დიდი გასეირნება

ცეცხლმოკიდებული ავტომობილები საპროტესტო აქციაზე, პარიზი
პარიზსა და თბილისს შორის ურთიერთობა თბება - ასეთი შეფასება მისცა ფრანგულმა პრესამ საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვიზიტს საფრანგეთში. ვიზიტმა წარმატებით ჩაიარა. სააკაშვილი შეხვდა ფრანგული პოლიტიკის ყველა წამყვან ფიგურას - პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს და პოლიტიკურ პარტიათა ხელმძღვანელებს. იგი ესაუბრა სამეცნიერო საზოგადოებასაც. ხელი მოეწერა მწვანე ჩარჩო ხელშეკრულებას, რომელიც მიზნად ისახავს ორმხრივი ბიზნესთანამშრომლობის ხელშეწყობას ენერგეტიკის, ეკოტურიზმისა და სოფლის მეურნეობის დარგში. ასევე, გაფორმდა ხელშეკრულება „ევროკოპტერთან”, რომლისგანაც საქართველომ ორი ვერტმფრენი იყიდა.
ნიკოლა სარკოზის მიერ, მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ ვიზიტად მიწვევა იმის ნიშანი იყო, რომ რუსეთთან დაახლოება არ იმოქმედებს საფრანგეთის მხარდაჭერაზე საქართველოს მიმართ. ამასვე ემსახურებოდა რამდენიმე დღით ადრე, საფრანგეთის სენატის მიერ დამტკიცებული ანგარიში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ. სენატმა მოუწოდა ევროკავშირს მეტი აქტიურობა გამოიჩინოს, ხოლო რუსეთს - შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება.

ქართულ საზოგადოებას კარგად ახსოვს პრეზიდენტ სარკოზის წამყვანი და უდავოდ პოზიტიური როლი როგორც რუსეთ-საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის, ისე ევროკავშირის საერთაშორისო დამკვირვებელთა მისიის შემოყვანის საქმეში. მას არც საფრანგეთის პრეზიდენტის ხმამაღალი განცხადება დავიწყნია - თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე სარკოზიმ აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უგულებელყოფა „რუსეთისთვის უშედეგოდ არ ჩაივლის”. სარკოზის სიტყვები ფრანგულ საზოგადოებასაც შეახსენა ნინო კირთაძის ფილმმა „ცოტა რამ საქართველოს შესახებ”, რომლის ჩვენებაც პარიზში, ოპერა გომონის ხალხით გადაჭედილ კინოთეატრში გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის პარალელურად.

სამწუხაროდ, სარკოზის მუქარა ფუჭი აღმოჩნდა. „6-პუნქტიან შეთანხმებას რუსეთი არ ასრულებს და არანაირი შედეგი ამ ფაქტს მისთვის არ მოჰყოლია. ჩვენ გადავშალეთ ეს ფურცელი, - უთხრა აკადემიკოსმა, ისტორისკოსმა და სოვიეტოლოგმა ალან ბეზანსონმა ტაბულას, - რუსებმა წარმატებით მოახერხეს საყრდენის შექმნა ევროპის წამყვან ქვეყნებში: გერმანიაში, იტალიასა და საფრანგეთში. გერმანიაში პრორუსული ძალების მთავარი მამოძრავებელი უპირველესად ბიზნესინტერესებია, იქნება ეს გაზპრომი, ნორდსტრიმი, სიმენსი თუ სხვა რამ. ამას გარდა, გერმანიის განსაკუთრებული სიყვარული რუსების მიმართ უკვე საუკუნეებს ითვლის. იტალიაში საქმე სხვაგვარადაა, აქ პრორუსულ განწყობას ზურგს იტალიური მაფია უმაგრებს, რომელიც რუს ოლიგარქებთან შავ ბიზნესშია ჩართული”.

