30 მაისის ადგილობრივი არჩევნები: ციფრები, ტენდენციები და ანალიზი

ზოგადი მონაცემები
30 მაისს საქართველოში გამართულ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობდა რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 49%. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კენჭისყრის შედეგები 3694 უბნიდან 5-ში გააუქმა. საარჩევნო სისტემის პროპორციული კომპონენტის მიხედვით, პარტიათა მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით დაგროვებული ხმები ასე გადანაწილდა: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 65,75%, ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება - 11,94%, ალიანსი საქართველოსთვის - 9,19%, ეროვნული საბჭო - 6,77%, თოფაძე-მრეწველები - 4,19%. არჩევნებში მონაწილე დანარჩენი 12 პარტიიდან თითოეულმა 1%-ზე ნაკლები მოაგროვა, ყველამ ერთად კი - 3%-ზე ნაკლები.
დედაქალაქში პროპორციული წესით მიღებული მხარდაჭერა ასე გადანაწილდა: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 52,49%, ალიანსი საქართველოსთვის - 17,98%, ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება - 12,05%, ეროვნული საბჭო - 8,26% და თოფაძე-მრეწველები - 6,23%. დანარჩენი 12 პარტიიდან თითოეულმა 1%-ზე ნაკლები მოაგროვა, ხოლო ყველამ ერთად - 3%-მდე.
რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებს, რომლებიც სამ საარჩევნო ოლქში გაიმართა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებმა პირველივე ტურში სამივეგან დამაჯერებლად გაიმარჯვეს. დედაქალაქის ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში ანდრო ალავიძემ 66,52% მოაგროვა, გურჯაანში გიორგი ჩივიაშვილმა - 80,37%, ოზურგეთში გოჩა შანიძემ კი - 78,87%. ნიშანდობლივია, რომ ძირითადი ოპოზიციური პარტიებიდან მხოლოდ ქრისტიან-დემოკრატებს ჰყავდათ წარდგენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატი და ისიც მხოლოდ თბილისის ჩუღურეთის ოლქში. კახა ბასილიამ 16,97% დააგროვა, რაც, სხვათა შორის, ამ პარტიის საარჩევნო მოსწრებას რამდენიმე პუნქტით აღემატება.
ოპოზიციური პარტიები ნაციონალურ მოძრაობასთან დამარცხდნენ საქართველოს ყველა საარჩევნო ოლქსა და უბანში. მათ ასევე ვერ შეძლეს მოეპოვებინათ თუნდაც ერთი მაჟორიტარული მანდატი დედაქალაქში.
თბილისის მერობისათვის 9 კანდიდატი იბრძოდა. ერთიან ნაციონალურ მოძრაობას გიგი უგულავა წარმოადგენდა, ალიანსს საქართველოსთვის - ირაკლი ალასანია, ქრისტიან-დემოკრატიულ გაერთიანებას - გიორგი ჭანტურია, ეროვნულ საბჭოს - ზვიად ძიძიგური, თოფაძე-მრეწველებს კი - გოგი თოფაძე. უგულავამ 55,23% დააგროვა, ალასანიამ - 19,05%, ჭანტურიამ - 10,7%, ძიძიგურმა - 8,31%, ხოლო თოფაძემ - 5,19%. მერობის დანარჩენი ოთხი კანდიდატიდან თითოეულმა 1%-ზე ნაკლები მიიღო, მთლიანობაში კი - 3%-ზე ნაკლები.

კონტურები და ანალიზი
სულ ხუთმა პოლიტიკურმა პარტიამ გადალახა საარჩევნო ბარიერი. არჩევნებში გამარჯვებულმა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ქვეყნის მასშტაბით მეორე ადგილზე გასულ ქრისტიან-დემოკრატიულ გაერთიანებასთან შედარებით, 5,5-ჯერ მეტი ხმა მოაგროვა, ხოლო მესამე ადგილზე გასულ პარტიას - ალიანსი საქართველოსთვის - 7-ჯერ მეტი ხმით აჯობა.
ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ დედაქალაქში, პროპორციული წესით, საერთო-ეროვნულზე ნაკლები ხმა მიიღო და მეორე ადგილზე გასულ ალიანსს მხოლოდ 2,9-ჯერ აჯობა, მესამე ადგილზე გასულ ქრისტიან-დემოკრატებს კი - 4-ჯერ.
ოპოზიციური პარტიების მიერ თბილისში წარდგენილი ყველა მაჟორიტარი კანდიდატი დამარცხდა. ოპოზიციურმა ძალებმა მარცხი იწვნიეს სამი მაჟორიტარული მანდატისათვის ჩატარებულ პარლამენტის შუალედურ არჩევნებშიც.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა თბილისის მერის თანამდებობაზე, გიგი უგულავამ, პირველივე ტურში დამაჯერებლად მოიგო. მან მეორე ადგილზე გასულ ირაკლი ალასანიას 2,9-ჯერ აჯობა, ხოლო მესამე ადგილზე გასულ გიორგი ჭანტურიას კი - 5-ჯერ.
პროპორციული სისტემით, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ყველაზე მეტი ხმა- 60,13% - თბილისის მასშტაბით, მთაწმინდის ოლქში მიიღო, ხოლო ყველაზე ნაკლები კი - ვაკესა (43,48%) და საბურთალოში (47,84%). მმართველი პარტიის დანაკარგები ამ ბოლო ორ რაიონში ალიანსის მიერ მიღებული შედარებით მაღალი მხარდაჭერის შედეგი იყო. ვაკესა და საბურთალოში ალიანსმა, შესაბამისად, 29,81% და 24,72% მოიპოვა. დედაქალაქის გარეთ მმართველმა პარტიამ ყველაზე მეტი ხმა - 85,96% - თიანეთის რაიონში მიიღო, ხოლო ყველაზე ნაკლები - 56,89% - საჩხერეში.
აღსანიშნავია, რომ ნაციონალური მოძრაობის „დანაკარგის” მიზეზი საჩხერეში ქრისტიან-დემოკრატების მაღალი მხარდაჭერა გახდა. გიორგი თარგამაძის პარტიამ აქ 24,12% მიიღო.
ქრისტიან-დემოკრატებმა ქვეყნის მასშტაბით მიღებულ 11,94%-ზე რამდენიმე პროცენტით მეტი ხმა, გარდა საჩხერისა, შემდეგ ქალაქებსა და რაიონებშიც მიიღეს: ქუთაისში - 21,27%, ყვარელში - 20,45%, ჭიათურაში - 18,69%, ცაგერში - 18,11%, მესტიაში - 17,69%, ონში - 17,35%, ლანჩხუთში - 16,71%, ოზურგეთში - 16,58%, წყალტუბოში - 16,58%, ფოთში - 16,48%, ბაღდათში - 16,31%, ხელვაჩაურში - 15,65% და ბათუმში - 15,01%. რაც შეეხება თბილისის რაიონებს, ქრისტიან-დემოკრატებს საუკეთესო შედეგები ჰქონდათ გლდანსა (16,3%) და სამგორში (15,32%). ქრისტიან-დემოკრატებმა ყველაზე მცირე მხარდაჭერა მიიღეს ლენტეხში (0%), ახალქალაქსა (2,42%) და თიანეთში (3,81%).
ვაკისა და საბურთალოს გარდა, ალიანსს საქართველოსთვის კარგი შედეგები ჰქონდა დედაქალაქში მთაწმინდის (20,07%), დიდუბისა (19,14%) და ჩუღურეთის (17,1%) რაიონებში, ხოლო თბილისის გარეთ კი - ლენტეხში (13,32%), ზესტაფონში (12,39%), წალენჯიხასა (12,15%) და ხარაგაულში (11,88%). ალიანსმა ცუდი შედეგი აჩვენა თიანეთში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში (თითოეულში 0%), ადიგენში (2,33%), ხობსა (2,98%) და მარნეულში (3%).
