მეზობელო კარისაო, სინათლე ხარ თვალისაო

საქართველოს მეზობლებს შორის ორი დიდი, ძლიერი სახელმწიფოა. ერთი, ყოფილი იმპერია, ორჯერ დაშლილი და დათრგუნული, ჯერ კიდევ ცდილობს ახალი იდენტურობის მიგნებას, უწინდელი დიდებისა და გავლენის აღდგენას, იმპერიის ყოფილი ნაწილების ნებისმიერი გზით კვლავ შემოერთებას. რუსეთი ვერა და ვერ ახერხებს სანედლეულო გიგანტის როლისგან თავის დაღწევას და თანამედროვე დემოკრატიულ პოსტინდუსტრიულ ქვეყნად ჩამოყალიბებას.

განსხვავებულად ვითარდება მეორე რეგიონული გიგანტიც - თურქეთი.

ოსმალეთის იმპერიის დაშლას და მასთან დაკავშირებულ დამცირებასა და დაბეჩავებას თურქმა ერმა, ენერგიული და მომავლის ხედვის მქონე ლიდერის - ათათურქის – ხელმძღვანელობით, სეკულარული რესპუბლიკის შენება დაუპირისპირა. დღევანდელ ვითარებამდე თურქეთის გზა რთული და ხანგრძლივი გამოდგა. ათათურქის ხედვა გამართლდა და დღევანდელი თურქეთი მსოფლიოს ერთ-ერთ ანგარიშგასაწევ ქვეყნად იქცა.

თურქეთის როლი, მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან და სწრაფად მზარდი ეკონომიკიდან გამომდინარე, განსაკუთრებულია. თურქეთი სხვადასხვა ცივილიზაციისა და გეოპოლიტიკური სივრცეების შესაყარზე მდებარეობს და ამის გამო, საკუთარი მეტად ხელსაყრელი მდებარეობის გამოყენებით, აქტიური საგარეო პოლიტიკის წარმართვა ძალუძს. მხოლოდ ხელსაყრელი მდებარეობა საკმარისი არ არის და საჭიროა მისი აქტიურად გამოყენება. დინამიკურად განვითარებდი თურქეთი უკვე 70-იანი წლებიდან ცდილობს საკუთარი ისტორიულ-გეოგრაფიული თავისებურებები აქტიური საგარეო პოლიტიკისთვის გამოიყენოს. თურქეთი დღეისათვის რეგიონული სუპერძალაა, ხოლო მისი გაძლიერების პროცესი ახალ განზომილებებს იძენს.

თანამედროვე თურქეთს, მიუხედავად იმისა, რომ იგი ნატოს ბირთვული ქოლგის ქვეშ თავს უსაფრთხოდ უნდა გრძნობდეს, ბევრი პრობლემა და გამოწვევა აქვს. არის კი თურქეთისთვის ადგილი ევროკავშირში? რა როლი უნდა შეასრულოს თურქეთმა ფეთქებადსაშიშ მახლობელ აღმოსავლეთში? როგორი უნდა იყოს ურთიერთობები აქამდე უძლიერეს მოკავშირესთან - შეერთებულ შტატებთან? საით წაიყვანს თურქეთს მჭიდრო ურთიერთობები რუსეთთან? როგორი იქნება თურქეთის როლი და პოლიტიკა არასტაბილურ რეგიონებში: ბალკანეთში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში? ყველა ამ კითხვაზე პასუხი ძნელდება საკუთრივ თურქეთში მიმდინარე პროცესების გამოც. იცვლება არა მხოლოდ საერთაშორისო და რეგიონული „უსაფრთხოების გარემო”, არამედ თურქეთის ელიტის შეხედულებებიც იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს ქვეყანა ძველ პრობლემებს და ახალ გამოწვევებს.