ბევრი ანალიტიკოსი საფრანგეთის მთავრობის მხრიდან რუსეთთან ბიზნესურთიერთობისგამყარების მცდელობას გერმანიასთან კონკურენციით ხსნის. საფრანგეთს არ სურს, გერმანიისა და რუსეთის ბიზნესინტეგრაციას მაყურებლის სკამიდან უმზიროს. „ამას ემატება გოლისტურ-მითოლოგიური განწყობები და ანტიამერიკანიზმი, რომელსაც ფრანგულ პოლიტიკურ და ინტელექტუალურ ცხოვრებაში გვერდს ვერ აუვლი”, - ამბობს ბეზანსონი.
ასე მაგალითად, 1966 წელს, შარლ დე გოლმა, საფრანგეთის ნატოდან გამოსვლის გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო ამერიკელ ჯარისკაცებს მისი ქვეყნის ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. მაშინ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, დონალდ რასკმა საფრანგეთის პრეზიდენტს ჰკითხა მისი ქვეყნის თავისუფლებას შეწირული ამერიკელი ჯარისკაცების გადასვენებასაც ხომ არ ისურვებდა ფრანგული მიწიდან.

თუმცა, სოვიეტოლოგის აზრით, საფრანგეთში რუსეთს გაცილებით ნაკლები მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე გერმანიასა და იტალიაში.

საფრანგეთი ბევრად უფრო ნაკლებადაა ენერგოდამოკიდებული რუსეთზე, ვიდრე გერმანია. ალბათ ამითაც აიხსნება ის ფაქტი, რომ ნიკოლა სარკოზისგან განსხვავებით, გერმანიის კანცლერმა, რუსეთის პრეზიდენტ მედვედევთან ბოლო შეხვედრისას მხოლოდ დნესტრისპირეთის კონფლიქტზე ისაუბრა და საქართველო არც უხსენებია.

გარდა ამისა პრორუსულ ძალებს საფრანგეთში ასევე ძლიერი, ანტირუსული განწყობები აკავებს. ფრანგებს უყვართ ჩეხოვი და ჩაიკოვსკი, მაგრამ ვერ ეგუებიან იმ რუსებს, რომელთაც საფრანგეთში ცხოვრებაზე მიუწვდებათ ხელი. ძვირადღირებულ ფრანგულ კურორტებზე გადააწყდებით სასტუმროებს, რომლებიც რუსებს არ იღებენ. ე.წ. „ახალი რუსების” ცხოვრების წესს - ბრენდების გაფეტიშებას, სიხარბეს, ფულის ფლანგვას, მდარე გემოვნებას - ანუ ყველაფერ იმას, რასაც ეროვნულ ღირებულებად ქცეულ ფრანგულ ეტიკეტს ეწინააღმდეგება - ხშირად დასცინიან ფრანგულ ტელეარხებზეც. თუ ადრე საფრანგეთის სამხრეთს ინტელექტუალურ-ბოჰემური ელიტა სტუმრობდა, ახლა იქაურობა სავსეა ცუდი მანერებით სახელგანთქმული „ახალი რუსებითა” და მათი თანმხლები ქალბატონებით. ეს ფრანგების დიდ ნაწილს ძალიან აღიზიანებს.

ის, რომ საფრანგეთი საცხოვრებლად მეტისმეტად მიმზიდველი ადგილია, არავისთვის არის საიდუმლო. ეს ქვეყანა უკვე ზედიზედ მეხუთე წელია პირველ ადგილს ინარჩუნებს, International Living Magazine-ის ცხოვრების ხარისხის ინდექსში.

საფრანგეთს ყველაფერი აქვს, ლაჟვარდოვანი სანაპიროდან დაწყებული, ალპების სათხილამურო კურორტებით დამთავრებული. ზოგიერთი ამ სიკეთეებს საუცხოო ღვინოს, გემრიელ პურსა და ასობით სახეობის ყველსაც მიათვლის და ვერც შეედავებით.
უნდა აღინიშნოს, რომ მდიდარი რუსების გარდა, საფრანგეთი არაფრის მქონე იმიგრანტებსაც მაგნიტივით იზიდავს. ამის მიზეზი კეთილდღეობის, ანუ სოციალური პროგრამების სახელმწიფო მანქანაა, რომელიც უცხო ქვეყნიდან ჩასულებს, მრავალი სოციალური სტატუსიდან ერთ-ერთის მოპოვების შემთხვევაში, ისე არჩენს, ამ უკანასკნელთ ხელის განძრევაც არ დასჭირდებათ. ერთი შეხედვით, მიმზიდველია ფრანგული სამედიცინო დაზღვევის სისტემაც.

