სასარგებლო იდიოტების აფხაზური თავგადასავალი

კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორებმა - ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის თბილისის ოფისის ყოფილმა დირექტორმა, ლინკოლნ მიტჩელმა და სოროსის ღია საზოგადოების ინსტიტუტის თანამშრომელმა, ალექსანდერ ქულიმ - წამოიწყეს კამპანია აფხაზეთის მიმართ აშშ-ს პოლიტიკის შესაცვლელად. ქულის და მიტჩელის მიზანია, ამერიკამ და ევროპამ აფხაზეთის იზოლაციის პოლიტიკა ჩაანაცვლონ „აღიარების გარეშე თანამშრომლობით”. პროფესორები ამ იდეას აქტიურად ლობირებენ - აქვეყნებენ სტატიებსა და ანგარიშებს, მართავენ სემინარებს.

ჟურნალ The American Interest-ის მაის-ივნისის ნომერში გამოქვეყნებულ წერილში ქული და მიტჩელი აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ჰილარი კლინტონსა და თავდაცვის მდივანს, რობერტ გეიტსს, მიმართავენ - შეცვალონ პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისადმი. „თუ აშშ არ შეცვლის მიდგომას, რუსეთის ფედერაცია მალე სრულად ჩაყლაპავს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს”, - ნათქვამია წერილში. ავტორების თქმით, ეს ტერიტორიები საქართველოსთვის ისედაც თითქმის დაკარგულია, რუსეთის გავლენა მათზე კი სწრაფად იზრდება. თანამშრომლობა, პირველ რიგში, აფხაზეთთან უნდა დაიწყოს, ვინაიდან მას სახელმწიფოებრიობის გარკვეული ნიშნები აქვს და შეუძლია დამოუკიდებლად დაამყაროს კონტაქტი გარე სამყაროსთან. რუსეთის მფარველობის ქვეშ სამხრეთ ოსეთის დარჩენა კი, პრაქტიკულად, გარდაუვალია. ჯერ კიდევ 2009 წლის იანვარში ისინი ამბობდნენ: “აშშ-მ აღარ უნდა გააგრძელოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უკომპრომისო მხარდაჭერა”.

აპრილში, ჰარიმანის ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას, მემარცხენე პროფესორები ომის შემდეგ აფხაზეთში ვითარების მნიშვნელოვან გაუმჯობესებაზე საუბრობდნენ: ახლა აფხაზები უმთავრესად სახელმწიფოს შენებაზე არიან ორიენტირებულიო. აქაც მთავარი გზავნილი ის იყო, რომ თუ აშშ არ შეცვლის თავის პოლიტიკას, აფხაზეთი კიდევ უფრო დამოკიდებული გახდება რუსეთზე. აღსანიშნავია, რომ ჰარიმანის ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლამდე პროფესორები აფხაზეთს სტუმრობდნენ.

„თანამშრომლობა აღიარების გარეშე” პირველ რიგში აფხაზური ინტერესების გათვალისწინებასა და შემდეგი ნაბიჯების გადადგმას გულისხმობს: აფხაზეთის ოფიციალური პირები დასავლეთში იმოგზაურებენ აფხაზური პასპორტებით; აფხაზეთს გაეხსნება ეკონომიკური გზები; აფხაზური მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ითანამშრომლებენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ასე აფხაზები გაეცნობიან დასავლურ პოლიტიკურ ღირებულებებს და დაინახავენ რუსეთის ალტერნატივას სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში.

ეს პოლიტიკა არ განიხილავს რუსეთის ფაქტორს და მთლიანად დასავლეთისა და აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონის თანამშრომლობაზეა აგებულია. თანამშრომლობა უპირობოდ უნდა დაიწყოს, რაც სტატუსის საკითხის გვერდზე გადადებას გულისხმობს და, რაც მთავარია, საერთოდ უგულებელყოფს იძულებით ადგილნაცვალ პირთა საკითხს. ავტორები აღნიშნავენ, რომ დევნილების უკან დაბრუნების შიში აფხაზებს კიდევ უფრო აახლოებს რუსეთთან.

