სპორტ კაფე

სპორტ კაფეს მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ვეწვიეთ. უზარმაზარ შენობას სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა. ერთხანს ისიც ვიფიქრე, ალბათ დაკეტეს-მეთქი. ასე რომ, მინის კარი რომ გაიღო, ცოტა არ იყოს, გამიკვირდა კიდეც.
სპორტ კაფე მკრთალად განათებული, ნახევარი სტადიონისხელა სივრცეში გაშლილი სპორტული ატრიბუტებით სავსე რესტორანია წითელსუფრიანი მაგიდებითა და ტელევიზორებით. როგორიც წლების წინ იყო, ისევ ისეთი, ათასობით მოწეული სიგარეტით დამძიმებული ჰაერით. საითაც გაიხედავ, სპორტული მემორაბილიის სტენდებია: თბილისის დინამოთი დაწყებული, მარადონას ათნომრიანი მაისურით დამთავრებული. სტენდებზე, ფეხბურთის გარდა, სპორტის სხვა სახეობებიც არის წარმოდგენილი. მაგალითად, ერთ-ერთი ჭადრაკს ეძღვნება; გაწყობილი ჭადრაკის დაფის უკან 70-იანი წლების მსოფლიო ჩემპიონი ქალბატონების ფოტოები გიღიმის. თუ მზერას ცისკენ აღაპყრობ, არც მაშინ გავიწყდება, სად ხარ: ჭერში უზარმაზარი ფორმულა ერთია ჩაპარკინგებული.
გვერდით მაგიდასთან არგენტინისა და ესპანეთის გულშემატკივართა კლუბის საორგანიზაციო კომიტეტი ბჭობს. სხვა მხრივ, აქაურობა ცარიელია და, ცოტა არ იყოს, პირქუშიც. თუ თქვენც რომელიმე ფანკლუბის წევრი ხართ, თქვენი ადგილი აქ არის; უზარმაზარი ეკრანი უკვე დამონტაჟებულია და გულშემატკივარს ელის. ნამდვილად სჭირდება აქაურობას ხალხი და ხალისი.
მენიუ კარგად არის შედგენილი. ერთი შეხედვით, მრავალფეროვანიცაა: მადის აღმძვრელი სალათები, ხორციანი კერძები, თევზეული, პიცა... „შეფის სალათა სპორტ კაფეს” აღწერა ასე იწყება: „ვიჩინა”!.. დამეთანხმებით, ასე უხეშად აღწერილი სალათა უმალ მადას დაგაკარგვინებს. დანარჩენი ინგრედიენტები არც კი წამიკითხავს... მეტიც, „ვიჩინამ” სალათის გვერდი ცივად გადამაშლევინა და მთავართა გვერდს მივადექი.
ადრეც ასე იყო და დღესაც ასეა: აქ ყველა ნეკნების საჭმელად დადის (ბურვაკის ნეკნები ბარბექიუს სოუსში, 20.90ლ). მართლა კარგია - ხორციც, სოუსიც და მომზადებულიც. დანარჩენისა რა მოგახსენოთ? რაც გავსინჯეთ, ქათმის ხორცი ჩინურად 12.00ლ, ან სტეიკი (ნიუ-იორკ სტეიკი, 16.00ლ) ან ორაგული (ორაგულის „ფილე” - 18.00ლ) ამათგან მხოლოდ სინანული და წარმავალი სიცარიელის გრძნობა დარჩა. ნივრიანი კარაქიც ვერ მუშაობს ისე, როგორც საჭიროა.
ლუდის დიდი არჩევანი არ არის - მხოლოდ ორგვარია: ექვსლარიანი ლოვენბროი და ნატახტარი. იმედია, ჩემპიონატის დროს რამეს დაამატებენ, თორემ არ ეკადრება ორასკაციან რესტორანს ამგვარი ორფეროვნება.
მთავარი კერძებით განხიბლული ტკბილეულს ეძალება და ჩვენც ასე დაგვემართა. ვაშლის ტარტს (6.00ლ) ცომი სქელი და უხეში ჰქონდა. ისე, არა უშავდა რა, ისიც გამომშრალ ბრაუნისთან (8.00ლ) შედარებით, რომელიც ჭირვეული ბავშვის მიერ ამოჩემებულ არც ერთ ცუდ „პეჩენიას” არ ჩამოუვარდება არც სიმშრალით, არც სიხისტით. ისიც ვიცოდი, რომ ტირამისუ (6.00ლ) არ უნდა შეგვეკვეთა, მაგრამ ჩემი მხლებელი მეტად მონდომებული აღმოჩნდა და ხათრი ვერ გავუტეხე: ან კი სად ვარგა, რომ აქ ივარგოს? მკვდარი ყავის გემო იცით? აი, რაღაც ეგეთი იყო.
მოკლედ, ბურვაკისთვის კი ღირს აქ ჩამოსვლა; ჭამ, გემრიელია და, ჯანდაბას, ცივ ნატახტარს აყოლებ. თანაც, თუ უზარმაზარ ეკრანზე შენთვის სასიცოცხლოდ საინტერესო მატჩის ბედი წყდება, აქაურობა არც ისე ცუდია. მაგრამ თუ სადილად რამე განსაკუთრებულის ელი, მაშინ, იქნებ გზის გაგრძელება ჯობდეს. დიდუბის სიღრმეში ერთი რესტორანი მეგულება - სარეწკელა, თუმცა, ამაზე უკვე მოგიყევით.


 

კომენტარები