ეროვნულმა საბჭომ ქვეყნის მასშტაბით მიღებულ 6,77%-ს რამდენადმე გადააჭარბა - თბილისში: ისნის (9,53%), სამგორისა (9,09%) და დიდუბის (9,02%) რაიონებში, ხოლო დედაქალაქის გარეთ კი - ქობულეთში (16,58%), ლანჩხუთში (13,77%), ხელვაჩაურში (13,59%), ბათუმსა (13,39%) და ხულოში (11,37%).
თოფაძე-მრეწველებმა საერთონაციონალურ, პროპორციულ მაჩვენებელზე (4,19%) რამდენიმე პროცენტით მეტი ხმა მოიპოვეს - დედაქალაქში: ნაძალადევის (7,07%), ვაკის (6,93%), საბურთალოსა (6,83%) და დიდუბის (6,78%) რაიონებში, ხოლო თბილისს გარეთ კი - ბორჯომში (11,89%), ნინოწმინდაში (9,6%), აბაშაში (9,53%), ახალქალაქში (8,46%), თეთრიწყაროსა (7,63%) და მარტვილში (6,29%).
უგულავას მიერ დაგროვილი ხმები შეესაბამება მისი წარმდგენი მმართველი პარტიის მიერ თბილისში მიღებულ მხარდაჭერას - 55,23% : 52,49%. იგივე ითქმის მერობის სხვა კანდიდატებზე და მათ წარმდგენ პარტიებზეც: ირაკლი ალასანია : ალიანსი საქართველოსთვის - 19,05% : 17,98%; გიორგი ჭანტურია : ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება - 10,7% : 12,05%; ზვიად ძიძიგური : ეროვნული საბჭო - 8,31% : 8,26% და გოგი თოფაძე : თოფაძე-მრეწველები - 5,19 : 6,23%. ეს გარემოება იმაზე მიუთითებს, რომ ამომრჩეველი ძირითადად მკაფიოდ უკავშირებდა ერთმანეთს პოლიტიკურ პარტიასა და მის კანდიდატს, თუმცა არ შეიძლება არ აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ უგულავას თბილისში ცოტათი უფრო მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, ვიდრე ნაციონალურ მოძრაობას, ხოლო ქრისტიან-დემოკრატებმა კი უფრო მეტი ხმა მიიღეს, ვიდრე მათმა მერობის კანდიდატმა, გიორგი ჭანტურიამ.
ოპოზიციური პარტიები ძირითადად ერთმანეთს უყოფდნენ ხმებს, განსაკუთრებით, დედაქალაქის გარეთ. ტიპური მოვლენა იყო, მაგალითად, ალიანსის მიერ მიღებული მაღალი მაჩვენებელი ქრისტიან-დემოკრატების მიერ მიღებული დაბალი პროცენტების ხარჯზე (ან პირიქით) და ნაციონალური მოძრაობის მიერ მიღებული სტაბილურად მაღალი მხარდაჭერის ფონზე. ოპოზიციურ ფრონტზე ხმების გაყოფის ნიმუშია, მაგალითად, ქუთაისი, სადაც ქრისტიან-დემოკრატებმა მაღალი შედეგი აჩვენეს (21,27%), მაგრამ ხმები წაართვეს არა ნაციონალურ მოძრაობას, არამედ სხვა ოპოზიციურ პარტიებს.