რასაც ერთ დროს რუსი მემარცხენეების დიდი ბელადი სასარგებლო იდიოტებს უწოდებდა, დღეს მისი ამერიკელი იდეოლოგიური თანამოძმეები ჭკვიანური ძალის სახელით იხსენიებენ. მართალია, ლენინის წინასწარმეტყველება ჯერ არ ამხდარა და საქმე იქამდე არ მისულა, რომ გულუბრყვილო ენთუზიასტებს მათსავე ჩამოსახრჩობად განკუთვნილი თოკი საკუთარი მტრებისათვის თავადვე მიეყიდათ, მაგრამ დასავლელი მემარცხენეების დაუშრეტელი ენერგია და უნიკალური უნარი, გამართლება მოუძებნონ თავისუფლების თუ სხვა დასავლური ფასეულობებისა და ინტერესების წინაღმდეგ მიმართულ ქმედებებს, დროთა განმავლობაში სულ უფრო იხვეწება და გასაოცარ ფორმებს იღებს. 

დღემდე ამოუხსნელია თუ რა გზნება ამოძრავებთ თავისუფლებითა და კეთილდღეობით გაზულუქებული სენტიმენტალური უტოპისტების დაუღალავ ბრძოლას ყოველივე იმის წინააღმდეგ, რამაც მათ უზრუნველი ცხოვრება შეაძლებინა.

რამდენი საბჭოეთში სტუმრად ჩამოსული ულტრამემარცხენე მომლოცველი შეგვიძლია გავიხსენოთ. მათი ქვეყნების მტრის მიღწევებით აღფრთოვანებულნი უყურებდნენ და ვერ ხედავდნენ, რომ მიწიერი სამოთხის ნაცვლად არაამქვეყნიურ ჯოჯოხეთთან ჰქონდათ საქმე. სოციალიზმის აღთქმული ქვეყნის უანგარო მეხოტბეობაში ეს ხალხი ტოლს არ უდებდა ბოროტების იმპერიის დაქირავებულ პროპაგანდისტებს.
დიდია ცდუნება ეს ბანალურ უგუნურებას მიაწერო. თავისუფლების მტრები ოდითგანვე ფლობდნენ სიცრუისა და მანიპულაციის ხელოვნებას.

სწორად რომ გავიგოთ განათლებული მემარცხენე რადიკალთა მიდრეკილება, დაიჯერონ მტრის მიერ ნათქვამი ნებისმიერი სისულელე, უნდა გავიხსენოთ აბრაჰამ ლინქოლნის სიტყვები: ერთი ადამიანი შეიძლება გაასულელო ყოველთვის, ყველა შეიძლება გაასულელო ერთხელ, მაგრამ ყველას ყოველთვის ვერ გაასულელებ.

შესაბამისად, სწორი არაა სასარგებლო იდიოტობის ფენომენის მხოლოდ საბჭოთა თუ ისლამური ტოტალიტარიზმის მანიპულაციებით ახსნა. ამ ხალხს კი არ ასულელებდნენ, ისინი თავად ისულელებდნენ თავს. საინტერესოა, რას ეფუძნებოდა მათი სისულელე.

ხშირ შემთხვევაში ყველაფერი ყველასათვის ისედაც კარგად იყო ცნობილი, მაგრამ ამას არაფერი შეუცვლია მათთვის, ვისი მსოფლაღქმა არა გონებას, არამედ რწმენას ეფუძნებოდა. დასავლეთში ტრადიციული რელიგიის დაკნინების მიუხედავად რელიგიური იმპულსი და უფრო ფართოდ რწმენის მოთხოვნილება არსად გამქრალა.

რადიკალურმა განმანათლებლობამ სამყაროს განჯადოება „ღმერთის სიკვდილამდე” მიიყვანა, მაგრამ, თვალსა და ხელს შუა ახალი ღმერთი წარმოშვა ხალხური სიბრძნის თანახმად, უპატრონო ეკლესიას წითელი ეშმაკუნები დაეპატრონენ. წლების მანძილზე სოციალიზმი ის ოპიუმი იყო, რომელიც მიმდევრებს ათრობდა საკუთარი სიქველისა და განსაკუთრებულობის განცდით.

ადამიანთა უმეტესობას ქაოსში წესრიგის, სამყაროში საზრისის, საკუთარ არსებობაში მიზნის, ბოროტსა და კეთილს შორის მკაფიო საზღვრის დანახვა სწადია და საბოლოო ჯამში ამ უკანასკნელის პირველზე გამარჯვებას ესწრაფვის. მემარცხენეთა სასარგებლო იდიოტიზმი სწორედ ამ ბუნებრივი სწრაფვის გაუკუღმართების შედეგია.

