თბილისის პიცერიები

პიცა ყველაზე მოსახერხებელი საჭმელია. მისი ჭამა შეიძლება ნებისმიერ პირობებში, ყველანაირი ატრიბუტის გარეშე - უდანაჩანგლოდ, უთეფშოდ და, თქვენ წარმოიდგინეთ, ტელევიზორისგან თვალმოუშორებლადაც. ამიტომ მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობის დროს სახლში მოტანილი პიცა, შესაძლოა, ყველაზე კარგი და იაფი საშუალება იყოს ტელევიზორის ეკრანებთან მიმსხდარი სტუმრების გასამასპინძლებლად. გასული თვის განმავლობაში, გურმანის თხოვნით, ტაბულას თანამშრომლები თბილისის პიცერიებს სტუმრობდნენ და აგემოვნებდნენ. მათი შთაბეჭდილებები აქ შევაჯერეთ, რათა მკითხველისთვის თბილისში არსებული პიცერიების ზოგადი სურათი მიგვეწოდებინა.

პანეტერია
იტალიური საცხობი
მის: ჟღენტის 3ა,
ნუცუბიძის II პლატო
სამუშაო საათები: 11:00 – 22:00
ტელ: 21-22-18 / 899 16 -71-67
ფასი: 11-17 ლარი
ბარათები: მიიღება
სახლში მიტანის სერვისი: 22 საათამდე

მყუდრო ატმოსფერო, კედელზე იტალიური ქალაქების ამსახველი ულამაზო ნახატებით და მაგიდაზე გემრიელი მარილიანი ჩხირებით. მენიუში პირველივე პიცა - „შეფი” (ლორი, ცხარე სალიამი, მოცარელა, ტომატის სოუსი, ზეთისხილი და სოკო) შევუკვეთე. შეკვეთის მოლოდინში ფარდა გადავწიე, რომ ხედით დავმტკბარიყავი, მაგრამ როდესაც ბეტონის უსახური სიმფონია გადაიშალა ჩემს თვალწინ, ფარდა უმალ დავხურე. დროის მოსაკლავად მეზობელ მაგიდასთან მსხდარი მთვრალი ბიჭების საუბარს მივაყურადე, მაგრამ აზრი ვერ გამოვიტანე. საბედნიეროდ, პიცა „შეფი” საოცრად სწრაფად მომიტანეს. როგორც კი დავხედე, მივხვდი, რომ აქ ამოსვლაში ბენზინი ტყუილად დავწვი. პიცა იყო საშუალო ზომის, ცომი - სქელი და რბილი, სოკო დაკონსერვებული, ძეხვი - ზედმეტად დაბრაწული. პიცას თითქოს არაფრის გემო არ ჰქონდა, ან, თუ ჰქონდა, - უმნიშვნელო. როდესაც მეორე ნაჭერს მივადექი, მივხვდი, რომ მეტის ჭამა ნამდვილად აღარ მინდოდა. არ ვიცი, ვინ დადის აქ. ალბათ ის პლატოელები, ვისაც გემრიელი პიცის საჭმელად გრძელი გზის გავლა ეზარებათ.

ჩაო იტალია
მის: მოსაშვილის 1, ვაკე
სამუშაო საათები: 11:00 – 22:00
ტელ: 890 40-64-54
ფასი: 11-18 ლარი
ბარათები: მიიღება
სახლში მიტანის სერვისი: არ არის

მოსაშვილის ქუჩაზე ახლად გახსნილი პიცერია ცოტა უცნაური დიზაინით გამოირჩევა: ძველრომაული ქანდაკებები, სარკეები, იტალიის დროშის ფერები და სხვადასხვა შინაარსის პოსტერები: მარლონ ბრანდო ვიტო კორლეონეს როლში, ლამაზი იტალიელი ბიჭები და გოგოები, რომელიღაც ქალაქის პეიზაჟი და ალ კაპონე სიგარით. იქ შესულს დამხვდა არცთუ იდეალური განათება, ახალი რემონტის არომატი და რატომღაც ბარი უაიტის მუსიკა. ათივე მაგიდა ცარიელია. ეტყობა, რომ ახალი გახსნილია. სახლში მიტანის სერვისი არა აქვთ. დიდი-დიდი, დარეკოთ და გამზადებულს დაგახვედრებთო. ორი პიცის, კუატრო ფორმაჯის (ოთხი ყველი) და ჰავაის (ყველით, ბეკონით და ანანასით) მომზადებამ დაახლოებით 20 წუთი წაიღო, თუმცა გემრიელი იყო, სანელებლებით კარგად შეზავებული და ძალიან თხელი, ფურცელივით ცომით, რაც თბილისის პიცერიებში იშვიათობაა. მომსახურება ნორმალურია, ისევე როგორც ფასები: რვანაჭრიანი ორი პიცა, უალკოჰოლო სასმელთან ერთად, 30 ლარი დაგიჯდებათ.