თუმცა, სახელმწიფო მსგავსი სოციალური პროგრამების განხორციელებას ახერხებს დიდი გადასახადების, უსაშველოდ რეგულირებული ეკონომიკის, დამღლელი ბიუროკრატიისა და უზარმაზარი სახელმწიფო აპარატის სანაცვლოდ. შედეგად, საფრანგეთის ეკონომიკური ზრდა წლიდან წლამდე მცირდება, უმუშევრობა კი იზრდება. „სახელმწიფოს მიერ მოქალაქის ფუნქციების საკუთარ თავზე აღებას ორი ნეგატიური ეფექტი აქვს, - უთხრა ტაბულას ფრანგმა ლიბერტარიანელმა ეკონომისტმა, მონტ პელერინის საზოგადოების ყოფილმა პრეზიდენტმა, პასკალ სალინმა, - ერთი ის, რომ ადამიანი, გადასახადების ზრდასთან ერთად, ბიზნესის კეთების მოტივაციას კარგავს. ვისაც ამის სურვილი აქვს, ის ქვეყნიდან მიდის. შესაბამისად, კაპიტალი საფრანგეთში არ გროვდება. ამას გარდა, სოციალური დახმარებებით ადამიანებს ვეუბნებით, რომ ისინი უშრომლადაც შეიძლება გადარჩნენ და შრომას ვავიწყებთ”.

ეს მართლაც ასეა. ალბათ, არც ერთ ქვეყანაში არ უთმობენ სადილსა და ვახშამს იმდენ დროს, რამდენსაც საფრანგეთში. აღსანიშნავია 35-საათიანი სამუშაო კვირა და 7-კვირიანი ანაზღაურებადი შვებულებაც. საფრანგეთში ძალიან ძნელია კვირას მომუშავე აფთიაქის ან მაღაზიის პოვნა. მაღაზიების დიდი ნაწილი იკეტება შესვენების დროს, სწორედ მაშინ, როდესაც პოტენციური კლიენტები ქუჩაში გამოდიან.

„ჩვენ ცუდი ხარისხის იმიგრაციას ვიზიდავთ. აქ ხალხი სამუშაოდ კი არა, იმისთვის ჩამოდის, რომ სახელმწიფომ არჩინოს. მე არ ვამტკიცებ, რომ ყველა ასეთია, მაგრამ დიდი ნაწილი - ნამდვილად”, - ამბობს პასკალ სალინი.

ბოლო 30 წლის განმავლობაში საფრანგეთში დაახლოებით 6 მილიონი იმიგრანტი ჩავიდა. მათი 90% მუსლიმური კულტურის წარმომადგენელია. როგორც ლეგალური, ისე არალეგალური იმიგრაციის ტემპი ყოველწლიურად მატულობს. უმცირესობათა ინტეგრაციის თემა დიდი ხანია დამოკლეს მახვილივით კიდია საფრანგეთის თავზე. ფრანგებმა თავის დროზე უარი თქვეს უმცირესობათა ჩართულობის ანგლო-ამერიკულ მოდელზე, რომელიც გულისხმობს მეტ პატივისცემას კულტურული განსხვავებების მიმართ. ყოფილმა პრეზიდენტმა შირაკმა ისიც კი განაცხადა, რომ ამ მოდელის არჩევის შემთხვევაში, „საფრანგეთი თავის სულს დაკარგავს”. მსგავსი დამოკიდებულება საფრანგეთს სირაქლემას მდგომარეობაში აყენებს. ფაქტია, რომ ექვსმა მილიონმა ადამიანმა ფრანგულ საზოგადოებაში თავისი ადგილი უნდა იპოვოს. თუ როგორ, ჯერ კიდევ არ გარკვეულა.

