სახელმძღვანელოები

სასკოლო სახელმძღვანელოები საბჭოთა დროს სახელმწიფოს მიერ იქმნებოდა. მათი უმეტესობა რუსეთში იწერებოდა და ქართულად ითარგმნებოდა. ჩვენთან სახელმძღვანელოების წარმოება 90-იანი წლებიდან დაიწყო. წინა საუკუნის ბოლოდან საგანში არსებული თითო სახელმძღვანელო შეიცვალა ორი ალტერნატიული სახელმძღვანელოთი, რომლიდანაც სკოლა ერთს ირჩევდა. ჩამოყალიბდა გამომცემლობები, რომლებიც საქართველოს სკოლებისთვის სახელმძღვანელოების განვითარებით, გამოცემით, ბეჭდვითა და გავრცელებით დაკავდა. განათლების სამინისტრო ანიჭებდა მათ გამოცემებს სახელმძღვანელოს სტატუსს (გრიფს). 2004 წლიდან სახელმწიფომ გააუქმა შეზღუდვა ალტერნატივების რაოდენობაზე. გრიფი ენიჭებოდა იმდენ სახელმძღვანელოს, რამდენსაც შეეძლო გრიფირების აუცილებელი კრიტერიუმების დაკმაყოფილება. სახელმწიფოს მიერ წინასწარ შერჩეული სიმრავლიდან სკოლები ირჩევდნენ მათთვის სასურველს სამი წლის ვადით. ამ ცვლილებიდან ხუთი წლის თავზე, 2009 წელს, სახელმწიფომ თავის ფუნქციად სახელმძღვანელოს მხოლოდ შეფასება დაიტოვა. სახელმწიფო ზღუდავდა მხოლოდ იმ წიგნებს, რომლებიც ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კანონმდებლობას (მაგ. აღვივებს რელიგიურ ან ეთნიკურ შუღლს). სკოლებს გადაებარათ სახელმძღვანელოების წინასწარი და საბოლოო შერჩევაც. სახელმძღვანელოების გამოყენების ვადა 5 წლამდე გაიზარდა.
2010 წელს გრიფირების სისტემა ისევ შეიცვალა და 2004 წლის პრინციპებს დაუბრუნდა იმის გამოკლებით, რომ სახელმძღვანელოს სკოლაში მოქმედების ხუთწლიანი პერიოდი დარჩა. ჩაითვალა, რომ 2009 წელს შემოღებული გრიფირების სისტემა არ იყო ჩვენი გამომცემლობებისა და სკოლების მომზადების დონის ადეკვატური. შედარებით ლიბერალური სისტემით, სახელმწიფო მოხელეების რწმენით, საგამომცემლო ბაზარზე უხარისხო პროდუქცია გაჩნდებოდა, მასწავლებლები კი ვერ შეძლებდნენ უხარისხოსა და ხარისხიანის გარჩევას. ამ ლოგიკით, ლიბერალური მიდგომის საფუძველზე დაზარალდებოდნენ მოსწავლეები. ამ თვალსაზრისს აქვს იდეოლოგიური საფუძვლები, რომლებიც, ერთი მხრივ, სახელმძღვანელოს დანიშნულებისა და შესაძლო გავლენის მოძველებულ ხედვას, მეორე მხრივ კი, საბაზრო ეკონომიკის ფარგლებში სახელმწიფოს როლის არასწორ გაგებას ეყრდნობა. ამავდროულად ეს ხედვა არ ეყრდნობა რაიმე ობიექტურად არსებულ მონაცემებს ან საგანმანათლებლო ბაზრის, ან მასწავლებლების ცოდნის შესახებ. და ბოლოს, რაც ყველაზე პრობლემატურია, ეს მიდგომა წინააღმდეგობას უქმნის საგანმანათლებლო სისტემის გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივას.
