როცა ბურთი გორავდა

რაც თავი მახსოვს, ანუ თავი ტელეეკრანისკენ მიბრუნებული – საფეხბურთო ჩემპიონატისას ერთი შეხედვით სხვა არც არაფერი ხდება. არადა, გამოგიტყდებით – მსოფლიო ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს – პრეზიდენტები და შეყვარებულები ერთმანეთს ხვდებიან. იგივე შეიძლება ითქვას ამ შეხვედრებს მოყოლებულ ტერორისტულ და სხვა რიგის უფრო ინტიმურ აქტებზე – ანუ სამყარო ისევ დუღს, მაგრამ სხვა ქვაბში. მართალია, ფეხბურთი იმ დროს, რომელზეც უნდა გიამბოთ, ასეთი მასშტაბური საქმე არ იყო და ირგვლივ გველეშაპობამოწყურებული ფაშისტურ-კომუნისტური ჭიები დაძვრებოდნენ, მაგრამ მუნდიალი მაინც მუნდიალია. აგერ, ცხელმა სამხრეთ აფრიკამაც ჩაიარა, მეც ნელთბილ არქივში ჩავყვინთე და 1930 წლის ივლისის საბჭოურ-ქართული პრესა გადავშალე.

მაშ ასე: ერთ დიდებულ დღესაც ფიფას მაშინდელმა პრეზიდენტმა ჟიულ რიმემ ოლიმპიური თამაშებისგან დამოუკიდებელი ღონისძიების გამართვა განიზრახა და აჰა, 1930 წლის 12 ივლისს ურუგვაიში მსოფლიოს პირველი საფეხბურთო ჩემპიონატიც გაიხსნა – არც ამ და არც მომდევნო მუნდიალებზე, ვიდრე 1958 წლამდე, საბჭოთა კავშირის ნაკრებს პრინციპული მიზეზების გამო მონაწილეობა არ მიუღია. შესაბამისად, ქართულ კომუნისტურ პრესასაც საზღვარგაღმა საფეხბურთო თემაზე პირში წყალი ჰქონდა ჩაგუბებული, ხოლო 12 ივლისის უმთავრესი მოვლენა, ბუნებრივია, საკავშირო კომპარტიის XVI ყრილობა გახლდათ, გამომსვლელი იაკოვლევი კი კარგ სპორტულ ფორმას ინარჩუნებდა – „მიწათმოქმედებაში მსხვილი სოფლის მეურნეობის შექმნის ამერიკულ გზას” აკრიტიკებდა. ოკეანისგაღმელებს მილიონი ახალი ტრაქტორი შეეყვანათ სათესებზე. მომხსნებელი მიუთითებდა: „კაპიტალისტური ქვეყნების სოფლის მეურნეობაში გაშლილი ტექნიკური რევოლუციის სიმბოლოს წარმოადგენს მძიმე ტრაქტორის მიერ გაქელილი ფერმერი”, (ხმები – „მართალია”. ტაში).

ამ დროის მანძილზე თბილისის აღმასკომმა ორმილიონ-ნახევარი მანეთი გადადო ქალაქის კეთილმოწყობისთვის, ხოლო ავტომობილი №504 სამხედრო ქუჩაზე ვინმე გიორგი თომას ძე ზუბაევს დაეჯახა და მსუბუქად დააშავა (ეს ცნობა ცალკე და მუქი შრიფტითაა გამოყოფილი). იმ პერიოდის „კომუნისტის” თითქმის ყოველ ნომერში გადააწყდებით განცხადებას საბუღალტრო კურსებზე, სადაც ლამაზსა და სწრაფ წერას ასწავლიდნენ. ასევე ნახავთ მუშათა გახალისებისთვის დაწერილ ერთსტროფიან ლექსებს (მაგალითად: სტალინის თვალი ტრიალებს, ძალა მან მოგვცა ჩვენაო, ქალი, კაცი და პატარა, მასზე ვიმღერით ყველაო), ავიაქიმიის საბრძოლო სექციის წარმომადგენელთა შეჯიბრების შედეგებს სიმღერაში და რას აღარა.