ამ ზოგად ტენდენციაში გამონაკლისებიცაა. კერძოდ, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ყველაზე ცოტა ხმა დედაქალაქის გარეთ ლანჩხუთის (56,53%), საჩხერისა (56,89%) და ზესტაფონის (58,61%) რაიონებში მიიღო. აღსანიშნავია, რომ საჩხერის რაიონში ქრისტიან-დემოკრატებმა უჩვეულოდ ბევრი ხმა (24,12%) მოიპოვეს და არც ალიანსს (9,02%) ჰქონდა ურიგო შედეგი. რაც შეეხება ზესტაფონსა და ლანჩხუთს, ამ რაიონებში ოპოზიციური პარტიების მიერ მიღებული მაღალი პროცენტული მონაცემები უფრო თანაბრად გადანაწილდა. ზესტაფონის რაიონში ქრისტიან-დემოკრატებმა 15,19% მიიღეს, ალიანსმა - 12,39%, ეროვნულმა საბჭომ კი - 10,14%. ლანჩხუთის რაიონში ქრისტიან-დემოკრატებმა 16,71% მოიპოვეს, ეროვნულმა საბჭომ - 13,77%, ხოლო ალიანსმა კი - 10,51%. ლანჩხუთი ერთგვარი გამონაკლისია გურიის დანარჩენ ორ რაიონში ნაციონალური მოძრაობის მიერ მიღებული მაღალი მხარდაჭერის ფონზე.
მთაწმინდის ოლქში ნაციონალური მოძრაობის მიერ მიღებული 60,13% და ვაკეში მიღებული 43,48% იმაზე მიუთითებს, რომ ამ პარტიისადმი მხარდაჭერა, დედაქალაქის მასშტაბით, ერთგვაროვანი არ არის, რაც, ალბათ, განპირობებულია არა მარტო ამა თუ იმ რაიონში მცხოვრები მოსახლეობის სოციალური მდგომარეობითა და კულტურული თავისებურებებით, არამედ იმითაც, თუ ბიუჯეტის რა ნაწილი იხარჯება კეთილმოწყობასა და განვითარებაზე.
რაც შეეხება თითქმის 30%-იან განსხვავებას ნაციონალური მოძრაობის მიერ თიანეთში მიღებულ 85,96%-იან მხარდაჭერასა და საჩხერეში აღებულ 56,89%-ს შორის, მიზეზის დადგენა სოციალური კვლევების ჩატარებას მოითხოვს და ჯერჯერობით შეუძლებელია სერიოზული ანალიზის გაკეთება. არ არის გამორიცხული, რომ გარკვეული კანონზომიერი მიმართებაა ბიძინა ივანიშვილის ფაქტორსა და საჩხერელების მიერ გიორგი თარგამაძის პარტიის სერიოზულ მხარდაჭერას შორის.
ქრისტიან-დემოკრატების მიერ ყვარელში 20,45%-ის დაგროვება, როგორც ჩანს, სხვა ოპოზიციური პარტიების დაბალი პროცენტების ხარჯზე მოხდა, თუმცა, ალბათ, გასათვალისწინებელია ის შედარებით მაღალი მხარდაჭერაც, რომლითაც ბადრი პატარკაციშვილი სარგებლობდა ყვარელში - 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ხოლო თარგამაძის პარტია კი - 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებისას.
ბადრი პატარკაციშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში 7,1% მიიღო და, ამ შედეგთან შედარებით, უჩვეულოდ მაღალი მხარდაჭერა ჰქონდა ქობულეთში (19,44%), ხელვაჩაურში (19,34%), გურჯაანში (19,79%), დედოფლისწყაროში (17,95%), მესტიაში (17,22%), ოზურგეთში (16,34%), ბათუმსა (14,21%) და ყვარელში (12,74%).
შედარებისათვის, გიორგი თარგამაძის პარტიის მიერ წლევანდელ ადგილობრივ არჩევნებში მიღებული ხმები ამავე რაიონებში ასე გამოიყურება: ქობულეთში - 8,82%, ხელვაჩაურში -15,65%, გურჯაანში - 15,02%, დედოფლისწყაროში- 9,91%, მესტიაში - 17,69%, ოზურგეთში - 16,58%, ბათუმში -15,01% და ყვარელში - 20,45%.
