აუდიო ვიზუალური შაში

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველმა წრემ ძალიან უინტერესოდ ჩაიარა: ფრანგებმა ისე სწორხაზოვნად და უმსგავსოდ ითამაშეს, რომ ზინედინ ზიდანმა აღშფოთება ვერ დამალა – ეს ნაკრები კი არა, ჯოგია და ყველაფერი დომენეკის ბრალია, ეგ კაცი მწვრთნელობის აზრზე არააო. ამით მან ირიბად დაადასტურა ჭორები, რომ ოთხი წლის წინ გუნდს მართავდა არა ასტროლოგი რაიმონ დომენეკი, არამედ ზიდანი, ვიეირა და მაკელელე.
ინგლისი ზედმეტად მშრალია, რაც ძალიან არ უხდება. როგორც ჩანს, ფაბიო კაპელოს ფეხბურთელებზე იმაზე მეტი გავლენა აქვს, ვიდრე უნდა ჰქონდეს. დიდი მინუსიც მკვეთრად გამოჩნდა – ინგლისის კარი რეალურად ცარიელია.

არგენტინა. ბრწყინვალე შეტევა. ესაა და ეს. თუმცა სწორედ ეს შეიძლება საკმარისი იყოს ტრიუმფისთვის. დიეგო მარადონა კი, რომელსაც კოსტიუმი ძალიან არ უხდება, ფორმალურად დგას აუტის ხაზთან და იქ გადავარდნილი ბურთის კენწვლით ერთობა.

გერმანიამ ყველა გაგვაკვირვა არაგერმანულად თავქარიანი, ტემპიანი, უშეცდომო და ლამაზი ფეხბურთით. ევროპის ვიცე–ჩემპიონებს აშკარად მოუხდათ მიხაელ ბალაკის არყოფნა. ლიოვის გუნდი ძალიან კარგ ფორმაშია.

ჰოლანდიამ ცოტა მძიმედ, მაგრამ უმძიმეს მოწინააღმდეგესთან გამარჯვებით დაიწყო. იქნებ ეს სჯობს იმას, რაც ევროპის ჩემპიონატზე მოხდა, როცა ამ გუნდმა ჯგუფში ყველაფერი მიწასთან გაასწორა და მერე სამარცხვინოდ წააგო რუსებთან?

სხვას რამეს ელოდით იტალიისგან? ალბათ არა. ტრადიციულად მძიმე, დაცვაზე აქცენტირებული და მომენტების იდეალურად გამომყენებელი გუნდია ძალიან ჭკვიანი მწვრთნელით. იტალია ჯერ ყველაზე გასაიდუმლოებულია.

ბრაზილია – ჩრდილოეთ კორეა. რატომღაც მგონია, რომ ამ შეხვედრას კვენტინ ტარანტინო ესწრებოდა და ახალი ფილმის სცენარისთვის რაღაცებს ინიშნავდა. კაკა საზიზღარ ფორმაშია და თუ ასე გააგრძელა, ბრაზილიელებს ძალიან გაუჭირდებათ წარმატების მიღწევა.

ესპანეთმა შვეიცარიასთან, უფრო სწორად, საკუთარ თავთან წააგო და ყველამ ჩამოწერა. არადა, მგონია, რომ ევროპის ჩემპიონისთვის ძალიან კარგი რამ მოხდა და ის ყველაზე საშიში გუნდი იქნება მომავალში. სარკეში ჩახედვა ამ ცოტა თავში ავარდნილ ნაკრებს იდეალურ სამსახურს გაუწევს.
ერთი ძალიან საინტერესო დეტალი – სამხრეთ აფრიკაში ჯერ არც ერთ ვარსკვლავს არ გამოუჩენია თავი: რიბერი, რუნი, მესი, რობინიო, ტევესი, კაკა, კრიშტიანუ რონალდო, დავიდ ვილია, ფერნანდო ტორესი და ბევრი სხვა უგოლოდ და ჩრდილში შეხვდა მეორე ტურს, რაც ძალიან არასასიამოვნო ამბავია. ცუდია ისიც, რომ საშუალო გაქანების და გაქანების საერთოდ არმქონე გუნდებმა დიდი ზარ–ზეიმით დააკოპირეს ჟოზე მოურინიოს მახინჯი საფეხბურთო მსოფლმხედველობა და უკვე რამდენიმე ნაკრები ვნახეთ, მთელი გუნდით რომაა გამაგრებული საკუთარ ნახევარზე. ესაა ფეხბურთი? არა! ეს არის შაში!

და შაშზე გაცილებით უარესია ის, რასაც პირველ არხზე ვუყურებთ და ვისმენთ ყოველდღე. ვის რაში აინტერესებს, რამდენმა პროცენტმა დადო ტოტალიზატორში ახალი ზელანდიის ნაკლებ ყვითელზე? რამდენი კუშია იმაზე, გააღებს თუ არა პირს ჰიმნის დროს ჩაბალალა? საერთოდ, რა საჭიროა ეს ზერელე, უდარდელი, ნაძალადევი, არაფრისმთქმელი ვითომ გარჩევები? როგორ შეიძლება ფეხბურთი ისე წაიყვანო, რომ ხალხს შენი კომენტირების მოსმენას ვუვუზელას ზმუილი ერჩივნოს? როგორ შეიძლება, ფეხბურთზე ილაპარაკონ ადამიანებმა, რომლებიც ფეხბურთში საერთოდ ვერ ერკვევიან? ყველას არ ვგულისხმობ, მაგრამ ზოგადად ასეთი სურათი იქმნება. ის, რაც პირველ არხზე ხდება, არის არაპროფესიონალიზმი, ყველაზე დიდი პრობლემა კი ისაა, რომ ეს თავად ტელევიზიის მესვეურებს არ ადარდებთ. მათთვის ფეხბურთი მეორეხარისხოვანია? კი ბატონო, იყოს, მაგრამ მაშინ სხვისთვის ეცლიათ მსოფლიო ჩემპიონატის გაშუქება. რატომ უნდა გვეშლებოდეს ნერვები იმაზე, რაშიც ფულს ვიხდით?

რამდენიმე წლის წინ შაშის ყველა შესაძლო კომბინაცია გაიშიფრა და ის, როგორც სპორტის სახეობა, დამთავრდა. ქართულ ტელევიზიებში არსებული სპორტული (და არა მარტო სპორტული) პორნოგრაფიის დამთავრებას კი არა და არ დაადგა საშველი.

p.s. ანრის ხელი ფრანგებს აღმართში წამოეწია.

კომენტარები