Tbilisi Altervision newcomers 2

Tbilisi/Altervision/newcomers წელს მეორედ ტარდება. შარშან მასში სამოცამდე ახალბედა ბენდი მონაწილეობდა. ამჯერად კი მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა გაორმაგდა. გრანდიოზული კონცერტი უკვე ტრადიციად დამკვიდრდა. ის წელსაც 30 ოქტომბერს, სპორტის სასახლეში ჩატარდება და მისი სპეციალური სტუმარი DJ ტომ ნოვი იქნება. ტაბულა გთავაზობთ ინტერვიუს ირაკლი ნადარეიშვილთან, Altervision ჯგუფის გენერალურ პროდიუსერთან.

Tbilisi/Altervision/newcomers, როგორ დაიბადა ეს იდეა და რა არის პროექტის მიზანი?

საქართველოში შოუბიზნესი ბიზნესის სახით არ არსებობს და, აქედან გამომდინარე, მუსიკოსებს პრობლემები აქვთ. ჩვენ გადავწყვიტეთ, ხელი შევუწყოთ მათ, რათა შექმნან პროდუქცია და მიიღონ შესაბამისი ანაზღაურება.
გასათვალისწინებელია, რომ ხდება ისეთი მუსიკის პოპულარიზაცია, რომელსაც საქართველოს ფარგლებს გარეთ არავინ უსმენს და, შესაბამისად, პოპულარული არ არის. არადა დარწმუნებული ვარ, რომ ქართულ ჯგუფებს შეუძლიათ საზღვარგარეთ წარმატების მიღწევა, უბრალოდ, სწორი და ბევრი მუშაობაა საჭირო. შეიძლება ისინი სუპერვარსკვლავები ვერ გახდნენ, მაგრამ აღმოჩნდნენ ამ ბიზნესის საშუალო ან თუნდაც მაღალ ფენაში. ამისათვის მათ უნდა გაიზიარონ ის მიმდინარეობა და ის მოცემულობა, რაც ევროპასა და ამერიკაში არსებობს. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი.
ჯგუფები, რომლებსაც ჩვენ ვარჩევთ, ნამდვილ „ფროდაქშენში” ხვდებიან, ზუსტად ისეთში, როგორიც ლონდონში, მანჩესტერში, მარსელში, პარიზში ან სხვაგანაა. უბრალოდ, ამ შემთხვევაში, ეს საქართველოში ხდება. ჩვენ მიერ შერჩეული მუსიკოსები ლონდონში ან მანჩესტერში რომ დაბადებულიყვნენ, დიდი შანსია, დღეს ყოფილიყვნენ იმათ ადგილას, ვის მუსიკასაც ძალიან ბევრი ქართველი უსმენს.

შარშან შერჩეული 12 ჯგუფი დღეს ქმნის რამეს?

12 შერჩეული ბენდიდან მხოლოდ ერთი დაიშალა. ეს არ მომხდარა ჩვენი მიზეზით, მათ ჩამოაყალიბეს ორი ბენდი და წელს შესარჩევ კონკურსში ორივე მონაწილეობს.
ჩვენ ყველა ჯგუფს ვუღებთ ვიდეორგოლებს, გამოგვყავს სცენაზე, მათ მუსიკას ატრიალებს რადიო, შესაბამისად იზრდება მათი ცნობადობა. ვიდეოებს და მუსიკას ნახულობს და უსმენს სხვადასხვა უცხოური ლეიბლი და აკვირდება მსმენელთა რაოდენობას. როდესაც ლეიბლი იღებს შედეგს, ის ინტერესდება ბენდით და ამის შემდეგ იღებს მუსიკოსი რეზულტატს. მას უდებენ კონტრაქტს, იყიდება მისი ალბომი. შარშანდელი კონკურსანტებიდან ასეთი გახლავთ The Forest, მან მოახერხა თავისი მუსიკალური პროდუქციის ევროპაში გატანა.

რა შეიცვალა გასული წლის შემდეგ გარდა იმისა, რომ გაორმაგდა მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა?

მონაწილეები მიხვდნენ, რომ მათ ნამდვილად ეძლევათ საშუალება წარმოაჩინონ საკუთარი თავი. შარშან ერთმანეთს კონკურენტებად არ თვლიდნენ, წელს კი ცდილობენ შეეჯიბრონ და უფრო მომზადებულები მოდიან. რეალურად, საქართველოში არ ყოფილა ასეთი პრეცედენტი, მონაწილეებს ვერ წარმოედგინათ, რომ მათზე ათასობით საათს დახარჯავდნენ, იზრუნებდნენ ჩაცმულობაზე, მუსიკალური პროდიუსერები დიდი ხნით დაესწრებოდნენ მათ რეპეტიციებს და შეუსწორებდნენ შეცდომებს, ჩაუწერდნენ მუსიკას და ამაში არავინ არაფერს მოსთხოვდა. პირიქით, აქეთ გადაუხდიან ჰონორარს. აღსანიშნავია, რომ მათი ყველა გამოსვლა ანაზღაურებადია. 

 

კომენტარები