საინტერესოა ამ რაიონებში ეროვნული საბჭოს მიერ წელს მიღებული ხმები: ქობულეთში - 16,58%, ხელვაჩაურში - 13,59%, გურჯაანში - 6,85%, დედოფლისწყაროში - 4,13%, მესტიაში - 3,19%, ოზურგეთში - 9,34%, ბათუმში - 13,42% და ყვარელში - 0%.
აღსანიშნავია შემდეგი დაკვირვება: აჭარაში ოპოზიციურმა ელექტორატმა მხარი დაუჭირა ქრისტიან-დემოკრატებსა და ეროვნულ საბჭოს და, ამასთან, აჭარის ოთხივე რაიონსა და ქალაქ ბათუმში ეროვნულმა საბჭომ, ქვეყნის მასშტაბით, დაჯაბნა ალიანსი საქართველოსთვის. ასეთი რეგიონული შედეგი ეროვნულ საბჭოს სხვა მხარეებში არ ჰქონია.
მესტიაში საშუალოზე მნიშვნელოვნად მაღალი შედეგი ჰქონდათ ქრისტიან-დემოკრატებს (17,69%), ხოლო პოლიტიკურმა მოძრაობამ - „თავისუფლებამ” კი აქ უჩვეულოდ მაღალი შედეგი (9,23%) აჩვენა, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიღებული 0,32%-ის ფონზე.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ეროვნული საბჭო. ის ოპოზიციურ ფრონტზე ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელსაც ღიად პრორუსული პლატფორმა აქვს. აღსანიშნავია, რომ ნოღაიდელის გაერთიანებამ თბილისში უფრო მეტი ხმა მოაგროვა (8,26%), ვიდრე მთელი ქვეყნის მასშტაბით (6,77%). ნოღაიდელის მოლოდინის საწინააღმდეგოდ, და რუსული ბაზრის გახსნის დაპირების მიუხედავად, რუსულ ემბარგომდე ამ ბაზარზე ორიენტირებულ რეგიონებში ეროვნულმა საბჭომ არცთუ სახარბიელო შედეგები აჩვენა. ასე, მაგალითად, გორში მან 3,67% მიიღო, ხოლო ქარელში კი - 4,82%. მსგავსი მაჩვენებლებია ღვინის მწარმოებელ კახეთშიც, ყვარლის 0%-დან დაწყებული და საგარეჯოს 7,69%-ით დამთავრებული. რაც შეეხება ციტრუსის მწარმოებელ დასავლეთ საქართველოს, ეროვნული საბჭო შედარებით წარმატებული იყო აჭარასა და გურიაში.
აღსანიშნავია, რომ პარტიათა მიერ მიღებული შედეგები, რეგიონულზე მეტად, რაიონული განსხვავებებით ხასიათდება და ერთსა და იმავე მხარეში ხშირად მნიშვნელოვანი ასიმეტრია შეინიშნება, რაც, ალბათ, იმის შედეგიცაა, რომ მხარეებად საქართველოს ადმინისტრაციული დაყოფა ჯერაც დაუმთავრებელი პროცესია. მაგალითად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერა 64%-დან 70%-მდე მერყეობს, რაშიც მესტიის რაიონში მიღებული 57,17% მნიშვნელოვანი „ჩავარდნაა”. არც ზემო და ქვემო სვანეთი იძლევა უკეთეს კორელაციას, რადგანაც მმართველმა პარტიამ ლენტეხში 81,51% მიიღო - 24,34%-ით მეტი ვიდრე მესტიაში.
ოპოზიციურ პარტიათა მიერ მიღებულ შედეგებსაც მნიშვნელოვანი შიდარეგიონული განსხვავებები ახასიათებს. მაგალითად, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ონის რაიონში ქრისტიან-დემოკრატებმა 17,35% მიიღეს, აბროლაურში- 9,55%, ხოლო ამავე მხარეში შემავალ ლენტეხში კი - 0%. კიდევ უფრო შთამბეჭდავია განსხვავება ზემო და ქვემო სვანეთში ქრისტიან-დემოკრატების მიერ მიღებულ ხმათა შორის: მესტიაში 17,69%, ხოლო ლენტეხში კი - 0%.
