტანკსაწინააღმდეგო, თუ საჰაერო თავდაცვის – სათანადოდ გამოიყენოს. თუმცა, ერთი რამ ცხადია – სამხედრო დოქტრინის გასავითარებლად ზუსტად უნდა იცოდე, რა შეიარაღება გაქვს, ან როგორი მომზადებული სამხედროები გყავს. იმისთვის კი, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები თანამედროვე და კარგად მომზადებული, სამხედრო დოქტრინა კი დახვეწილი იყოს, საქართველოს, შეერთებული შტატების მხრიდან მეტი დახმარება სჭირდება. ვთქვათ – ქართველების რაოდენობის გაზრდა ამერიკულ სამხედრო სასწავლებლებში. იქ ისინი თანამედროვე მეთოდებით გაიწვრთნებიან.
„ეს [სამხედრო დახმარება] არ უნდა აღვიქვათ ისე, თითქოს აშშ საქართველოს მწვანე შუქს უნთებს სეპარატისტული რეგიონების წინააღმდეგ ძალის გამოსაყენებლად. საქართველო ყოველთვის ნაკლებად ძლიერი იქნება, ვიდრე რუსეთი, თუმცა ეს არაა მიზეზი იმისათვის, რომ ის დაუცველად დავტოვოთ რუსეთის შემოჭრიდან ორი წლის თავზე”, – წერს სენატორი ჯონ მაკკეინი Washington post-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.
საქართველო ავღანეთის ოპერაციაში ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით ნომერ პირველი კონტრიბუტორია. ქვეყანა აქამდეც მონაწილეობდა საერთაშორისო ოპერაციებში. მან ნატოს ძალებს თავის ტერიტორიაზე ტვირთის გადასაზიდად გზა გაუხსნა. საქართველო არის ქვეყანა, რომლის უსაფრთხოებაც ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-ის მოკავშირე ევროპული ქვეყნების ენერგოუსაფრთხოებისთვის. ამ ყველაფრის ფონზე მისთვის თავდაცვის საშუალებების შეზღუდვა, ჯეიმსთაუნის ფონდის ანალიტიკოსის ვლადიმირ სოკორის აზრით, რბილად რომ ვთქვათ, არასწორია. საქართველოსთვის ამერიკის სამხედრო დახმარებას ის შემდეგნაირად ახასიათებს – არც ჰო, არც არა, შესაძლოა ოდესმე.
გადატვირთვის პოლიტიკის რუსული ინტერპრეტაციით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პატივი უნდა სცეს კრემლის ინტერესებს პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან მიმართებაში. საქართველო კი, რომელიც ყველაზე მეტად დასცილდა საბჭოურ ღირებულებებს და ცხოვრების წესს – ამავე დროს აშშ-ის ახლო მოკავშირეა. ეს ყველაზე კარგი სადემონსტრაციო მაგალითი იქნება რუსეთისთვის. სწორედ ამიტომ, სოკორი საქართველოს საკითხს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ტესტს უწოდებს. მისი აზრით, რუსეთი ცდილობს, არა მხოლოდ მისი ინტერესის სფეროში მოხვედრილი ქვეყნის ნატოში მიღებას დაადოს ვეტო. ის დაინტერესებულია ამ ქვეყნებსა და ვაშინგტონს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესუსტებითაც. კრემლს სურს, რომ ამერიკამ რეგიონული უსაფრთხოების აქტორის როლი დაკარგოს. ამ ადგილის დაკავებასაც, ცხადია, თავად ესწრაფვის.
 

 

 

კომენტარები