უკან, საბჭოთა კავშირში

საბჭოთა კავშირის სკოლებში თითოეულ საგანში არსებობდა მხოლოდ ერთი სახელმძღვანელო, რომლითაც ხანდახან რამდენიმე თაობა ათწლეულების განმავლობაში სწავლობდა. ყოველ საგანში ერთი სახელმძღვანელოთი სწავლება იმდენ ხანს გრძელდებოდა, რომ ადამიანების უმრავლესობას, ვისაც ეს ნანახი და გამოცდილი აქვს, სხვაგვარად ვერც წარმოუდგენია. უფრო მეტიც, მათ ისიც კი არ იციან, რომ ასე მხოლოდ საბჭოთა კავშირში და რამდენიმე ტოტალიტარულ ქვეყანაში იყო. მსოფლიოს ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში თითოეულ სასკოლო საგანში არსებობდა და არსებობს ერთზე მეტი, ერთმანეთის კონკურენტი სახელმძღვანელო და მერე ამ წიგნებიდან არჩევანს მასწავლებელი ან სკოლა აკეთებს. შესაბამისად, სხვადასხვა სკოლაში ბავშვები სხვადასხვა წიგნით სწავლობენ. ამ ქვეყნებში არც მასწავლებელი და, თქვენ წარმოიდგინეთ, არც მშობელი არასოდეს იკითხავს, რატომ არ არის ყველა სკოლაში ერთი და იგივე სახელმძღვანელო. დაახლოებით ისევე, როგორც საპრეზიდენტო არჩევნებზე არავინ იკითხავს, რატომ არის ასარჩევად წარმოდგენილი ერთზე მეტი კანდიდატურა.

შეკითხვა იმის შესახებ, რა საჭიროა არჩევანის გაკეთება („ნუთუ არ შეიძლება, ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვიტონ, რითი უნდა ისწავლებოდეს ეს საგანი სკოლაში?”), სინამდვილეში საბჭოთა ადამიანის შეკითხვაა.

საბჭოთა კავშირის დაშლამ ბევრ რამეში გამოიწვია ცვლილებები, მაგრამ ეს ცვლილებები სასკოლო სახელმძღვანელოების ქართულ ბაზარს შედარებით გვიან შეეხო: პირველად მხოლოდ 90-იანი წლების ბოლოს გადაწყდა, რომ გამოეცხადებინათ კონკურსი სახელმძღვანელოების შესაქმნელად (ეს კონკურსები სოროსის ფონდის ინიციატივით დაიწყო), ოღონდ იმ პირობით, რომ კონკურსის გამარჯვებული შეიძლებოდა ყოფილიყო, მაქსიმუმ, ორი ერთმანეთის კონკურენტი წიგნი (იმ შემთხვევაშიც კი, თუ სამი არაჩვეულებრივი სახელმძღვანელო დაიწერებოდა). ეს კონკურსები მომდევნო წლებშიც ცხადდებოდა პერიოდულად და უსისტემოდ. ძირითადი პრობლემა ის იყო, რომ არ არსებობდა ახალი სასწავლო გეგმა, რომლის მიხედვითაც უნდა შექმნილიყო ახალი სახელმძღვანელოები. შესაბამისად, ისინი იწერებოდა ოდნავ მოდიფიცირებული საბჭოთა პროგრამების საფუძველზე. ეს იყო ნაბიჯების გადადგმა ბაზრის დემონოპოლიზაციის მიმართულებით, მაგრამ არა ბაზრის ლიბერალიზაციისკენ.