რწმენის თავისუფლება გულისხმობს მემარცხენე აღმსარებლობის თავისუფლებასაც. არავინ დავობს, რომ სასარგებლო იდიოტებს სრული უფლება აქვთ ყოველი ფეხის ნაბიჯზე დაუფარავად მოახდინონ საკუთარი იდიოტიზმის დემონსტრირება. შეშფოთების საგანი აქ სხვა რამეა. 

დასავლური უნივერსიტეტების მნიშვნელოვანი ნაწილი ულტრამემარცხენე კულტის მსახურების კერებად იქცა. კრიტიკული აზროვნებისა და ჯანსაღი სკეპტიციზმისათვის აქ ადგილი აღარ არის. მათი ადგილი უკვე დიდი ხანია დაიკავა იდეოლოგიური ერთგვაროვნებამ, რომელიც, წესით, შუასაუკუნებრივი მონასტრისათვის უფრო უნდა იყოს დამახასიათებელი, ვიდრე ცოდნის ტაძრისთვის. 

თავის დროზე უნივერსიტეტები სწორედ ეკლესიის წიაღში ჩაისახა და ახლა, როგორც ჩანს, ყველაფერი საწყის წერტილს უბრუნდება, ოღონდ დიალექტიკური განვითარების თვისებრივად ახალ სტადიაზე. ანტიამერიკანიზმი და ანტიკაპიტალიზმი, ახლა უკვე ეკოლოგიზმთან და ფემინიზმთან ერთად, ახალ საუნივერსიტეტო ორთოდოქსიად იქცა. ნელ ნელა და მეთოდურად ისპობა ის ინტელექტუალური გარემო, სადაც ირაციონალური წარმოდგენებისა და საშიში ილუზიებისგან, კაცთმოძულე ტირანებისათვის სასარგებლო იდიოტობისაგან გათავისუფლება შესაძლებელი იქნებოდა. 

სწორედ ამ ინტელექტუალურმა ტენდენციებმა მიიყვანა უილიამ ბაქლი იმ დასკვნამდე, რომ უმჯობესია ქვეყნის მართვა ბოსტონის სატელეფონო ცნობარიდან შემთხვევითი შერჩევის გზით მიღებულ უბრალო ადამიანებს მივანდოთ, ვიდრე ჰარვარდის პროფესორებს. 

სასარგებლო იდიოტიზმის გაგება შეუძლებელია, თუ ინდივიდისა და მისი თავისუფლებისადმი მემარცხენე რადიკალთა დამოკიდებულებას არ გავითვალისწინებთ. კოლექტივისტური თეოლოგიისათვის ინდივიდი მხოლოდ სოციალურ ურთიერთობათა პროდუქტია და საჭიროა მისი დეკონსტრუქცია. თუ კი არ არსებობს პიროვნება, შესაბამისად არ არსებობს არც ინდივიდუალური პასუხისმგებლობა. დანაშაულზე პასუხისმგებლობა მთელ საზოგადოებას ეკისრება, რომელმაც დამნაშავე აქამდე მიიყვანა. 

ცალკეულ პირებს, რომელთაც გარემოებათა გამო კანონად წოდებული პირობითობის დარღვევა მოუხდათ, ჯოხი არ უნდა გადავატეხოთ. პირიქით, პასუხი ძლიერთა ამა ქვეყნისათა უნდა მოვკითხოთ, ვინაიდან უსამართლობაზე პასუხისმგებელი სუსტი ვერ იქნება. შესაბამისად, რადიკალური მემარცხენეობის ყოვლისმძლეველი მოძღვრების მიხედვით, ყველაფერზე, რაც კი მსოფლიოში ხდება, მთავარი პასუხისმგებელი ყოველთვის დასავლეთია, უფრო კონკრეტულად კი ამერიკა, რომლის იმპერიალიზმისა და კოლონიალიზმის პირველყოფილი ცოდვის შხამიან ნაყოფს კაცობრიობა დღემდე იმკის. 

ამერიკასთან ერთად ასევე დამნაშავეა ყველა მისი მოკავშირე და მეგობარი ქვეყანა, რომელთა დასჯა აუცილებელია ცვლილებათა იმ ტალღის ასაზვირთებლად, რომელმაც დომინოს ეფექტი უნდა გამოიწვიოს და საბოლოო ჯამში დიდი შაითანის ბატონობას შეურყიოს საფუძველი. მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი, რომ ამ ქვეყნად მშვიდობამ, თანასწორობამ და საყოველთაო ძმობამ დაისადგუროს. 

