არჩევნების ღმერთი დამარცხდა

 14 სექტემბერს იაპონიის პრემიერმა, ნაოტო კანმა მმართველი დემოკრატიული პარტიის ლიდერის არჩევნებში ყოფილი გენერალური მდივანი იჩირო ოძავა დაამარცხა. იაპონური პოლიტიკის რუხი კარდინალის გამოწვევა ხელისუფლებაში ყოფნის 3 თვის მანძილზე პრემიერ კანის ყველაზე სერიოზული გამოცდა იყო. დაძაბული ბრძოლის შემდეგ მმართველი პარტიის 206-მა დეპუტატმა მხარი პრემიერს დაუჭირა, ხოლო 200-მა – ყოფილ გენერალურ მდივანს. ვარაუდობენ, რომ პარტიის ერთიანობის შესანარჩუნებლად დამარცხებული ბანაკი მთავრობაში მნიშვნელოვან თანამდებობებს მიიღებს. 

კანი ხელისუფლებაში სენატის არჩევნებში მმართველი პარტიის მარცხის შედეგად მოვიდა. მაშინ მისი წინამორბედი იუკიო ჰატოიამა გადადგა. მასთან ერთად პარტიული თანამდებობის დატოვება მოუწია ოძავასაც. რამდენადაც დიდია ოძავას პოლიტიკური გავლენა, იმდენადვე დიდია საზოგადოებისგან მისი მიუღებლობა. გაზეთ იომიური შინბუნის გამოკითხვით, 5 კაციდან 4 ოძავას მიერ მნიშვნელოვანი თანამდებობის დაკავების წინააღმდეგია.
ოძავა პარლამენტის წევრი პირველად 1969 წელს გახდა. 80-იან წლებში იასუჰირო ნაკასონეს მთავრობაში შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. შემდეგ ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის გენერალური მდივანი გახდა. ლდპ-ს შიგნით ის რეფორმატორთა ერთ-ერთ ლიდერად ითვლებოდა. 1993 წელს, მან, სხვა რეფორმატორებთან ერთად, ლდპ-ში განხეთქილება მოახდინა, რის შედეგაც 55-წლიანი ერთპარტიული მმართველობის შემდეგ ეს პარტია 10 თვით ოპოზიციაში აღმოჩნდა. მას შემდეგ ოძავამ, რომელსაც უბადლო ორგანიზაციული ტალანტის გამო არჩევნების ღმერთს უწოდებდნენ, არაერთი გაერთიანება შექმნა. ამ ერთობათა მიზანი იაპონიის პოლიტიკაში ლდპ-ს დომინანტური პოზიციების შერყევა და კონკურენტული პარტიული გარემოს შექმნა უნდა ყოფილიყო. საბოლოოდ ასეთ ძალად 1998 წელს შექმნილი დემოკრატიული პარტია იქცა, რომელმაც 2009 წლის არჩევნებში ლდპ-ს დამარცხება შეძლო.
ბოლო 30 წლის განმავლობაში იაპონიის მშპ საშუალოდ მხოლოდ 0.55%-ით იზრდება. ნაოტო კანი ამ პერიოდის მანძილზე უკვე 22-ე პრემიერია, რომელიც ეკონომიკის ანემიიდან გამოყვანას ჯერჯერობით წარუმატებლად ცდილობს. შიდაპარტიული დაპირისპირების ფონზე ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან რადიკალური რეფორმების გატარება შეძლოს.

კომენტარები