Coffee.ge
მის: აბაშიძის 27, ვაკე
სამუშაო საათები: 10:00-24:00
ტელ: 22-50-66
ფასი: 10-22 ლარი
ბარათები: მიიღება
სახლში მიტანის სერვისი: 11:00-23:00

კვირადღის მიუხედავად, ოცამდე მაგიდიდან სულ რამდენიმე იყო დაკავებული. მიმტანმაც თავაზიანად გაგვიღიმა და თავისუფალი ადგილებისკენ მიგვითითა. ყველაზე მეტად ფანჯარასთან მდგარმა მაგიდამ მიმიზიდა, საიდანაც უკანა ეზო და ფანჯრის მინაზე მობჯენილი მწიფე ბლის ტოტები ჩანდა. ოფიციანტის მოხმობა ადვილი გამოდგა - საკმარისი იყო მისკენ მიგეხედა. მუსიკა ზომიერად ხმამაღალი იყო. სამი არჩევანიდან ყველაზე დიდი - პეპერონის პიცა შევუკვეთეთ. ძალიან მომეწონა ბუხარი, რომელშიც პიცა ჩვენს თვალწინ გამოაცხვეს. შეკვეთა არ დაგვიგვიანეს - მხოლოდ ორ-ორი ღერი სიგარეტის მოწევა მოვასწარით. ამ ხნის განმავლობაში მიმტანი დროდადრო მოდიოდა და გამამხნევებელ წინადადებებს გვაძლევდა. პიცა იმაზე პატარა აღმოჩნდა, ვიდრე ველოდით - ექვსნაჭრიანი, მაგრამ თხელი ცომით და კარგად შეზავებული გემრიელი ინგრედიენტებით. თუმცა, ცომთან ერთად, რომელიც გადაკეცვის ადგილებში მაინც ტყდებოდა, თხელი აღმოჩნდა ყველის ფენაც. საბოლოოდ, კარგმა ინტერიერმა და სასიამოვნოდ მოღიმარმა პერსონალმა დადებითად განგვაწყო იქაურობის მიმართ.

ფიორინო
მის: კოსტავას ქ. 77, საბურთალო
სამუშაო საათები: 10:00 – 24:00
ტელ: 44-12-61
ფასი: 8-14 ლარი
ბარათები: მიიღება
სახლში მიტანის სერვისი: არ არის

კოსტავას 77-ში მდებარე პიცერია ფიორინო ინტერიერითა და ვიზუალური მხარით ვერ დაიკვეხნის. პიცერიაში შესულს თვალში გხვდება უგემოვნო, უსულო სურათები, უსიამოვნო ფერები და მუსიკა, რომელიც არამდგრადია იმ ქალივით, რომელსაც კრიტიკული დღეები უდგას. მაგრამ ყველა ამ ნაკლს კარგი მომსახურე პერსონალი და გემრიელი პიცა ფარავს. ფასებიც ხელმისაწვდომია - 8-დან 14 ლარამდე მერყეობს. უალკოჰოლო სასმელის ჩათვლით, 30 ლარად, ორი კაცი გემრიელად დანაყრდება. ფიორინოს სახლში გამოწერის სერვისი არ აქვს. სამაგიეროდ შესაძლებელია ადგილზე შეკვეთის მიცემა და პიცის შინ წაღება.

