ისრაელის დადანაშაულება თავიდან ბოლომდე მიუღებელია

31 მაისის დილას თურქულ გემ მავი მარმარას გემბანზე ვერტმფრენიდან ისრაელის კომანდოები გადმოსხდნენ. მათ ხელი შეუშალეს ეგრეთ წოდებულ მშვიდობის აქტივისტებს ღაზას სახმელეთო ზოლამდე მიღწევაში. ამ ნაპირს ტერორისტული დაჯგუფება ჰამასი აკონტროლებს. გემბანზე მომხდარი შეტაკება გადაიზარდა საერთაშორისო თამაშში - „დააბრალე მსხვერპლს”. ჩვენ, საქართველოში, კარგად ვიცნობთ ამ თამაშს. თუმცა, ისრაელის დადანაშაულება იმაში, რომ მან თავი დაიცვა, უგულებელყოფს ფაქტებს და იმ გეოპოლიტიკურ ძვრებს, რომელიც სარჩულად ედო მომხდარს. 

მავი მარმარა უდიდესი იყო 6 ხომალდისგან შემდგარ ფლოტილიაში. თურქეთიდან მომავალი გემები ცდილობდნენ, „გაეხსნათ საზღვაო ბილიკი ღაზასა და დანარჩენ მსოფლიოს შორის,” - თქვა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მოძრაობა თავისუფალი ღაზას წევრმა გრეტა ბერლინმა. მეორე უმთავრესი ორგანიზატორი იყო თურქული Insani Yardim Vakfi - ფონდი ადამიანთა უფლებებისთვის, თავისუფლებებისთვის და ჰუმანიტარული დახმარებისათვის. ბევრის მტკიცებით, ამ ორგანიზაციას კავშირი აქვს ტერორისტებთან.

თურქეთიდან, დასავლეთ ევროპიდან და ამერიკიდან ასობით გულუბრყვილო, მაგრამ ეჭვი არ არის, გულწრფელ მშვიდობიან აქტივისტს შორის იყვნენ ჯიჰადისტებიც. მილებით, დანებით, შურდულებით და მცირე ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულნი, შეძახილებით - „ხაიბარ, ხაიბარ” (სახელწოდება ებრაული დასახლებისა, რომელიც მუჰამედმა დაამარცხა 629 წელს) ისინი თავს დაესხნენ ებრაელ ჯარისკაცებს. ცხრა ე.წ. აქტივისტი დაიღუპა.

ექვსივე ხომალდი ისრაელის ახლომდებარე პორტ აშდოდში გადაიყვანეს, საიდანაც მოხდა მგზავრების დეპორტაცია. ისრაელის ძალოვნები შეამოწმებენ ბარგს - სავარაუდოდ, სახიფათო კონტრაბანდა არ იქნება - და გადაგზავნიან მას ღაზაში. ამგვარად, ასრულდება გულწრფელი აქტივისტების წადილი. თუმცა, ფლოტილიის ორგანიზატორთა უპირველესი მიზანი ნამდვილად არ ყოფილა დახმარების აღმოჩენა გაჭირვებულებისათვის.

მათი ამოცანა იყო ღაზამდე საზღვაო ბილიკის გახსნა, ან ისრაელის მოთოკვის პრეცედენტის შექმნით, ან საერთაშორისო გამოძახილის გამოწვევით, თუკი ისრაელი გზას გადაუჭრიდა ექვს გემს.

„სისხლიანი ჟლეტა... სახელმწიფო ტერორიზმი,” - გაიძახოდა თურქეთის პრემიერ-მინისტრი ერდოღანი. „არათანაზომიერი ძალის გამოყენება”, - აზრს გამოთქვამდა საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი. „თავიდან ბოლომდე მიუღებელი”, - ამბობდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი. გერმანიის ხელისუფლება „შეშფოთდა”, ისევე როგორც გაერთიანებული ერების მდივანი, გენერალი ბან კი მუნი. შემდეგ კი, როგორც დღეს ღამე მოჰყვება, დაიწყო რეკვები, რათა ბოლო მოჰღებოდა ისრაელის ბლოკადას ღაზას სექტორზე.

საერთაშორისო აღშფოთება წაადგება ერდოღანის გეოპოლიტიკურ მიზნებს. იგი ცდილობს თურქეთის დისტანცირებას დასავლეთისგან და მსოფლიო პოლიტიკაში დიდ ძალად დამკვიდრებას - ირანთან პაექრობით და, ამავდროულად, შეხმატკბილებით. დასავლელმა ლიდერებმაც შეიძლება თავს სასარგებლო ხმაურის ნება დართონ, როცა მათი გულუბრყვილო თანამემამულეები სახლში დაბრუნდებიან ფლოტილიის დღესასწაულებიდან. მაგრამ მსხვერპლის დადანაშაულება, კამერონსვე რომ დავესესხოთ, „თავიდან ბოლომდე მიუღებელია”.

შეგახსენებთ, რომ 2005 წელს, საერთაშორისო ზეწოლით, ისრაელმა გაიყვანა ჯარი ღაზას სექტორიდან და იძულებით აყარა ებრაული დასახლებები. ოთხი თვის შემდეგ ჰამასმა გაიმარჯვა არჩევნებში და ხელში აიღო სახელმწიფოს სადავეები. აშშ-მ და ევროკავშირმა შეუწყვიტეს ღაზას დახმარება. ჰამასმა მოწინააღმდეგეებს სამოქალაქო ომი გამოუცხადა და 360-კვადრატულკილომეტრიანი ტერიტორია ერთ დიდ ტერორისტულ ბანაკად აქცია. 2007 წლიდან ისრაელის ქალაქებსა და სოფლებს ათობით ათასმა ჭურვმა დააწვიმა ღაზადან.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი არ ცდება, როცა ამბობს, რომ „ვითარება ღაზაში არამდგრადი და მიუღებელია”. თუმცა, დასავლელ დიპლომატთა უმეტესობის ახლომხედველური რეაქცია იქნება ისრაელის დადანაშაულება, ღაზამდე გზების გახსნის ახალი სქემის შექმნა და სამშვიდობო პროცესში განახლებული მხნეობით ჩართვა.

მაგრამ, ერთმანეთთან დაკავშირებული გეოპოლიტიკური საკითხების დანაწევრება ისე, როგორც დიპლომატებსა და პოლიტიკოსებს აწყობთ, განუხორციელებადია. ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში გრძელვადიანი დადებითი შედეგი მიუღწეველი იქნება მანამ, სანამ თვალს არ გავუსწორებთ მწარე სიმართლეს, რომ როცა ვამბობთ მშვიდობას, იგულისხმება მშვიდობა ღაზაშიც. ღაზას ახლა ჰამასი მართავს, რომელიც ირანს ექვემდებარება და რომლის უმთავრეს მისწრაფებათა ნუსხას სათავეში უდგას ბირთვული იარაღის დამზადება და ისრაელის განადგურება. აი, რა უნდა იყოს „თავიდან ბოლომდე მიუღებელი”.

კომენტარები