წითელი პლასტმასის იმპერია სამოთხეში, კვირადღეს

2010 წლის 15 მაისია. საღამოს 4.30. ვზივარ ტყეში. გარშემო თანაბარი განათებაა, რბილი, სასიამოვნო. აქ მწვანის ყველა ტონს და ფერს ნახავ. ტინგიცა ხასხასა მწვანე ბალახით დაწყებული და 25-მეტრიანი ნაძვების დაბურული ტოტების ჩამუქებულ-მოშავო, დინჯი მწვანით დამთავრებული. პატარა ნაძვები და უზარმაზარი ბებერი ხეები ერთად ისე დგანან, თითქოს სულ ასე ყოფილიყვნენ. თითქოს დრო გაჩერდა. სიცოცხლის ერთი სტოპკადრი. ყველა თაობის ხე ერთადაა. უკვე მკვდარი ხეებიც ამათთან დგანან, ან გადაწოლილები არიან ცოცხლებზე, ან კუნძებად ახსენებენ თავს. სწორედ ერთ-ერთ ასეთ გახსენებაზე ვზივარ. დიდი ხე იყო, ეტყობა. უზარმაზარი ფესვებით, ჟიულ ვერნის მოთხრობის რვაფეხასავითაა შემოხვეული პატარა ბორცვს. საკუთარი სუნთქვა და გულისცემა მესმის მხოლოდ. „რა სიმშვიდეა, - ვფიქრობ, - სიმშვიდე, როგორიც სამოთხეში კვირადღეს”.

უცებ მივხვდი, რომ სიმშვიდე კია, მაგრამ სიჩუმე - არა. ალბათ ათი სახეობის ფრინველი ერთად გალობს. ვიღაც ნისკარტით აკაკუნებს. დიდი ამბავია. სხვადასხვა რიტმი, მელოდია, კილო, ბგერა, განწყობა, ხმამაღლობა, მაგრამ სრული ჰარმონიაა. იმდენად სრული, რომ თავიდან სიჩუმედ მომეჩვენა. არც ერთი ყალბი ნოტი ან თანაჟღერადობა. ერთადერთი, რამაც დისონანსი შემოიტანა, თვითმფრინავის მონოტონური გუგუნი იყო, ისიც შორიდან და ხანმოკლე.

ნელ-ნელა მეც ჩავერთე ამ ორომტრიალში. უკვე მხოლოდ საკუთარი სუნთქვა აღარ მესმის, გულისცემა ხომ საერთოდ დავკარგე. მწერების სტერეოზუზუნი კიდევ უფრო ხაზს უსვამს ამ ჟღერადობის მოცულობას. უცებ ჩემს მარჯვნივ მდგარ ხეზე შრიალი მომესმა. ნელა მივატრიალე თავი და მოზრდილი ციყვი დავინახე. ძალიან ახლოს, დაახლოებით ორ მეტრში. გადაირბინა ტოტი, მეორეზე გადახტა, მერე ცოტა ქვევით დაეშვა, გამძლე ტოტი მონახა, გადაირბინა სხვა ხეზე. ასე ელეგანტურად, ჩინელი აკრობატივით გაირბინა, დაბურულ დიდ ნაძვში შეძვრა და გზა განაგრძო. ეტყობა, იმდენად გაუნძრევლად ვიჯექი, რომ ადგილობრივები ვეღარ მამჩნევდნენ. მე იქ სტუმარი ვიყავი. შეიძლება ვიღაცის გზაზე ვიჯექი.
რამდენად მუდმივია ეს ყველაფერი, რაც ჩემს გარშემო ისმის და ჩანს, კაცობრიობის ისტორიასთან შედარებით. ვიფიქრე, ალბათ იგივე ისმოდა და ჩანდა ამ ადგილას 10, 50, 70 წლის წინ.

აქედან დაახლოებით 100 მეტრში ტელესკოპი დგას. მე-20 საუკუნის 30-იან წლებში ჰიტლერმა სტალინს ცეისის ცნობილ ქარხანაში დამზადებული ლინზები აჩუქა ახალი ობსერვატორიისთვის. ორი მდაბიო ერთმანეთს ძმობას ეფიცებოდა და მსოფლიოს გადასანაწილებლად ემზადებოდა.
დარწმუნებული ვარ, კოდალას კაკუნი მაშინაც ზუსტად ასე ისმოდა.
როდესაც საბჭოთა, წითელი იმპერიის ნანგრევებს ფიზიკურად ხედავ, ხვდები, რომ სტუმრები ვართ.

აქვე, ობსერვატორიის ტერიტორიაზე, კარგი, ახალი სასტუმროა. ორი დღის წინ სტუმრები ჩამოვიდნენ. სემინარი აქვთ. გარეთ, ეზოში, სასტუმროს წინ, ორი მერხი და სანაგვე ურნა დგას. საღამოს რამდენიმე მონაწილე ხუთლიტრიანი პლასტმასის ბოცით მოტანილ სახლის ღვინოს ჩაუჯდა. მერხები ერთმანეთის პირისპირ შემოაბრუნეს და პატარა სახელდახელო სუფრა გაშალეს. სუფთა ჰაერი, სახლის ღვინო და უთვალავი ვარსკვლავი უჩვეულოდ შავ ცაზე სასიამოვნო, რომანტიკულ განწყობას გიქმნის. ღვინის სმის ქართული ტრადიციის მიხედვით, დარწმუნებული ვარ, საქართველოს სადღეგრძელო, სულ მცირე, ერთხელ მაინც დაილია იმ საღამოს. სამწუხაროდ, გვიან ღამით რომ გამოვედი, იმ ადგილას ხალხი აღარ დამხვდა, მაგრამ მერხები ისევე შემოტრიალებული დაუტოვებიათ, იქვე სიგარეტის ცარიელი კოლოფი, წყლის პლასტმასის ბოთლები და ხუთლიტრიანი ცარიელი ბოცა დაუგდიათ. ჩემთვის ესეც იმ წითელი იმპერიის ნანგრევებია.

ტყეში ბგერისა და ფერის სიმფონია გრძელდება. მზე სხივებს გვერდიდან უშვებს. საღამოა. ამ მწვანე ფერის დღესასწაულში თვალი მომჭრა არაბუნებრივმა წითელმა ფერმა. ახლოს რომ მივედი, არაბუნებრივი, ხასხასა წითელი ფერის პლასტმასის ბოთლი აღმოჩნდა. ეტყობა, ეს ბოთლი წითელი იმპერიის ნანგრევებიდან გამომძვრალმა, ჩარეცხილმა თუ ჯერ კიდევ ჩასარეცხმა მოჩვენებამ დააგდო.

თუ სტუმარი ხარ და კვალის დატოვება გინდა, ისეთი მაინც დატოვე, რომ მასპინძელიც ასიამოვნო და შენი შთამომავლობაც სიამაყით გიხსენებდეს, და არა ისეთი, როგორიც ხასხასა წითელმა, პლასტმასის იმპერიამ დაგვიტოვა.
[email protected]

კომენტარები