იმიგრანტები ძირითადად დიდი ქალაქების გარეუბნებში, ე. წ. ბანლიოებში ცხოვრობენ. გარეუბნები ხშირად გამხდარა საზოგადოებრივი წესრიგის აშლის მიზეზი - ყველას გვახსოვს 2005 წელს ცეცხლის ალში გახვეული მანქანებით სავსე საფრანგეთის ქუჩები. მაშინ პრეზიდენტ შირაკს საგანგებო მდგომარეობის შემოღებაც კი მოუხდა. ისეთი გარეუბნებიც არსებობს, სადაც შესვლა პოლიციასაც კი უჭირს, თუ სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები არ მიიღო. გარეუბნებში მკვეთრად დაბალია ცხოვრებისა და განათლების დონე. იქ მცხოვრებნი გაუცხოებულნი არიან ფრანგული საზოგადოებისგან და უჭირთ წარმატებულ მოქალაქეებად ქცევა.

უმცირესობათა უფლებადამცველი ორგანიზაცია SOS Racism-ის პრეზიდენტი, მემარცხენე აქტივისტი დომინიკ სოპო მიიჩნევს, რომ ხელისუფლების უმოქმედობას უმცირესობებთან დაკავშირებით, ფრანგული ელიტის განწყობაც განსაზღვრავს: „ძლიერია შიში იმისა, რომ იმიგრანტი მოსახლეობის ინტეგრაციის შემთხვევაში, ისინი „თეთრი ფრანგების” ადგილს დაიკავებენ ელიტაში, ავიწყდებათ რა, რომ უკვე დიდი ხანია, იყო ფრანგი არ ნიშნავს იყო თეთრი და კათოლიკე, იყო ფრანგი ნიშნავს უერთგულო რესპუბლიკის პრინციპებს, რომელიც თავისუფლებას, თანასწორობასა და ძმობას ემყარება”.

უმცირესობების გარდა, საფრანგეთის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა უმუშევრობაა. ეს პრობლემა განსაკუთრებით ახალგაზრდებს ეხება. ხშირად ხუმრობენ, რომ საფრანგეთში ახალგაზრდა ნიშნავს უნარშეზღუდულს. მიზეზი აქაც შრომის ბაზრის მძიმე რეგულირებაში უნდა ვეძებოთ. ფრანგული კანონმდებლობა იმდენად ართულებს სამსახურიდან ადამიანის დათხოვნას, რომ დამქირავებელი ერიდება ახალგაზრდა, გამოუცდელი მოქალაქის დაქირავებას და არჩევანს გამოცდილი, ასაკიანი ხალხის სასარგებლოდ აკეთებს.

შეუძლებელია საფრანგეთში რამდენიმე დღით მოხვდე და რკინიგზელების, პილოტების, მასწავლებლების, ფოსტის ან მუნიციპალური ტრანსპორტის თანამშრომლების გაფიცვის მოწმე არ გახდე. ინგლისელმა მწერალმა, სტივენ კლარკმა, ფრანგებისადმი მიძღვნილ ერთ-ერთ წიგნში „წელიწადი Merde-ში” კარგად აღნიშნა, რომ გაფიცვა, პეტანგის შემდეგ, ფრანგების უსაყვარლესი სპორტია.

პასკალ სალინი გაფიცვების სიხშირესაც არასწორი პოლიტიკით ხსნის: „სოციალური დემოკრატიის მთავარი პრობლემა ისაა, რომ ამ სისტემაში ადამიანები თავის გადასარჩენად კი არა, რომელიმე სოციალურ კატეგორიაში მოსახვედრად იბრძვიან. კატეგორიები კი, თავის მხრივ, ერთმანეთს ექიშპებიან სახელმწიფო სიკეთეების გადანაწილებაში. ხალხმა იცის, რომ დემონსტრაციების გზით შეგიძლია ხელისუფლებას ბევრი რამ დასტყუო და შესაბამისად იქცევა. საფრანგეთს მართავს პროფკავშირები, და არა ხელისუფლება. სწორედ ამიტომაც დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ხელისუფლების სათავეში მემარცხენე მიტერანია თუ მემარჯვენე შირაკი. ხელისუფლება ყოველთვის სოციალისტურია”.