სახელმძღვანელოების მიმართ აღწერილი დამოკიდებულება არის 21-ე საუკუნეში გადმოყოლილი წინა ორი საუკუნის განმავლობაში დამკვიდრებული სტერეოტიპების ნიმუში. სახელმძღვანელოების ამგვარი გაგება საფრანგეთის რევოლუციის დროს შემუშავდა და რეალურად დარჩა ასეთად, სანამ ერთი მხრივ ფსიქოლოგიური მეცნიერება არ განვითარდა, მეორე მხრივ კი – ტექნოლოგიები. განათლებისა და განვითარების სფეროში მოღვაწე ფსიქოლოგებმა ათეულობით წლის წინ დაამტკიცეს, რომ მოსწავლეებისთვის ერთი რაიმე რეცეპტის მიხედვით სწავლება წარუმატებელია, რადგან ეს მათი გამოცდილების, წინასწარი ცოდნისა და ინტერესების გაუთვალისწინებლობას ნიშნავს. სახელმძღვანელოების მიხედვით (არ აგვერიოს „სახელმძღვანელოების გამოყენებით” სწავლებაში) სწავლება სწორედ ამას უწყობს ხელს. დღევანდელი თანამედროვე განათლების სისტემები სულ უფრო შორდება მას. მასწავლებლების მომზადებისას თანამედროვე უნივერსიტეტები სულ უფრო მეტ დროს იმას უთმობენ, რომ მომავალ მასწავლებელს სახელმძღვანელოსგან დამოუკიდებლად სწავლება ასწავლონ.
სახელმძღვანელოს მნიშვნელობა მცირდება. ის გაცილებით უფრო მაღალი იყო იმ ვითარებაში, როდესაც მოსწავლეს (და მასწავლებელსაც) მცირე საშუალება ჰქონდა, რომ ინფორმაცია რაიმე სხვა წყაროდან მიეღო. მაშინ, როდესაც არსებობს ინტერნეტი, მოსწავლეების დიდი ნაწილი ინფორმაციის უმეტეს ნაწილს სწორედაც ელექტრონული საშუალებებით იღებს. დადასტურებულია, რომ იქ, სადაც ელექტრონული მასალები გამოიყენება ჩვეულებრივი ნაბეჭდი სახელმძღვანელოების ნაცვლად, მოსწავლეების სწავლისადმი მოტივაცია უფრო მაღალია. ასევე ცნობილია, რომ მოსწავლეები სულ უფრო და უფრო მეტად აყენებენ ეჭვქვეშ სახელმძღვანელოების შინაარსს. ამას ხელს უწყობს ის ალტერნატიული ინფორმაცია, რაც მათთვის არის ხელმისაწვდომი ინტერნეტის მეშვეობით. ინფორმაცია ხელმისაწვდომია როგორც ჩვეულებრივი, ისე სპეციალურად შექმნილი საგანმანათლებლო დანიშნულების საიტების საშუალებით. ამ საიტების გრიფირება არ ხდება და, შესაბამისად, სინამდვილეში მოსწავლეს დღეს სახელმწიფოს სანქციის გავლის გარეშე შექმნილ გაცილებით მეტ წყაროზე მიუწვდება ხელი, ვიდრე ეს, ვთქვათ, 10 წლის წინ იყო.
ასევე უფრო მეტი იყო სახელმძღვანელოების მნიშვნელობა იმ ვითარებაში, როდესაც რეალურად არ არსებობდა თანამედროვე ტიპის სასწავლო გეგმა. დღევანდელი სასწავლო გეგმა აზუსტებს იმას, თუ რა უნდა იცოდეს და შეეძლოს მოსწავლეს კლასის ან საფეხურის ბოლოს. მასწავლებელი ამ გეგმის პირობებში თვითონ არჩევს ოპტიმალურ გზებს იმისთვის, რომ მაქსიმალური შედეგი მიიღოს. ადრე უბრალოდ ეწერა თემები, თემებზე განკუთვნილი საათების რაოდენობა. ასეთ ვითარებაში მასწავლებელი მთლიანად დამოკიდებული იყო სახელმძღვანელოზე და პირნათლად მიჰყვებოდა მის სტრუქტურასა და შინაარსს.