სამცხე-ჯავახეთის მხარეშიც თვალშისაცემი განსხვავებაა რაიონების მიხედვით: დიდი კონტრასტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ ბორჯომსა (58,23%) და ახალქალაქში (83,87%) მოპოვებულ ხმებს შორის და ქრისტიან-დემოკრატების მიერ ახალქალაქსა (2,42%) და ბორჯომში (15,37%) მიღებულ პროცენტებს შორის.
იმერეთის მხარეში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერა საჩხერეში 56,89%-ია, ხონში კი - 84,04%, ქრისტიან-დემოკრატებისა კი ხონში - 6,4%, ხოლო საჩხერეში - 24,12%. რაც შეეხება ალიანსს, მის მიერ ქუთაისში მიღებული ხმები (5,25%) ორჯერ და მეტად ჩამოუვარდება მეზობელ ზესტაფონში მიღებულ ხმებს (12,39%).
შედარებით ერთგვაროვანი შედეგებია შიდა ქართლის იმ ოთხ რაიონში, სადაც არჩევნები გაიმართა. აქ ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერა 70%-დან 78%-მდე მერყეობს, ქრისტიან-დემოკრატებისა - 9%-დან 11%-მდე, ალიანსისა - 5%-დან 7,5%-მდე, ეროვნული საბჭოსი კი - 3%-დან 5%-მდე. ის, რომ უმნიშვნელო განსხვავებაა შიდა ქართლის რაიონებში პარტიების მიერ მიღებულ ხმებს შორის, ალბათ იმაზეც მეტყველებს, რომ ეს მხარე სხვა რეგიონებთან შედარებით უფრო ერთგვაროვანია. შიდა ქართლს „ერთგვაროვნების ინდექსით” აჭარა მოსდევს.
თუ შევადარებთ 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივ არჩევნებსა და 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებს, აღმოვაჩენთ როგორც მსგავსებას, ასევე განსხვავებას. ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ორივე არჩევნები მოიგო, ამასთან, წლევანდელი არჩევნები - 65,75%-ით, ხოლო ორი წლის წინანდელი - 59,18%-ით. ქრისტიან-დემოკრატებმაც გაიუმჯობესეს შედეგი საპარლამენტო არჩევნებში მიღებული 8,66%-დან წლევანდელ 11,94%-მდე.
კიდევ უფრო შთამბეჭდავად გამოიყურება თოფაძე-მრეწველების შედეგების ზრდა 0,93%-დან 4,19%-მდე. იგივე ითქმის რესპუბლიკური პარტიის შედეგზეც. მან 2008 წელს მხოლოდ 3,78% მიიღო, მაშინ, როცა ალიანსმა, რომლის ბირთვსაც დღეს რესპუბლიკელები შეადგენენ, ადგილობრივ არჩევნებში 9,19% მოაგროვა.
ძნელი სათქმელია, თუ ვისზე გადანაწილდა 2008 წელს „გაერთიანებული ოპოზიციისა” და ლეიბორისტული პარტიის მიერ მიღებული ხმები. უნდა ვივარაუდოთ, რომ ხმები მაშინდელი რადიკალური ოპოზიციისა (რომელმაც 17,73% მიიღო, მაგრამ ძირითადად უარი თქვა პარლამენტში შესვლაზე) სხვადასხვა პროპორციით ერგოთ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილე პარტიებს - ნაციონალური მოძრაობით დაწყებული, ეროვნული საბჭოთი დამთავრებული. ლეიბორისტული პარტიის მიერ 2008 წელს მიღებული 7,44% კი, ალბათ, 2010 წლის არჩევნებში მემარცხენე ლოზუნგებით გამოსულმა პარტიებმა მიიღეს.



 

კომენტარები