არსებითი ცვლილება მოხდა 2004 წლიდან: ჯერ ერთი, შეიქმნა ეროვნული სასწავლო გეგმა ყველა კლასისთვის და პარალელურად გამოცხადდა კონკურსები 2005 წელს პირველი, მე-7 და მე-10 კლასების ყველა სახელმძღვანელოზე, ხოლო მომდევნო წლებში - მე-2, მე-8 და მე-11 კლასის და ა.შ. წიგნებზე. მთავარი ცვლილება მაინც ის იყო, რომ კონკურსის გამარჯვებულთა რაოდენობა აღარ იყო შეზღუდული. ე.წ. გრიფი ენიჭებოდა ყველა კარგ სახელმძღვანელოს. ყოველ საგანში გაჩნდა ერთმანეთის ალტერნატიული ბევრი სახელმძღვანელო (ზოგიერთ საგანში ათიც კი), საიდანაც არჩევანს მასწავლებელი აკეთებდა. შეგნებული არჩევანის გაკეთებას მასწავლებლის მხრიდან მცირე ძალისხმევა სჭირდება (ის უნდა გაეცნოს ალტერნატიულ წიგნებს), რაც ძალიან ბევრი მასწავლებლის უკმაყოფილებას იწვევდა და იწვევს. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ყოველწლიურად მატულობს იმ მასწავლებელთა რაოდენობა, ვისაც მოსწონს, რომ სასურველი წიგნი თავად უნდა შეარჩიოს, მაგრამ უკმაყოფილოთა რიცხვი ჯერჯერობით უფრო დიდია. ამ უკანასკნელთ ურჩევნიათ, მათ ნაცვლად სხვამ გადაწყვიტოს, რა წიგნი გამოიყენონ სასწავლო პროცესში. ცხადია, თუ მასწავლებელს არ შეუძლია, მის ხელთ არსებული რამდენიმე წიგნიდან საუკეთესო შეარჩიოს, თუნდაც ზერელე გადაკითხვით, მას სკოლაში არაფერი ესაქმება. სახელმძღვანელოების ბაზარი, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა საქართველოში, ბევრი სხვადასხვა შეფასებით, მაგალითად, მსოფლიოს გამომცემელთა ასოციაციის ექსპერტთა შეფასებით, ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად კორუფციული და უაღრესად ლიბერალური იყო მსოფლიოში.

სამწუხაროდ, განათლების სამინისტროში ახალი ხელმძღვანელობის მოსვლისთანავე გამოიკვეთა სახელმძღვანელოების ლიბერალური ბაზრის შეზღუდვის ტენდენცია. ეს ცხადი გახდა პირველივე განცხადებებიდან, რომ ძალიან ბევრი ცუდი სახელმძღვანელოა და საჭიროა, სამინისტრომ რაღაცნაირად შეზღუდოს მათი რაოდენობა, რათა ბაზარზე ცუდი წიგნი აღარ ხვდებოდეს. გამკაცრდა სახელმძღვანელოსთვის გრიფის მინიჭების პირობები. ეს ტენდენცია ზოგადად რეფორმების გადასინჯვის ტენდენციის ნაწილია. შედეგად უკვე წელსვე მივიღეთ ის, რომ ამას წინათ სამინისტროს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ტელევიზიით გამოსვლისას სიამაყით განაცხადა: წელს კონკურსზე წარდგენილი სახელმძღვანელოებიდან გრიფირებულების რაოდენობა 40%-ით შემცირდა. ყველაზე უსიამოვნო შედეგი მაინც ის არის, რომ რამდენიმე საგანში მივიღეთ ერთი, უალტერნატივო სახელმძღვანელო. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს წიგნები მართლაც აშკარად აღემატებოდა დანარჩენებს, ფაქტია, რომ ზოგიერთი კლასის ზოგიერთ საგანში გვაქვს მდგომარეობა, როგორიც არ გვქონია ბოლო 12 წლის განმავლობაში.

ბუნებრივია, ლიბერალური ბაზრის წინააღმდეგ გაბრძოლება პოლიტიკური მოსაზრებებით იყო ნაკარნახევი: მასწავლებელთა უმეტესობა უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ უწევთ არჩევანის გაკეთება. ამ უკმაყოფილებას ისინი ყველგან (მათ შორის პრეზიდენტთან შეხვედრების დროსაც) გამოხატავენ. მაგრამ საქმე ისაა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ თითო საგანში მხოლოდ ერთი სახელმძღვანელო დარჩება, ეს მასწავლებლები მაინც უკმაყოფილოები იქნებიან არსებული წიგნით, რადგან არასოდეს არ იტყვიან, რომ მათ მიერ ნაჩვენები ცუდი შედეგები თავად მათი არაკვალიფიციურობის ბრალია და არა სახელმძღვანელოსი.

საერთოდ, თანამედროვე სკოლა მთელ მსოფლიოში აღარ არის ინფორმაციის დამახსოვრებაზე ორიენტირებული და სწავლების მთავარი მიზანი ხდება გარკვეული უნარ-ჩვევების ფორმირება. თანამედროვე მეთოდებით სწავლებას სჭირდება სხვადასხვა ტიპის რესურსი (იქნება ეს სახელმძღვანელო, სხვადასხვა შემეცნებითი წიგნები, თვალსაჩინოებები, ინტერნეტი და ა.შ.). შესაბამისად, სახელმძღვანელო თანამედროვე სკოლაში მხოლოდ ერთ-ერთი რესურსია (და არა ერთადერთი, როგორც ეს ძველად იყო). ამიტომ სახელმძღვანელოს როლი სწავლებისას შედარებით მცირეა, ვიდრე წინათ იყო.

