ნავიგაცია თანამედროვე ხელოვნების სივრცეში

ახალი გენერაციის არტისტებსა და საერთოდ თანამედროვე ქართულ ხელოვნებას ნამდვილად ესაჭიროება “ნავიგაცია თანამედროვე ხელოვნების სივრცეში”. სწორედ ამ დეფიციტის შესავსებად შეიქმნა თანამედროვე ხელოვნების ცენტრი – თბილისი, (CCA–T). მის ლოგოზე – გრაფიკულად გამოსახულ ქაღალდის თვითმფრინავსა და ცენტრის კონცეფციაზე ცენტრის დირექტორი ვატო წერეთელი ამბობს: “წარმოიდგინეთ ქვეყანა, რომელსაც აეროპორტი არ გააჩნია და სადაც თვითმფრინავი ვერ დაჯდება. სწორედ აეროპორტივით სჭირდება თბილისს თანამედროვე ხელოვნების ცენტრი, რაც გულისხმობს პროფესიონალურად გამართული გამოფენების მოწყობას, რისი ტრადიციაც დღესდღეობით არ გაგვაჩნია; ცნობილ დასავლურ სახელოვნებო ცენტრებთან თანამშრომლობას, სახელოვნებო განათლებასთან ინოვაციურ, თანამედროვე მიდგომას, უცხოელ და ქართველ კურატორთა თანამშრომლობას, საბჭოთა ცენზურისაგან წაშლილ მოდერნისტული ხელოვნების კვლევას და ა. შ...”
ქართულ არტწრეებში ამ შემოდგომაზე ინტერესით ელიან ამ ახალი სახელოვნებო სივრცის – CCA–T-ის ფუნქციონირების დაწყებას. Facebook-ისა და საკუთარი ვებგვერდის მეშვეობით ის გაზაფხულიდან მოყოლებული აქტიურად აწვდის მომხმარებელს ინფორმაციებს CCA-T-ის საინტერესო არტპროექტების შესახებ.
 თანამედროვე ხელოვნების ცენტრი – თბილისი, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ერთ ძველ შენობაში განთავსდა. შენობა თიბისი ბანკმა უსასყიდლოდ გადასცა ცენტრს და ამით კერძო სექტორისა და ხელოვნების ურთიერთდამოკიდებულების ცივილური პრეცედენტი შეიქმნა. ცენტრის ვებგვერდზე (http://www.cca.ge) ყოველდღიურად შეგიძლიათ მიადევნოთ თვალი ძველი შენობის ტრანსფორმაციას (სარემონტო სამუშაოები SDC-ის დახმარებით ხორციელდება). ნელ-ნელა გამოიკვეთა საზოგადოებრივი სივრცე გამოფენებისა და სხვადასხვა “ივენთებისთვის”, ადგილი ინფო-შოპისთვის, შიდა ეზო. რაც მთავარია, იქნება პროფესიონალური სივრცე ვიდეო, აუდიო, ფოტოგრაფიისა და ფერწერის სახელოსნოებისათვის.
“მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტები ითვისებენ დისციპლინასა და მისი სიღრმეების გადმოცემა შეუძლიათ, ჩემი აზრით, ამა თუ იმ პროექტის განხორციელებაში, მათ ხელს უშლით საბჭოთა მემკვიდრეობით გადმოცემული შემოქმედებითი შრომის კულტურის დეფიციტი. ამიტომ ჩვენთან დიდი ენერგია დაეთმობა პროექტის განხორციელების კულტურას, საკუთარი ენერგიის ორგანიზებას – ანუ პროექტის მენეჯმენტს”, – ამბობს ვატო წერეთელი.
ოქტომბრიდან აქ 9-თვიანი სამაგისტრო პროგრამის კურსები დაიწყებს ფუნქციონირებას: მოძრავი გამოსახულების (ვიდეოს) ისტორიისა და ტექნოლოგიის შესახებ ლექციებს ცნობილი არტისტები კოკა რამიშვილი და გიო სუმბაძე წაიკითხავენ. აუდიოხელოვნების კურსის ხელმძღვანელი DJ გიორგი ჟორჟოლიანია. ფოტოგრაფიასა და პროექტის განხორციელებას ურბანულ სივრცეზე – თავად ვატო წერეთელი გაუძღვება. ფერწერის სახელოსნო კი პირდაპირ მტკვარს გადაჰყურებს. აქ ფერწერის ტექნიკასა და პროექტის განხორციელების კულტურას, მაგისტრანტებს თანამედროვე მხატვრები – მიშა გოგრიჭიანი და კოტე სულაბერიძე შეასწავლიან.
რაც მთავარია, „ოფიციალური ბეჭედდასმული ქაღალდის ნაცვლად”, სტუდენტებს, კურსის დასრულების დროს, როგორც დიპლომი, დარჩებათ საკუთარი გამოფენის კატალოგი და მისი ციფრული ვერსია (DVD).
  შემოდგომიდან კი ცენტრში არტცხოვრება დაიწყო. პირველი გამოფენა სახელწოდებით “ჯანმრთელობა” 1 ოქტომბერს ექვსმა არტისტმა (ნინო სეხნიაშვილი, კოტე სულაბერიძე, გიო სუმბაძე, გეგი ხაბურძანია, მამუკა ჯაფარიძე) წარმოადგინა. კურატორი ვატო წერეთელი გახლავთ. ნოემბრამდე ექსპოზიციაზე შეგიძლიათ იხილოთ ავტორთა მიერ თემა “ჯანმრთელობის” ვიზუალიზაცია, შესრულებული სხვადასხვა მედიაში (ინსტალაცია, გრაფიკა, ფერწერა, ფოტოგრაფია). ასე რომ, ამიერიდან CCA –T-ის სივრცე განათლებასთან ერთად საინტერესო კონცეპტუალურ გამოფენებს დაეთმობა.
 

კომენტარები