დასავლელი ულტრამემარცხენეების სამართლიანობისათვის ბრძოლის ჟინს არა იმდენად ჩაგრული, რამდენადაც მჩაგვრელის ვინაობა კვებავს. ამით აიხსნება ერთი შეხედვით უცნაური გარემოება – როცა არადასავლელთა ჩადენილ დანაშაულებთან გვაქვს საქმე, დასავლეთის დანაშაულის მხილებით ნარცისულად შეპყრობილი მემარცხენეობა მრავალმნიშვნელოვნად დუმს. 

სწორედ ასეთი შემთხვევებისათვის თქუმულ არს, არა განიკითხო და არა განიკითხებიო. ვინ ვართ ჩვენ, რომ ჩვენი არასრულყოფილი ფასეულობების საფუძველზე სხვები განვსაჯოთ? ადამიანის უფლებები ხომ დასავლური მოვლენაა, მათი არადასავლურ საზოგადოებებზე თავის მოხვევა სხვა არაფერია თუ არა ნეოკოლონიალისტური ზრახვების ვუალირებული ფორმა. 

ყალბად გაგებული სამართლიანობისათვის შერჩევითი ბრძოლა ახალი მოვლენა ნამდვილად არაა. ანტისაომარი მოძრაობის სამიზნე რატომღაც ყოველთვის წითელი ან მწვანე ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ ამერიკის და მისი მოკავშირეების ბრძოლა იყო ხოლმე. ნეტარი მშვიდობისმყოფელები უცნაური შემთხვევითობის გამო ნაკლებად იწუხებდნენ თავს ფინეთის, ბალტიის, პოლონეთის, უნგრეთის, ჩეხოსლოვაკიის, ავღანეთის, ჩეჩნეთის წინაღმდეგ საბჭოთა აგრესიის დასაგმობად. 

არაბულ აგრესიაზე საპასუხოდ ისრაელის მიერ თავდაცვითი ზომების მიღებისას დაღუპული ნებისმიერი ტერორისტი მემარცხენე რადიკალთა წმინდა გულისწყრომას იწვევს, მაგრამ თუკი იგივე ადამიანი მუსლიმთა ხელით დაიღუპება, ამას განსაკუთრებით არავინ აპროტესტებს. 
ისლამოფაშიზმის გან ყოველ დღიური ექსისტენციალური საფრთხის პირობებში მცხოვრები ებრაელების ხვედრის მსგავსად, საკუთარი მიწიდან დევნილი აფხაზეთის ომამდელი მოსახლეობის 80 %-ის ბედი მემარცხენე რადიკალებს ნაკლებად აღელვებთ. 

თავი რომ დავანებოთ აფხაზეთსა და კოსოვოს, ან აღმოსავლეთ ტიმორს შორის პარალელების უსაფუძვლობას, ერთი რამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ მეოცნებე ულტრამემარცხენეს შეიძლება ეგონოს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე უარის თქმის შემდეგ ამერიკის სამართლიანობითა და მიუკერძოებლობით მოხიბლული რუსები და მათი მარიონეტები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ხელს აიღებენ ამ ტერიტორიების საქართველოსათვის ჩამოცილებისა და სრული ანექსიის პოლიტიკაზე. 

მსოფლიოში ასამდე სეპარატისტული კონფლიქტია. ეთნიკური წმენდის შედეგების ლეგიტიმაცია და მისი ავტორების დაჯილდოება სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტით საშიშ პრეცედენტს ქმნის და შეიძლება ჯაჭვური რეაქცია გამოიწვიოს – ისეთი შედეგები მოჰყვეს, რაც არც ამერიკის და არც მით უმეტეს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და არც საერთაშორისო სამართლის პრინციპებს არ შეესაბამება. 

ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ოცნებობს საქართველო კავკასიის ისრაელად იხილოს. უდავო სარგებელთან ერთად ეს ოცნება სერიოზულ ხიფათსაც შეიცავს. რაც უფრო უახლოვდება საქართველო დასავლეთს, ამერიკის რაც უფრო ერთგულ მოკავშირედ იქნება ის აღქმული, მით უფრო მეტად გახდება ის დასავლელ ულტრამემარცხენეთა მხილების მახვილის მსხვერპლი.

კომენტარები