რონის პიცა
კლასიკური ამერიკული პიცა
საქართველოში

მის: პეკინის 36, საბურთალო.
სამუშაო საათები: 11:00 – 21:00
ტელ: 47-24-72
ფასი: 9.50-34.50 ლარი
ბარათები: მიიღება
სახლში მიტანის სერვისი: 21 საათამდე

რონის პიცერია იმდენად პატარაა, რომ შეიძლება ვერც კი შეამჩნიო. შესვლისთანავე მიხვდები, რომ ამერიკული სტილის პიცერიაში მოხვდი. ატმოსფერო სასიამოვნოა. კედლები გაფორმებულია სხვადასხვა შტატის სამანქანო ნომრებით. ისმის მუსიკა, რომელიც არ გაწუხებს. დგას სამი პატარა მაგიდა. თუ ბევრ მეგობართან ერთად გინდათ აქ წამოსვლა, ვერ დაეტევით. თუ მყუდრო გარემოს ეძებთ, მაშინ რონი ნამდვილად არ გამოგადგებათ. პიცერიის კარი თითქმის არ იხურება. მუდმივად მოძრავი ხალხის ნაკადი უხერხულ მდგომარეობაში გაგდებს - პიცერია პატარაა და თითქმის ყველა შემომსვლელი ინტერესით გათვალიერებს. ტელეფონიც განუწყვეტლივ რეკავს. როგორც ჩანს, რონის გარე შეკვეთებიც მრავლად აქვს. პერსონალი დადებით განწყობას გიქმნის. შესვლისთანავე გაღიმებული სახით მოგაქცევენ ყურადღებას. თუ არჩევანის გაკეთება გიჭირთ, მზად არიან, დაგეხმარონ. შეუკვეთავთ და... ათ წუთში პიცა მზად არის.

ფანტასტიკო
მის: ნაფარეულის 3ა, თბილისი, ვაკე
სამუშაო საათები: 10:00 – 23:00
ტელ: 29-46-75
ფასი: 9-24 ლარი
ბარათები: მიიღება
სახლში მიტანის სერვისი: 23 საათამდე

ფანტასტიკოს ხუთშაბათ საღამოს ვესტუმრეთ. რვა მაგიდიდან ექვსი დაკავებული იყო. დარჩენილი ორიდან უფრო მოსახერხებელი ავირჩიეთ და დავსხედით. ოფიციანტი მაშინვე მოვიდა, მენიუ მოგვართვა და მოსაფიქრებლად დრო მოგვცა. ფანტასტიკოს 32 სახეობის პიცა აქვს, ფასი ზომისა და ინგრედიენტების რაოდენობის მიხედვით იცვლება. პატარა პიცა 9 ლარი ღირს, საშუალოს ფასი 14-დან 18 ლარამდე მერყეობს, დიდი პიცის მაქსიმალური ფასი კი 24 ლარია. გოგონამ შეკვეთა მიიღო, სასმელი მაშინვე მოგვიტანა, ხოლო ორი სახეობის პიცა, რომელიც ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ შევუკვეთეთ, ათ წუთში მზად იყო. მუსიკა ხმადაბლა იყო ჩართული. არც სტუმრები ხმაურობდნენ. ფანტასტიკოში მყუდრო გარემოა, სისუფთავე, მოგხიბლავთ მომსახურე პერსონალის პროფესიონალიზმი. მაგიდას ყოველთვის ამშვენებს ერთი ცოცხალი ვარდი, რაც გარემოს უფრო ალამაზებს. აღსანიშნავია მენიუს მრავალფეროვნება და ხელმისაწვდომი ფასები. ფანტასტიკო ნამდვილად ფანტასტიკურია. ☺

პრეგო საბურთალო
მის: ვაჟა-ფშაველას 2, საბურთალო
სამუშაო საათები: 09:30 – 22:00
ტელ: 37-36-10
ფასი: 6-25 ლარი
ბარათები: მიიღება
სახლში მიტანის სერვისი: 22 საათამდე

