ხალხი, რომელიც დააკლდა... მუნდიალს

დღეს მთელი საფეხბურთო სამყარო იმაზე მსჯელობს, რომელი ფეხბურთელი მოახერხებს მუნდიალის უპირველეს ვარსკვლავობას. კანდიდატი ბევრია – მესი, კრიშტიანო რონალდუ, რუნი, კაკა... არანაკლები მსჯელობაა იმაზე, თუ ვინ გახდება მსოფლიო ჩემპიონატის აღმოჩენა ან საუკეთესო ბომბარდირი...

ეს წერილი კი იმათ ეძღვნება, ვინც ვერაფრით ვერ მოხვდება გმირების რიცხვში და, უფრო მეტიც, საერთოდ ვერ გავა მინდორზე – ზოგი ტრავმის, ზოგი მწვრთნელის ახირების, ზოგიც სხვა საფეხბურთო თუ პირადი მიზეზით...

მოგეხსენებათ, ყველა ნაკრების განაცხადში 23 ფეხბურთელი ირიცხება. მოდი, ჩვენც ანალოგიური პრინციპით შევადგინოთ “ინტერნაციონალური” ნაკრები და პოპულარული ქართული ლექსის პერიფრაზად მას პირობითად დავარქვათ – ხალხი, რომელიც დააკლდა მუნდიალს.

თავიდანვე შევთანხმდეთ – ეს “ჩვენი” ნაკრებია და არავითარ გაპროტესტებას არ ექვემდებარება! თუ არ მოგწონთ ან არგენტინელთა რაოდენობა გაღიზიანებთ, შეადგინეთ თქვენი ვარიანტი (ბევრი ბრაზილიელით) და რედაქციას მიაწოდეთ...

ჩრდილოეთ კორეის გარდა, რომელმაც აფრიკაში მეკარის ნაცვლად ფორვარდი წაიყვანა, სამი გოლკიპერის შერჩევა ყველამ მოახერხა. კიმ ირ სენისა და მისი მემკვიდრეებისადმი ჩემი გულწრფელი და ღრმა პატივისცემის მიუხედავად, ჩვენი გუნდისთვის მეც სამი მეკარე შევარჩიე: ტრავმირებული რენე ადლერი (გერმანია), საკვალიფიკაციოში ჩარჩენილები პეტრ ჩეხი (ჩეხეთი) და შეი გივენი (ირლანდია). ვფიქრობ, ამათი კვალიფიკაცია ეჭვს არ იწვევს – ადლერი ლიოვის უპირობო ფავორიტი გახლდათ, ჩეხმა “ჩელსიში” ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა, გივენი კი “მანჩესტერ სიტის” წარმატების მთავარი შემოქმედია.

დაცვაში ორი პოზიცია უეჭველია – რიო ფერდინადს ინგლისის ნაკრების კაპიტნის სამკლაური უაზრო ტრავმამ დააკარგვინა, უბერებელი არგენტინელი უნივერსალი ხავიერ ძანეტი კი მარადონამ ალბათ სეზონში “მეტისმეტად ბევრი” ტიტულის მოგებისთვის დაიწუნა. დანარჩენი ხუთი ადგილი ასე გავანაწილეთ: დაშავებული გერმანელი ჰაიკო ვესტერმანი, საკუთარი ნებით შინ დარჩენილი იტალიელი ალესანდრო ნესტა, საკვალიფიკაციოს შეწირული ბელგიელი დანიელ ვან ბუიტენი და ანრის ხელით გამოგდებული ირლანდიელი ჯონ ო’ში. სენტიმენტალური მიზეზებით აქ ინგლისელი უეინ ბრიჯის ადგილიც მოვძებნეთ, რომელმაც იუარა ცოლის საყვარელთან (ჯონ ტერი) ერთად თამაში.

თუ ნახევარდაცვაში ორი საყრდენით “ვითამაშებთ”, ესტებან კამბიასოსა და მიკაელ ესიენის წყვილს, ალბათ, არავინ გაგვიპროტესტებს. ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორმაც, რომელიც, დიეგოს გარდა, ყველამ დააფასა და ტრავმირებულმა განელმაც, უკანასკნელ სეზონში მნიშვნელოვნად შეივსეს ტიტულების რიცხვი. შეტევების ორგანიზება კი გერმანელთა დაშავებულ კაპიტან მიხაელ ბალაკსა და ფორმადაბრუნებულ, მაგრამ დუნგასთვის მიუღებელრონალდინიოს დავავალოთ.

თადარიგში დაგვრჩებიან ფეხმოტეხილი დევიდ ბექჰემი და მწვრთნელებთან ნაჩხუბრები: ტორსტენ ფრინგსი (გერმანია) და რომან რიკელმე (არგენტინა).

ახლა ფორვარდები ვნახოთ. აქ ტურნირის უმთავრეს დანაკლისად დიდიე დროგბა გვესახება, არა მხოლოდ თავისი უმაღლესი კლასის გამო, არამედ იმიტომ, რომ ტრავმა უკანასკნელ სავარჯიშო მატჩში მიიღო. თუმცა არაა გამორიცხული, აფრიკის საუკეთესო ფორვარდი მოედანს რაღაც მომენტში დაუბრუნდეს. ჩვენს ძირითადში მისმა პარტნიორმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კარგა ხანია გადახარშა უმუნდიალოდ დარჩენა, რადგან ვერაფრით დაეხმარა საკვალიფიკაციოში მშობლიურ შვედეთს. იგივე ითქმის გერმანიის ჩემპიონატის ბოსნიელ ბომბარდირ ედინ ჯეკოზეც. მისი უხასიათო გერმანელი მდევარი კევინ კურანი კი, იტალიელთა “უძღები შვილი” ანტონიო კასანოსა, რეალში გასათადარიგოებული ფრანგ ქარიმ ბენზემასა და საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებულ არგენტინელი ლისანდრო ლოპესის მსგავსად, მწვრთნელთა გემოვნებაში ვერ ჩაჯდნენ.

სამწუხაროდ, ტრავმირებულთა სია ყოველდღიურად იზრდება. ჯერაც უცნობია, მოახერხებენ თუ არა ფორმის აღდგენას ესპანელთა ლიდერები ფერნანდო ტორესი, სესკ ფაბრეგასი და ანდრეს ინიესტა, საერთოდ ჩავა თუ არა აფრიკაში ჰოლანდიელი არიენ რობენი...
ფაქტია, რომ ამ ხალხის არყოფნით მუნდიალი და, პირველ რიგში, მაყურებელი დაზარალდება.

კომენტარები