ბევრი ადამიანი, ვინც სახელმძღვანელოების ამა თუ იმ ასპექტით უკმაყოფილოა, ზემოთქმულს არ ითვალისწინებს. საზოგადოებაში (მასწავლებლები და მშობლები) არსებობს რამდენიმე მოსაზრება, რაც ქმნის უკმაყოფილების ფონს:

1. რატომ არ შეიძლება დადგინდეს, რომელი სახელმძღვანელოთი ვასწავლოთ?

იმიტომ, რომ ეს ვიღაცამ (თუნდაც ექსპერტმა) უნდა დაადგინოს და ვინც არ უნდა იყოს იგი, მისი შეხედულებები იქნება სუბიექტური და საზოგადოების გარკვეული ჯგუფებისთვის მიუღებელი. აჯობებს ეს თითოეულმა მასწავლებელმა თავისთვის გადაწყვიტოს. გარდა ამისა: რა შეიძლება უფრო მეტად იქცეს კორუფციის მიზეზად - როცა ექსპერტთა მცირე ჯგუფი წყვეტს სახელმძღვანელოს ბედს თუ როცა რამდენიმე ათასი მასწავლებელი აკეთებს საკუთარ არჩევანს?

2. სახელმძღვანელოები ძალიან ხშირად იცვლება.

სინამდვილეში იცვლება ხუთ წელიწადში ერთხელ, რაც საბჭოთა ადამიანისთვის შეიძლება ხშირიცაა.

3. სახელმძღვანელოები ძალიან მძიმეა და მოსწავლეებს უჭირთ მათი ტარება.

ასეთი მოსაზრების ავტორმა იქნებ დაასახელოს ქვეყანა, სადაც სახელმძღვანელოები მსუბუქია, ან წარმოადგინოს მოდელი, როგორ შეიძლება შემსუბუქდეს სახელმძღვანელოები.

4. მოსწავლე სხვა სკოლაში რომ გადადის, წიგნები უნდა შეცვალოს და ასეთ შემთხვევაში როგორ მოახერხებს სწავლას?

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ყოველი კლასის ბოლოს მოსწავლეს უნდა გამოუმუშავდეს გარკვეული უნარ-ჩვევები, რაშიც ნებისმიერი წიგნი დაეხმარება, რომელიც ეროვნულ სასწავლო გეგმას შეესაბამება. შედეგების მიღწევა შესაძლებელია ნებისმიერი სახელმძღვანელოთი, ამიტომ წიგნის შეცვლა არაფერს ცვლის შედეგების მიღწევის თვალსაზრისით.

5. თუ მასწავლებლებს უჭირთ არჩევანის გაკეთება სხვადასხვა სახელმძღვანელოს შორის, არ ჯობია, ეს მათ ნაცვლად ვინმე უფრო კომპეტენტურმა პირმა გააკეთოს?

თუ მასწავლებელი არჩევანს ვერ აკეთებს, არა აქვს მნიშვნელობა, რომელი სახელმძღვანელოთი ასწავლის, რადგან შესაბამისობა ეროვნულ სასწავლო გეგმასთან ნიშნავს, რომ შედეგების მიღწევა შესაძლებელია. გარდა ამისა, არჩევანი არ სურს მასწავლებელთა ნაწილს (და არა ყველას) და რა დააშავა იმ ნაწილმა, ვისაც სურს, თავად აირჩიოს?

ზოგადად, სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობის პოზიცია, სახელმძღვანელოების ლიბერალურ ბაზარზე უარი თქვას იმის გამო, რომ მასწავლებლების დიდ ნაწილს ეს არ მოსწონს, არაგონივრული საქციელია - მასწავლებლების ამავე რაოდენობას არასოდეს მოეწონება არც ერთი სისტემა, როგორიც არ უნდა იყოს და ვინც არ უნდა შექმნას იგი. სახელმძღვანელოების ლიბერალური ბაზარი არის ერთადერთი აპრობირებული მოდელი მთელ ცივილიზებულ მსოფლიოში. აჯობებს, ისევ ამ მიმართულებით ვიაროთ, ვიდრე უკან, საბჭოთა კავშირისკენ.

კომენტარები