მმართველი პარტიის მარცხი

იაპონიის ზედა პალატის არჩევნები მმართველი დემოკრატიული პარტიისთვის ცუდად დასრულდა. საჭირო 60 ადგილის ნაცვლად, მათ, მხოლოდ 44 მანდატი მოიპოვეს და კოალიციის შექმნა მოუწევთ. სასურველი პარტნიორები იქნებოდნენ ეკონომიკური რეფორმების მომხრე “თქვენი პარტია” (10 მანდატი) ან “კომეიტო” (9 მანდატი), თუმცა ეს პარტიები დემოკრატებთან დაწყვილებას უარობენ. 51 ადგილი ერგო ლიბერალ-დემოკრატიულ პარტიას. შესაძლოა, მათ სხვა ოპოზიციური პარტიები შეეკრან დემოკრატების წინააღმდეგ.
არჩევნების შედეგი პოლიტიკური კრიზისის მაუწყებელია. დიეტის უფრო გავლენიან, ქვედა პალატაში, უმრავლესობა დემოკრატიული პარტიის ხელთაა, თუმცა მანდატების რაოდენობა არასაკმარისია. დემოკრატები ვერ ფლობენ ადგილების 2/3-ს, რითაც შეძლებდნენ ზედა პალატის წინააღმდეგობის გადაწონას.
ყოფილმა პრემიერმა, იუკიო ჰატოიამამ, კანს მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვა: ხარჯების შემცირების სურვილის მიუხედავად, მთავრობამ ქვეყნის ისტორიაში უდიდესი ბიუჯეტი მიიღო; იაპონიას ამერიკასთან ურთიერთობები გაუფუჭდა კუნძულ ოკინავას სამხედრო ბაზის გამო, ხოლო ფინანსურმა სკანდალებმა პარტიის ავტორიტეტი შელახა. კანი დემოკრატიული პარტიის ახალ სტარტად მოიაზრებოდა, მაგრამ ვერც მან მოახერხა ელექტორატის ნდობის შენარჩუნება. წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი სამომხმარებლო გადასახადების აწევაა. გამოკითხვების მიხედვით, საზოგადოება მზად იყო გადასახადების გაზრდისთვის, მაგრამ კანმა ვერ მოახერხა კონკრეტული გეგმის წარდგენა. იგი ხალხის თვალში არაპრინციპულ პოლიტიკოსად იქცა.
დემოკრატიულ პარტიას გაუჭირდება ფისკალური რეფორმების გატარება და ეკონომიკური სტაგნაციის დაძლევა. იაპონიის სახელმწიფო ვალი მისი მთლიანი შიდა პროდუქტის 200%-ს შეადგენს, უმუშევრობა კი 2-დან 5%-მდე გაიზარდა. ნაოტო კანს შიდაპარტიული დაპირისპირებაც შეუშლის ხელს. დემოკრატების ყოფილი გენერალური მდივანი, იჩირო ოძავა, არჩევნებში წარუმატებლობას სათავისოდ გამოიყენებს და ეცდება სექტემბერში, შიდაპარტიულ არჩევნებზე, ნაოტო კანს ლიდერის პოსტი წაართვას. პრემიერს საგარეო საქმეთა მინისტრი კაცუია ოკადაც ეცილება სავარძელს. ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის 50-წლიანი, თითქმის უწყვეტი მმართველობის შემდეგ დემოკრატიულ პარტიას გაუჭირდა შეკრული და თანმიმდევრული პოლიტიკის გატარება. როგორც ჩანს, იაპონელმა ამომრჩეველმა მათთვის მეორე შანსი დაიშურა.



 

კომენტარები