გადატვირთვის ტვირთი

22 ივნისს რუსეთის პრეზიდენტი ამერიკას ეწვია. ობამასთან მიღებამდე მედვედევი კალიფორნიაში, სტენფორდის უნივერსიტეტში, მეცნიერებსა და ბიზნესმენებს ესაუბრა.
პრეზიდენტები 24 ივნისს შეხვდნენ. თეთრ სახლში მისვლამდე მათ ჩიზბურგერები მიირთვეს კაფეში და სოციალურ ქსელ ტვიტერის შესახებ საუბარიც მოასწრეს. თუმცა, მედვედევი ვაშინგტონში მხოლოდ ტვიტერის გამო არ ჩასულა. შეხვედრაზე ძირითადი თემები იყო ორ ქვეყანას შორის ბიზნესთანამშრომლობა, ასევე ირანის, ავღანეთისა და ჩრდილოეთ კორეის საკითხები და რუსეთის გაწევრიანება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. ოფიციალურ მიღებაზე ობამამ რუს კოლეგას მეგობარი და პარტნიორი უწოდა, ორი ქვეყნის ურთიერთობის შედეგს კი - 17 თვის წინ შეუძლებელი მიზნის მიღწევა.
ობამას ადმინისტრაციის მცდელობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა ურთიერთობების ნორმალიზება ირანთან და ჩრდილოეთ კორეასთან. რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკა ობამას მომხრეებს ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს, თუმცა ანალიტიკოსებისთვის მთავარ კითხვად სწორედ გადატვირთვის პოლიტიკის შედეგები და პერსპექტივები რჩება.
ობამას კურსის მომხრეთა აზრით, რუსეთი ყალიბდება კონსტრუქციულ პარტნიორად, რომელიც კომპრომისზე წასვლას სისუსტედ არ მიიჩნევს. ისინი ფიქრობენ, რომ აშშ-ს მიერ უარის თქმა რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განლაგებაზე ჩეხეთსა და პოლონეთში, ასევე პრაღაში ორმხრივად ხელმოწერილი ბირთვული განიარაღების დოკუმენტი და რუსეთის მიერ ირანის საწინააღმდეგო სანქციების მხარდაჭერა გაეროში, გადატვირთვის წარმატებული დასაწყისია.
ამას ემატება საზოგადოებრივი აზრის კვლევის უკანასკნელი შედეგები. გამოკითხვა რუსეთში მედვედევის ამერიკული ტურნეს დაწყებამდე ჩატარდა. გამოკითხულთა 59% ამერიკის მიმართ დადებითად არის განწყობილი. 2008 წელს ეს მაჩვენებელი 22%-ს არ აღემატებოდა. 17 თვის განმავლობაში რუსეთის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტელევიზიებზე ანტიამერიკულმა პროპაგანდამაც ერთიორად იკლო, რაც ობამას მომხრეების შეფასებით, ამერიკის პოლიტიკის დამსახურებაა.
თუმცა, ოპონენტები მიიჩნევენ, რომ რუსული კვლევის შედეგების ნდობა მიამიტობა და გულუბრყვილობაა, რადგან რუსეთი არც ერთ მისთვის პრინციპულ საკითხში კომპრომისებზე არ მიდის. დათმობითი ნაბიჯები ფასადურია დასავლეთის თვალში სანდო პარტნიორის იმიჯის შესაქმნელად. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დათბობაც, ძირითადად, ამერიკის ეროვნული ინტერესების ხარჯზე ხდება.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი დირექტორი და ამჟამად ექსპერტი რუსეთის საკითხებში, ტობი გატი მიიჩნევს, რომ ობამას ადმინისტრაცია შეგნებულად მოერიდა რუსეთთან პრინციპულ საკითხებზე საუბარს. გატის აზრით, გადატვირთვის ერთ-ერთი მიზანია რუსეთთან დიალოგი, და არა ამ დიალოგის შედეგები. რუსეთი ფიქრობს, რომ ის უფრო მეტად საჭიროა ამერიკისთვის, ვიდრე პირიქით. ექსპერტის აზრით, გადატვირთვის პოლიტიკა რუსეთს მნიშვნელოვან მოთამაშედ აყალიბებს მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე.
ესპანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ამჟამად ჟურნალ Foreign Policy-ის საპატიო მიმომხილველის, ხოსე მარია ანსარის შეფასებით, გადატვირთვის ღილაკი არ მუშაობს. მისი აზრით, ობამას პრეზიდენტობის დროს ჩამოყალიბდება მსოფლიოს ახალი წესრიგი და ამერიკას, როგორც დომინანტს, ავტორიტარული სახელმწიფოები ჩაანაცვლებენ, თუკი აშშ საკუთარ სტრატეგიულ პასუხისმგებლობას არ გააცნობიერებს და ამერიკა-რუსეთს შორის არსებული ღირებულებითი უფსკრულის ხელოვნურად ამოვსების ნაცვლად, თავისუფალი სამყაროს ლიდერის პოზიციას არ განიმტკიცებს.
დღევანდელი რუსეთის საგარეო პოლიტიკა მიმართულია გავლენათა სფეროების შენარჩუნებისკენ, - მიიჩნევს დევიდ კრამერი, ექსპერტი, რომელიც ბუშის ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივნის მოადგილე გახლდათ ევროპისა და ევრაზიის საქმეებში. რუსეთი ამერიკასა და ნატოსთან თანამშრომლობას ცდილობს, უთმობს საჰაერო სივრცეს ავღანეთის ოპერაციებისთვის, მაგრამ, ამავდროულად, კრემლი სუვერენული სახელმწიფოების ოკუპაციას ახდენს, ყირიმში ხანგრძლივ დამკვიდრებას ცდილობს, პოსტსაბჭოთა სივრცის მიმართულებით ნატოს გაფართოებას კი მკვეთრად ეწინააღმდეგება. კრამერი მიიჩნევს, რომ გადატვირთვის პოლიტიკით რუსეთი უფრო ხეირობს, ვიდრე ამერიკა.
კრამერის აზრს ნაწილობრივ იზიარებს სერგეი როგოვი, ამერიკისა და კანადის ინსტიტუტის დირექტორი მოსკოვში. გადატვირთვით, ამერიკამ დსთ-ს სივრცე რუსეთის პრივილეგირებული ინტერესების ზონად აღიარა, - ამბობს როგოვი და იხსენებს, რომ აშშ უკრაინის საკითხზე კონფრონტაციას მოერიდა და რუსულ-უკრაინულ განახლებულ ურთიერთობებსა და იანუკოვიჩის პოლიტიკურ ვექტორს გულგრილობით უპასუხა. ობამას ადმინისტრაცია ერიდება რუსეთთან საქართველოს თემაზე უთანხმოების გაღრმავებას, თუმცა რუსეთს სუვერენული სახელმწიფოს დეოკუპაციისკენ მაინც მოუწოდებს.
რუსეთ-ამერიკის სამიტის დასრულებიდან სამ დღეში აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა და გამოძიების ფედერალურმა ბიურომ თერთმეტი პირი დააკავა ჯაშუშობისთვის - პრორუსული გავლენის მოხდენის მიზნით. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სკანდალს ისრაელიდან გამოეხმაურა. მისი განცხადებით, დაპატიმრების დრო მოხდენილად შეირჩა, დაკავების ბრძანება ამერიკის მთავრობიდან მოდიოდა და დამთბარი ურთიერთობების გაფუჭებას ისახავდა მიზნად.
ამერიკელი ექსპერტების აზრით, ჯაშუშთა დაპატიმრებით ობამას სურდა, კრიტიკოსებისთვის ეჩვენებინა, რომ ხისტად მოქმედებაც შეუძლია. იგივე მესიჯი იყო განკუთვნილი რუსებისთვისაც, რათა გადატვირთვის პოლიტიკა კრემლს აშშ-ს სისუსტედ არ აღექვა.
ძნელი სათქმელია, როგორ იმოქმედებს ჯაშუშთა საქმე ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებზე. გადატვირთვის მოწინააღმდეგეებმა, როგორც ერთ, ასევე მეორე ქვეყანაში, სკანდალი შეიძლება პოლიტიკური დივიდენდების მოსახვეჭად გამოიყენონ.



 

კომენტარები