აღსანიშნავია, რომ სარკოზის პრეზიდენტად არჩევა ბევრმა ანალიტიკოსმა რადიკალური ცვლილებების მომასწავებლად ჩათვალა. როგორც საგარეო პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ სფეროში. ის მართალია ფრთხილად, მაგრამ მაინც აკრიტიკებდა „კეთილდღეობაზე” დამყარებულ პოლიტიკას, საუბრობდა საკონსტიტუციო რეფორმის საჭიროებაზე, სახელმწიფო აპარატის შემცირებაზე. ახლად არჩეულმა საკროზიმ, მართლაც გადადგა რამდენიმე პოზიტიური ნაბიჯი რეფორმების კუთხით, თუმცა როგორც პასკალ სალინი აღნიშნავს, - წინააღმდეგობას გადააწყდა თუ არა - პოზიციები დათმო. ასე გაეჭედა საუნივერსიტეტო და საპენსიო რეფორმები.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც სარკოზის წინამორბედებისგან გამოარჩევდა, იყო მისი პროამერიკული განწყობა და სურვილი საფრანგეთის, როგორც აქტიური საერთაშორისო მოთამაშის როლის გაზრდისა. მას პრესამ „ფრანგული პასპორტის მატარებელი ამერიკელი ნეოკონი” უწოდა. იგივე შეიძლება ითქვას საგარეო საქმეთა მინისტრზეც. სოციალისტი ბერნარ კუშნერი, თავისი პრეზიდენტისგან განსხვავებით, ერაყის ინტერვენციასაც კი უჭერდა მხარს. ამ უკანასკნელმა ჯერ კიდევ 2004 წელს განაცხადა, რომ „როდესაც საქმე ბოროტი დიქტატორის დამხობას ეხება, ინტერვენცია გამართლებულია”.

რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, საფრანგეთის პრეზიდენტის იმედგაცრუება ბარაკ ობამას მიმართ სწორედ მისი პროამერიკულობით აიხსნება. „პრეზიდენტო ობამა, მე მხიბლავს ამერიკის გაწვდილი ხელი, მაგრამ რა მოიგო დიალოგის შეთავაზებით საერთაშორისო საზოგადოებამ? არაფერი”, - განაცხადა მან 2009 წლის სექტემბერში გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე. მან ისიც საჭიროდ ჩათვალა, ობამასთვის შეეხსენებინა, რომ „რეალურ მსოფლიოში ვცხოვრობთ და არა ვირტუალურში”.

მართლაც, ნიკოლა სარკოზის არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ის პრაგმატული პოლიტიკოსია. ამ თვისებას საფრანგეთის პრეზიდენტს კრიტიკოსები ნაკლად უთვლიან, გამომდინარე იქიდან, რომ პრაგმატული პოლიტიკოსებს თანმიმდევრულობა აკლიათ და მიმდინარე პროცესებზე რეაგირებით შემოიფარგლებიან.

სარკოზის რუსული პოლიტიკაც ამ ჭრილში შეგვიძლია მოვაქციოთ. ერთი მხრივ, გერმანიისა და რუსეთის დაახლოება, მეორე მხრივ კი - ამერიკული „გადატვირთვის” პოლიტიკა საფრანგეთის პრეზიდენტს უბიძგებს, კონიუნქტურას მოერგოს, რათა „თეთრ ყვავად” არ იქცეს.

„თუ რუსეთს პარტნიორივით მოქცევას ვთხოვთ ყველა სფეროში, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ჩათვლით, მაშინ მას როგორც პარტნიორს ისე უნდა მოვექცეთ, ასევე ყველა სფეროში”, - უთხრა ნიკოლა სარკოზიმ საქართველოს პრეზიდენტს.