სადღაც ბურთი გორავს, არასაფეხბურთო მსოფლიოში კი დიდი ცვლილებები მზადდება. ჩვენთან წერენ: ინდოეთის ბურჟუაზია ეძიებს ინგლისელ იმპერიალისტებთან შერიგების გზებს, იქაური მეფისნაცვალი ლორდი ირვინიც ამ აზრზეა. ვარშავა მზადაა შეუერთდეს ბრაიანის იდეას ევროპის ფედერაციის შექმნაზე, ფინელი ფაშისტი კოსოლო მოითხოვს კომუნისტთა განადგურების დადგენილების სასწრაფოდ ამოქმედებას. საბჭოთა კავშირის საკონსულოს ციციკარში მზაკვრულად ხუნხუზები (მანჯურიასა და ჩრდილოეთ ჩინეთში მოქმედი შეიარაღებული ბანდები) დაესხნენ თავს და გაძარცვეს. ციციკარის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის ადგილას მიემგზავრება დიდი ჯარი ბანდიტების დასაჭერად. საბჭოთა მთავრობა კმაყოფილია. ამერიკაში კი ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებს – ბამბისა და გაზოლონის ფასებმა აიწია. საბჭოთა მთავრობა ალბათ ამითაც კმაყოფილია. განდისთან მოლაპარაკებები იწყება. გმობენ ჩერჩილს, რომელმაც განაცხადა: ინდოეთისთვის დომინიონის უფლების მინიჭება შეუძლებელია მიმდინარე საუკუნის განმავლობაშიც კიო. ამასობაში კი პანევროპულ გეგმას რამდენიმე სახელმწიფო უერთდება, ოღონდ შვედეთი ერთა ლიგის ფორმატის შენარჩუნების მომხრეა. გერმანელი ფაშისტები სოციალ-ფაშისტებთან კავშირს ლამობენ.

ამ პერიოდის პრესაში უსათუოდ თვალში მოგხვდებათ რუბრიკა „სილოსი – ყურადღების ცენტრში”. 20 ივლისიდან სულაც სილოსის საკავშირო კვირეული ცხადდება. სილოსი – სპეციალური ნაგებობაა საქონლის წვნიანი, დამჟავებული საკვების დასამზადებლად, კოშკს მიაგავს. ასეთი კოშკები, გაგვიკვირდებათ და, ამერიკული სტანდარტის მიხედვით ააგეს, თუმცა, იქვე სამამულო საჭრელი მანქანა „ინტერნაციონალიც” მიაყოლეს. სილოსის კოშკურა ახალი კერპივით აღიმართა. მომდევნო უმთავრესი შიდათემა რიონჰესია – „განახლებულ საქართველოში აფეთქებული მეორე გული”. ლევან მეტრეველის სტატიები ამ სადგურის მშენებლობას ეძღვნება (დღევანდელი სტანდარტით სვეტებს დაარქმევთ) და ასეთი სათაურები აქვს: „მდევურ შებრძოლებათა სურათი”, „ქვესკნელის კვნესა”, „ზურმუხტის კასრი”.

სპორტი ძირითადად მსროლელთა ბრიგადების ამბებს განიხილავს. კულტურაში ცხელა და ოპერის ბაღში საზაფხულო კინოჩვენებები იმართება. მაგალითად, „განსაკუთრებული გმირული ეპოპეა” – ს.ტიმშჩენკოს „მკვდრების შეთქმულება”. აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ ფილმების ჩამონათვალს, „რომელთა ჩვენება სასურველად არის ცნობილი მოსავლის კრეფის, პურის დამზადებისა და შემოდგომის თესვის კამპანიების ჩატარების დროს”.

ასეა, ჰინდერბერგმა რაიხსტაგი დაითხოვა, გერმანიამ პანევროპულ გეგმას პანღური ამოჰკრა, ამერიკაში კრიზისი ღრმავდება, საბჭოთა კავშირში მეცხვარეობა ვითარდება, ურუგვაი კი საკუთარ მოედანზე, მონტევიდეოში, ფეხბურთში პირველი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს იგებს. ფინალში არგენტინა მარცხდება. ხოლო ამ დღეს „სპორტისა და ფიზკულტურის” განყოფილებაში მხოლოდ ერთი ცნობაა: „ფეხბურთში გამარჯვებული გამოვიდა კომუნალურ მუშათა ჯგუფი, რომელმაც მოუგო რკინის გზის მუშათა გუნდს – 1:0”.

კომენტარები