ის, რომ მასწავლებლებს სახელმძღვანელოების შერჩევის უნარი აქვთ, ცხადია. ეს მით უმეტეს დაძლევადია, რადგან გადაწყვეტილება კოლექტიურად მიიღება – სახელმძღვანელოებს სკოლაში მასწავლებლების საგნობრივი კათედრები ირჩევენ. არჩევის უნარი ჩანს იმ სტატისტიკიდანაც, რაც გამოქვეყნებულია ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის საიტზე (www.ncac.ge). ამ მონაცემებით ჩანს, რომ არჩევანი სპონტანური არ არის. თუ მაგ. მე-5 კლასის სახელმძღვანელოების არჩევის სპეციფიკას დავაკვირდებით, სკოლების საშუალოდ 50% ირჩევს ერთ სახელმძღვანელოს. დანარჩენი სკოლები კი – სხვადასხვა დანარჩენ ალტერნატივებს შორის. ზოგ შემთხვევაში (მაგ. მათემატიკა, მე-5 კლასი), სახელმძღვანელოს სკოლების 80%-ზე მეტი ირჩევს. ეს გვაჩვენებს იმას, რომ მასწავლებლებს საკუთარი პრეფერენციები აქვთ, ხოლო სახელმძღვანელოების ბაზარზე გარკვეული წესები მოქმედებს, რაც მარკეტინგს, სახელმძღვანელოებისა და გამომცემლობების ავტორიტეტსა და ხარისხს უკავშირდება.
თუ მასწავლებლებს არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ დამოუკიდებლად აირჩიონ სახელმძღვანელოები, გვექნება ერთი მხრივ სიტუაცია, როდესაც სახელმწიფო პროდუქტის შემქმნელსა და მომხმარებელს შორის არის მოქცეული და ცდილობს მომხმარებლის ფუნქციები თავის თავზე აიღოს. მეორე მხრივ კი, მასწავლებლებს არ ვანდობთ იმ რესურსის შერჩევას, რომელიც დღითი დღე კარგავს საკუთარ მნიშვნელობას.
სახელმწიფოს მხრიდან მასწავლებლებისა და გამომცემლობების მიმართ ამგვარი დამოკიდებულება იმის ტოლფასია, რომ ადამიანს თევზის ჭერა კი არ ასწავლო, არამედ მის მაგივრად დაიჭირო თევზი და დაჭერილებს შორის არჩევანის უფლება მისცე. ასეთი დამოკიდებულება კი გამოიწვევს იმას, რომ მასწავლებლებს ძალიან გაუჭირდებათ დღეს მზარდი რაოდენობის, თავისუფლად ხელმისაწვდომი ელექტრონული რესურსების შერჩევა. ისინი მიჩვეული და დამოკიდებულები არიან სხვის მიერ წინასწარ შერჩეულის მიხედვით მოქმედებაზე. ამიტომ ჯობია, სახელმწიფო მასწავლებლებს დაეხმაროს გადაწყვეტილებების მიღების სწავლაში, მიაწოდოს მათ ინფორმაცია სახელმძღვანელოების შესახებ, დაეხმაროს მათ, რომ კრიტიკულად შეაფასონ სახელმძღვანელოები, იმისთვის, რომ გამომცემლობებმა გაიგონ თუ რა არის ხარისხის მოთხოვნები, ვიდრე მათ მაგივრად აკეთოს ნახევარი საქმე. ამ შემთხვევაში მასწავლებელი გახდება პასუხისმგებელი საკუთარ მოქმედებაზე, აარჩევს მასალას, რაც მის მოსწავლეებს გამოადგებათ, ხოლო გამომცემლობებიც მეტი პატივისცემით მოეპყრობიან საკუთარ მომხმარებლებს.

 

 

კომენტარები