თუ თვალდახუჭული ცურვა მოგენატრა

 დილა ზღვაზე... სიწყნარეს მხოლოდ თოლიების ხმა და ტალღების წყნარი მელოდია არღვევს. დილის ზღვა რომ სასიამოვნოა, ეს ყველა დამსვენებელმა იცის. შენც იხსენებ აღთქმას, რომელიც თბილისში დადე საკუთარ თავთან ყოველ დილით ზღვაში ყიჟინით ჩახტომის შესახებ. უთენია იკიდებ მხარზე პირსახოცს და ბედნიერი სახით ზღვისკენ მიემართები. პირსახოცს შლი პლაჟზე, რომ ამოსვლისთანავე შიგ გაეხვიო. ცივ წყალში შედიხარ და ზურგზე დაწოლილი ისეთი შემართებით იწყებ ცურვას, გგონია, მთელ ზღვას გადაცურავ. ერთი შეხედვით, ეს იდილიაა, ნამდვილი იდილია, რომელიც არავინ არ უნდა დაარღვიოს.
მაგრამ თუ აჭარას სტუმრობთ და შავ ზღვაშიც გიყვართ ჭყუმპალაობა, გეცოდინებათ, რომ ეს იდილია აუცილებლად დაგერღვევათ და თბილისის სიცხეში წარმოდგენილი თქვენი გმირობები შავ ზღვაში ისევ წარმოდგენაში დარჩება. რატომ?
სკუტერი! ის, რაც მსოფლიოს ბევრ საზღვაო კურორტზე ჩვეულებრივ გასართობ საშუალებას წარმოადგენს და რაც მთავარია, სრულიად უსაფრთხოა. მაგრამ, სამწუხაროდ, იგივეს ნამდვილად ვერ ვიტყვით აჭარაზე, სადაც, წყალში შესულს, უეცრად, მოტოციკლის ხმაურითა და წყალქვეშა ტორპედოს გაბოროტებით გვერდზე ჩაგიქროლებს მასზე გადამჯდარი შერუჯული ყმაწვილი და დილის ზღვაზე ოცნებას გამონაბოლქვის სუნით შეგივსებს. გამონაბოლქვს ვინ ჩივის, იმაზეც მადლობელი დარჩები, რომ ეს „ტორპედო” აგცდა. ამის შემდეგ იმდენად გაოცებული ხარ შერუჯული ყმაწვილის ოსტატობით, რომელმაც ზუსტად საფეთქელთან მოგიბზრიალა სკუტერი, რომ მოგინდება, დაეწიო და შენი „აღფრთოვანება” პირდაპირ მოახსენო. მაგრამ მას შენთვის არ სცალია. ის კიდევ დიდხანს ტრიალებს სანაპირო ზოლში და იქვე მოცურავე თავებს ოსტატურად უვლის გვერდს კლიენტის ძებნაში.
თუ სკუტერზე მჯდარხართ, გეცოდინებათ, რომ არაფერი ჯობია, როცა ყურებში ქარი გიწივის და სიჩქარის სასიამოვნო შეგრძნება სისხლს გიჩქარებს. თავისუფლად ნავარდი ათიოდე წუთს გრძელდება, მაგრამ იმდენად მძაფრ შეგრძნებას ტოვებს, რომ მზად ხარ, ამაში დიდი თანხა გადაიხადო. ეს სკუტერის მეპატრონემაც იცის და ნებისმიერ საშუალებას მიმართავს, რომ კლიენტებს მათთვის მაქსიმალურად კომფორტულად აართვას ფული. მიუხედავად იმისა, რომ სკუტერების, იგივე ჰიდროციკლების მისადგომი ადგილი სპეციალურადაა გამოყოფილი პლაჟებზე, მასთან მისვლით არავინ იწუხებს თავს. ან რატომ უნდა შეიწუხოს, როდესაც ერთი მოხმობა საკმარისია და ის მაშინვე შენთან ჩნდება, წყლის ნებისმიერ მონაკვეთში.
14 ივლისს პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმადაც სკუტერებისთვის სპეციალური დერეფნები გაკეთდება, ანუ ყველაფერი იმისთვის, რათა შავ ზღვაში თვალებდაცეცებულს აღარ მოგვიწიოს ცურვამ.
დერეფნები კეთდება და, სავარაუდოდ, აგვისტოში ჩასულს, უკვე დაგხვდებათ ნაპირიდან არანაკლებ 100 მეტრზე გაჭიმული სპეციალური სადგომები. გარდა ამისა, სკუტერის მძღოლებს ეკრძალებათ ნაპირთან 100 მეტრის მანძილზე მიახლოებაც. დამრღვევები კანონმდებლობით გათვალისწინებულ ჯარიმას გადაიხდიან.
წესრიგის სიყვარული რომ ქართველთა კოზირი არ არის, ეს საქვეყნოდაა ცნობილი. თუმცა, მაინც საინტერესოა, როდის დაიცავენ „საზღვაო მხედრები” უსაფრთხოების წესებს - როდესაც ზემოხსენებული ბრძანებულება სრული ძალით ამოქმედდება თუ მხოლოდ მაშინ, როცა მათი დაუდევრობით კიდევ ვინმე დაშავდება? დაშავების ფაქტები რომ ბლომადაა, ეს, სამწუხაროდ, ყველამ კარგად ვიცით.

კომენტარები