ვაჟა-ფშაველას კუთხეში მდებარე პიცერია პრეგო გახსნისთანავე იქცა საბურთალოელი ნაღები საზოგადოების თავშეყრის ადგილად, თუმცა, ავანსად მიღებული პატივი ვერ შეიფერა და დღეს მუშათა სასადილოს სულ ოდნავ თუ სჯობს.
შესვლისთანავე თვალში გეცემათ საოცრად არამყუდრო ატმოსფერო. ჩვენი ვიზიტისას ერთმანეთზე მიდგმულ ორ მაგიდასთან ღიპიანი ბიძების ნაკრები სახინკლის საუკეთესო ტრადიციებში ლაღობდა. ატმოსფეროსგან განსხვავებით, სერვისი მაღალ დონეზეა. დასხდომისთანავე ოფიციანტმა მენიუ მოგვართვა. სანამ პიცას შევარჩევდით, დელიკატურად გამოთქვა მზადყოფნა, დაგვხმარებოდა. მეტი რომ არ ვთქვათ, ალბათ ცოტა უხერხული იყო ის, რომ ბართან მიმჯდარი ბუღალტერი საქმიანად აშრიალებდა ქაღალდებს და პარტნიორთან პიცერიის მიმდინარე ფინანსურ მდგომარეობაზე ხმამაღლა ბჭობდა. პიცა მალე მოგვიტანეს, თუმცა, სჯობდა, სულ არ მოეტანათ: უგემური ყველი, დამწვარი ცომი და სანელებლად გამოყენებული უცნობი წარმომავლობის კენჭის მაგვარი ნაწილაკები მხოლოდ კარისკენ გვიბიძგებდა. საბედნიეროდ, ანგარიში დროზე მოგვიტანეს და ჩვენც სწრაფად დავტოვეთ იქაურობა, იმ იმედით, რომ ისე არასდროს მოგვშივდება, კვლავ პრეგოს მივაკითხოთ.

პრეგო ვაკე
მის: ფალიაშვილის 14, ვაკე
სამუშაო საათები: 11:00 – 23:00
ტელ: 99-97-23
ფასი: 5-15 ლარი
ბარათები: მიიღება
სახლში მიტანის სერვისი: არის

პრეგოში ხუთშაბათს, 3 საათზე მივედით. „საუკეთესო იტალიური რესტორანი” ამ დროისთვის სრულიად ცარიელია. მყუდრო ატმოსფერო, ნელი ელექტრონული მუსიკითა და ორად გაყოფილი სივრცით, საშუალებას გაძლევს, უკეთ აღიქვა კედლებზე გამოფენილი ბანერები, რომლებზეც იტალიის თითქმის ყველა ღირსშესანიშნაობაა აღბეჭდილი. კოლიზეუმი, ვენეცია, ვერონა და წმინდა პეტრეს ტაძარი პიცის ჭამისთვის კარგ განწყობას ქმნის. ოფიციანტმა შესვლისთანავე შეგვამჩნია და თავაზიანად შემოგვთავაზა ადგილი. ეროვნულ სამზარეულოზე გაზრდილი ქართველისთვის ძნელია მხოლოდ სახელების მიხედვით სასურველი კერძის ამორჩევა. ასეთ დროს სურვილი გიჩნდება, ვინმე დაგეხმაროს და, ბოლოს და ბოლოს, გაგაგებინოს, რა ჯანდაბაა ეს „ნაპოლეტენა”! თუმცა, რა გაეწყობა, ოფიციანტი თავზე გადგას და ცდილობს, შეკვეთა მალე გამოგტყუოს, კვლავ ძველი და ნაცადი - პიცა პეპერონით, თუ შეიძლება! ყურადღებას იპყრობს საფერფლე მაგიდაზე, რომელსაც რუსული წარწერა აქვს და გიფუჭებს განწყობას, რომელიც შენს წინ დაკიდებულმა ვენეციურმა ხედმა შეგიქმნა. ეს სლავური წარმოშობის ერთადერთი ელემენტი არ არის იტალიურ რესტორანში. ტელევიზორიც რუსულ არხს აჩვენებს. სწორედ რომ აჩვენებს, რადგან ხმა ბოლომდე აქვს ჩაწეული. პიცა ათ წუთში მზად არის. ფირფიტა ტკაცუნებს, არც ყველი დანანებიათ და არც ძეხვი. პიცის გარშემო სქელი ზედაპირი კი გეხმარება, ნაჭერი ადვილად დაიჭირო ხელში.