სწორედ პარტნიორობაზე სასაუბროდ ესტუმრა პუტინი პარიზს სააკაშვილის წამოსვლიდან მეორე დღეს. თუმცა, რუსეთის პრემიერ-მინიტრის ვიზიტის ოფიციალურ მიზეზად გრანდ პალეში რუსეთის ეროვნული გამოფენის ინაუგურაცია დასახელდა. აღსანიშნავია, რომ გამოფენას ქართული წარმოშობის რუსი ხელოვანი, ზურაბ წერეთელი ხელმძღვანელობს, რუსეთის ნატიფი ხელოვნების აკადემიის პრეზიდენტის სტატუსით.
როგორც მოსალოდნელი იყო, პუტინისა და მისი მასპინძლების საუბრის ძირითადი თემა 4 სამხედრო ვერტმფრენმზიდი - სახელად მისტრალი - და ენერგეტიკის დარგში ორმხრივი ბიზნესთანამშრომლობა, კერძოდ კი ფრანგული ნავთობკომპანია ტოტალის სამომავლო ინვესტიციები გახლდათ. აღსანიშნავია, რომ ტოტალი ბირმის ერთ-ერთი მთავარი ინვესტორიცაა. ბირმას კი უკვე მერამდენედ ასახელებენ სხვადასხვა უფლებადამცველი ორგანიზაციები ადამიანის უფლებათა ყველაზე უხეშ დამრღვევად.

მისტრალთან დაკავშირებით ახალი არაფერი თქმულა: რამდენი გემი აიგება საფრანგეთში, რამდენი რუსეთში და გადასცემს თუ არა საფრანგეთი რუსეთს სამხედრო ტექნოლოგიას, ისევ მოლაპარაკების საგნად რჩება. მოლაპარაკების პროცესის მთავარი დამბრკოლებელი გარემოება სარკოზის განცხადებაა იმის შესახებ, რომ ვერტმფრენმზიდებს მაღალტექნოლოგიური სამხედრო აღჭურვილობის გარეშე გაყიდის, რაც გარიგებას უინტერესოს ხდის პუტინისთვის. ყველასათვის ცნობილია, რომ რუსეთის პრემიერ-მინისტრი მისტრალის ყიდვას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ საფრანგეთი მას ტექნოლოგიასაც გადასცემს.

„საფრანგეთს აქვს ასეთი ვერტმფრენმზიდები. განა ის ესხმის ვინმეს თავს? - ცინიკურად აღნიშნა ვლადიმირ პუტინმა ფრანგულ პრესასთან საუბარში, - რატომ ასკვნის ხალხი ავტომატურად, რომ რუსეთი ამ იარაღს თავდასხმისთვის გამოიყენებს?”

მართლაც, ნეტავ რატომ?

მიუხედავად იმისა მისტრალზე მოლაპარაკება შედგება თუ ჩაიშლება, მოსახდენი უკვე მოხდა: საფრანგეთის პრეზიდენტმა, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 6 პუნქტიანი შეთანხმების შესრულების გარანტი უნდა ყოფილიყო, შეთანხმების დამრღვევ მხარესთან მოლაპარაკებები წამოიწყო იარაღით ვაჭრობაზე. თუმცა ეს გარიგება საფრანგეთსა და საქართველოს შორის განხეთქილების ვაშლად არ უნდა იქცეს. ამის ფუფუნება საქართველოს არ აქვს. “მოკავშირეებს შორის უთანხმოება კრიზისში არ უნდა გადაიზარდოს” - ამ სიტყვებით გააკრიტიკა ნიკოლა სარკოზიმ ერაყში ამერიკის ინტერვენციით აღშფოთებული პრეზიდენტი ჟაკ შირაკი. ეს სიტყვები, დღესაც შეგვიძლია გავიმეოროთ: მიუხედავად ყველაფრისა, ნიკოლა სარკოზი მართალია, წამყვან ქვეყნებს შორის, “საფრანგეთი, საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია ევროკავშირში.”

კომენტარები