სპეკულაციები თემაზე სააკაშვილი 2013

“მომენატრა თავისუფლება, დაცვის გარეშე სიარული. ბევრი რამ მაინტერესებს - არქიტექტურა, ეკონომიკა, ბიზნესი. მაგრამ ყველაზე მეტად რეფორმების ბედი მაწუხებს. საქართველოში რეფორმები უნდა გაგრძელდეს. ამ შესაძლებლობაზე (პრემიერ-მინისტრობაზე) დავფიქრებულვარ, თუმცა წინ იმდენი გაურკვევლობაა, დღეს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლებელია. ვინ იცის, რა მოუვა ეკონომიკას ორ წელიწადში, როგორი იქნება საკონსტიტუციო რეფორმა, რა განწყობა ან პოლიტიკური მხარდაჭერა მექნება?!” - ეს არის ციტატა საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუდან, რომელიც 7 ივნისს ფრანგულ Le Monde-ში გამოქვეყნდა. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, თუ რას აპირებს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ; გეგმავს თუ არა, გახდეს პრემიერი, როგორც ეს პუტინმა გააკეთა. მიხეილ სააკაშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ პუტინი პუტინია და რუსეთს არა პრეზიდენტი ან პრემიერი, არამედ პუტინი და უშიშროების ფედერალური სამსახური მართავს.
მოგვიანებით სააკაშვილმა 20minutes.fr-სთან ინტერვიუში განმარტა, რომ მან მხოლოდ ის თქვა, საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდგომ მომავალზე მიფიქრიაო. რაც შეეხება ფრჩხილებში მოქცეულ სიტყვა “პრემიერ-მინისტრობას”, მას ეს არ უთქვამს. ეს ჟურნალისტის ინტერპრეტაციაა.
პრემიერ-მინისტრის საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც 2009 წლის გაზაფხულის პოლიტიკური დაძაბულობისას მთავრობამ ოპოზიციას სახელმწიფო კომისიის შექმნა და ახალ კონსტიტუციაზე ერთობლივად მუშაობა შესთავაზა. ოპოზიციის დიდი ნაწილი თავიდანვე საპარლამენტო მოდელის მომხრე იყო. ათთვიანი მუშაობის შემდეგ საბაზისოდ შერეული მოდელი დამტკიცდა. კომისიამ კონსტიტუციის ორი სხვა მოდელიც განიხილა და უარყო. ორივე საპრეზიდენტო მმართველობის პრინციპს ეფუძნებოდა.
შერეული მოდელი პრემიერის როლს საგრძნობლად აძლიერებს პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვის ხარჯზე. მთავრობა ხდება აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას ატარებს და ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე. მთავრობის მეთაურია პრემიერ-მინისტრი, რომელიც ნიშნავს და ათავისუფლებს მთავრობის სხვა წევრებს.
კომისიის მუშაობის პარალელურად, არაერთხელ გამოითქვა ეჭვი, რომ მსგავსი მოწყობის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილს ქვეყნის სათავეში მესამედ მოსვლის შანსი ეძლეოდა. ამ აზრს არ იზიარებენ ქრისტიან-დემოკრატები. ლევან ვეფხვაძის თქმით, სააკაშვილი ქვეყნის მართვას საპარლამენტო მოდელის გარეშეც შეძლებს. მას შეუძლია გახდეს პარლამენტის თავმჯდომარე ან, ამერიკული მოდელის შემთხვევაში, ვიცე-პრეზიდენტი და ასე გამოიყენოს თავისი გავლენა ქვეყნის სამართავად, მიუხედავად იმისა, კანონმდებლობით იქნება უფლებამოსილი, თუ არა.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის პარალელურად ფუნქციონირებს ე.წ. საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისია, რომელიც ასევე საპარლამენტო წყობილების მომხრეა. მისი წევრი ვახტანგ ხმალაძე სააკაშვილის გაპრემიერებას არ გამორიცხავს. მისი თქმით, არსებობს მხოლოდ ერთი - ამერიკული საპრეზიდენტო მოდელი, რომლითაც სააკაშვილი პრემიერი ვერ გახდება.
რაც შეეხება თავად მიხეილ სააკაშვილს, ის თავიდანვე საპრეზიდენტო მოდელს ემხრობოდა. ჯერ კიდევ 2009 წლის 11 მაისს, ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ, მან თქვა, რომ ოპონენტებს სხვადასხვა წინადადება შესთავაზა, მათ შორის, საკონსტიტუციო რეფორმა ძლიერი პრეზიდენტითა და ძლიერი პარლამენტით.
2010 წლის 1 მარტს „კომერსანტ ვლასტთან” ინტერვიუში კი განაცხადა: „მიმაჩნია, რომ საქართველოში უნდა იყოს ძლიერი საპრეზიდენტო ხელისუფლება. ამას გარდა, ყოველ ადამიანს, ნებისმიერ შემთხვევაში, საკუთარი რესურსი აქვს. 2013 წლისთვის, როგორც ქვეყნის ლიდერი, ჩემს რესურსს ალბათ მეტ-ნაკლებად ამოვწურავ”.
ახლანდელ ვითარებაში სააკაშვილს გაპრემიერების შანსი აქვს. კონსტიტუციის საბაზისო მოდელის თანახმად, მთავრობას ახლად არჩეულ პარლამენტში საუკეთესო შედეგის მქონე პარტია აკომპლექტებს. გამომდინარე იქიდან, რომ 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის პარტიამ ქვეყნის მასშტაბით 65,75%-იანი შედეგი აჩვენა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებმა თითქმის ყველა მაჟორიტარული მანდატი მოიპოვეს, საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ ჩატარებულიყო და სააკაშვილს პრემიერობის სურვილი გასჩენოდა, ის უპრობლემოდ დაიკავებდა პოსტს.
პრეზიდენტების პრემიერ-მინისტრად დანიშვნის მაგალითები, რუსეთის გარდა, გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნებშიც მოიძებნება. მონტენეგროს პრეზიდენტი მილო ჯუკანოვიჩი (1998-2002) 2003 წელს პრემიერ-მინისტრი გახდა. აღმოსავლეთ ტიმორში შანანა გუჟმაო, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ (2002-2007), ქვეყნის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს.



 

კომენტარები