გარაჟი
მის: მცხეთის 1, თბილისი, ვაკე
სამუშაო საათები: 12:00 – 22:00
ტელ: 877 78-00-90
ფასი: 7-18 ლარი
ბარათები: არ მიიღება
სახლში მიტანის სერვისი: 22 საათამდე

როგორც ჩანს, გარაჟი აქ მოღვაწე უცხოელებში პოპულარულია. ზოლიანი მაგიდები ინგლისურად ან იტალიურად მოლაპარაკე ხალხით არის სავსე. კედლებზე პიცის, ყველისა და იტალიური პასტის მადისაღმძვრელი სურათები კიდია - მასშტაბით ერთი ასზე. ალბათ იმიტომ, რომ ბევრი შეუკვეთო. ფასები ზომიერია, მომსახურება - კარგი; შესვლისთანავე გთავაზობენ მაგიდას. რაც უფრო სასიამოვნოა, სანამ შეუკვეთავ, იტალიური პომიდვრიანი ტოსტი - ბრუსკეტა მოაქვთ, საჩუქრად, სამზარეულოს ხარჯზე. პიცა გემრიელია, არც ძალიან თხელი და არც სქელი, გემრიელი ყველითა და კარგად დაბრაწული სოკოთი. ინგრედიენტების არჩევანიც დიდია. შეგიძლია პიცა საკუთარი არჩევანით შეადგინო. სულ რვა მაგიდაა, სასიამოვნო გარემო. თითქოს საქართველოში არც ხარ. მასშტაბებიც პატარა, რაღაცნაირად ადამიანური. მოკლედ, პატარა და საყვარელი რესტორანია. გარაჟი რატომ ჰქვია - გაუგებარია.


პიკოლო
მის: ჯავახიშვილის 8, ვერა
სამუშაო საათები: 11:00 – 22:00
ტელ: 92-26-28
ფასი: 8,50-15,60 ლარი
ბარათები: არ მიიღება
სახლში მიტანის სერვისი: არის

რესტორნის ინტერიერს საბჭოური უფრო ეთქმის, ვიდრე იტალიური. პლასტიკის უგემოვნო დეკორაციით (მოწყენილ-მხიარული ნიღბები, პლასტმასის ყვავილები, მდარე სურათები...), უადგილოდ ჩადგმული გაურკვეველი წარმოების მაცივრით, აქა-იქ, პლინტუსებთან ახეული ბორდოსფერი შპალერით, რომელთანაც ხელსახოცის ფერი შეუხამებიათ, ან პირიქით - ხელსახოცთან შეუხამებიათ დანარჩენი გარემო. და კიდევ, სამლიტრიანი ქილებით აქეთ-იქით მორბენალი გაურკვეველი ფუნქციის მომსახურე პერსონალი... ვუკვეთავ პიცა კალაბრეზეს (პომიდორი, ყველი, ძეხვი, რეჰანი, პარმეჯანო. ფასი - 10 ლარი), სიცილიურ პიცას (პომიდორი, ყველი, სოკო, ქათმის ფილე, ზეთისხილი, გაუდა, ოხრახუში, რეჰანი, ნიორი, პარმეჯანო. ფასი 10.6 ლარი). ჰო, კინაღამ დამავიწყდა! სანამ შეკვეთას ელით, საპირფარეშოში ნუ შეხვალთ - დიდი შანსია, მადა დაგეკარგოთ. თუ მადა არ დაგეკარგათ, მაინც ვერ შეჭამთ, ან შეჭამთ ხელდაუბანელი - შელახული სასაპნე მხოლოდ დეკორატიულ ფუნქციას ასრულებს. არც საშრობი მუშაობს. პიცას არა უშავდა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ინგრედიენტი დაავიწყდათ ან დაზოგეს. ცომი თხელი, ზომიერად შებრაწული. გასვლისას ჩეკი რომ მოვითხოვე, ლამაზმა მიმტანმა ისე შემომიბღვირა, მეგონა, ჩეკის ნაცვლად ის წამომცდა, რაც თავში მიტრიალებდა. გამოძახების მენიუც წამოვიღე. ჩემდა გასაკვირად, იქ, პიცის გარდა, ყველა კერძია ჩამოთვლილი. მოკლედ, თუ ხუთი შესაძლოდან სამვარსკვლავიანი პიცა მოგინდათ, ესტუმრეთ პიკოლოს. ოღონდ არამც და არამც რომანტიკული ვახშმისთვის. რომში, ალბათ, ზუსტად ასეთი „ელდეპოებია”.


 

კომენტარები