დღეს დასავლურ მედიაში ხშირია სტატიები, რომლებშიც განიხილება თურქეთის მიერ საკუთარი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შეცვლა და ამით გამოწვეული ცვლილებები, პირველ ყოვლისა, თურქეთის სამეზობლოში. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, საერთაშორისო ურთიერთობათა პროფესორი აჰმედ დავუთოღლუ, გასულ შემოდგომაზე ჟურნალ „თურქიშ პოლისი ქუორთერლი”-ში აღნიშნავდა, რომ „თურქეთი არ იცვლის საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას, როგორც დღეს ზოგიერთი ამტკიცებს”. დავუთოღლუს აზრით, თურქეთი სამეზობლოში კონსტრუქციული ჩართვის პოლიტიკას წარმართავს, ხოლო ევროკავშირში სრული ინტეგრირება ქვეყნის პრიორიტეტად რჩება. „ევროკავშირში გაწევრიანება თურქეთის სტრატეგიული არჩევანია...”- ამბობს მინისტრი დავუთოღლუ.

უცხოელი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ თურქეთისა და აშშ-ს ურთიერთობები ისეთი თბილი აღარაა, როგორც უწინ. ამის ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ აღარ არსებობს საბჭოთა კავშირისაგან მომავალი საფრთხე, რაც თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების უდიდესი პრობლემა იყო და რის გამოც თურქეთი ნატო-ში მიიღეს. მიმომხილველები ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ თურქეთი ბოლო ხანებში ცდილობს უფრო დაუახლოვდეს თავის მუსლიმ მეზობლებს, ხოლო მისი ტრადიციულად კარგი ურთიერთობები ისრაელთან გაუარესდა. ანალიტიკოსები ცდილობენ დაადგინონ, რა გეოპოლიტიკური შედეგები შეიძლება ჰქონდეს თურქეთისა და რუსეთის უაღრესად მჭიდრო ურთიერთობას ენერგეტიკის სფეროში. თურქეთში ბუნებრივი გაზის იმპორტის 65% და ნედლი ნავთობის 40% რუსეთზე მოდის. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ორი ქვეყნის ურთიერთვაჭრობის მაჩვენებელმა უკვე 30 მლრდ დოლარს გადააჭარბა.

ანკარისა და მოსკოვის დაახლოება ნიშნავს იმასაც, რომ იმ რეგიონებში, სადაც მათი ინტერესები იკვეთება (კავკასია, ცენტრალური აზია), ორივე ერთმანეთის მიმართ უფრო მგრძნობიარე უნდა გახდეს. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთისა და რუსეთის ურთიერთობები საგრძნობლად გაუმჯობესდა, რუსეთის მიმართ უნდობლობა ჯერ კიდევ ღრმად არის გამჯდარი თურქთა ისტორიულ მეხსიერებაში. თურქეთისა და რუსეთის მჭიდრო კავშირს ხელს უშლის ინტერესთა კონფლიქტი ზოგიერთ სფეროში და რეგიონში, მაგალითად, კავკასიაში.

თურქეთის ურთიერთობა ევროპასთან, კერძოდ კი ევროკავშირთან, ვერა და ვერ მოწესრიგდა. თურქეთი უკმაყოფილოა იმით, რომ ევროკავშირის ზოგიერთი წევრი უარყოფითად უყურებს გაერთიანებაში თურქეთის სრულ გაწევრიანებას. ევროკავშირისთვის გაწევრიანება არა მხოლოდ ეკონომიკაა, „ცივილიზაციური” განზომილებაც გარკვეულ როლს ასრულებს. თურქები ფიქრობენ, რომ ევროპელები ქედმაღლობენ და საფრანგეთის იდეა - თურქეთს მიენიჭოს ევროკავშირის პრივილეგირებული პარტნიორის სტატუსი - დამცირებად და უსამართლობად მიაჩნიათ. ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანება ამ გაერთიანებისთვის სახუმარო საქმე არაა. თითქმის 70-მილიონიანი მოსახლეობის მქონე თურქეთის (ევროპაში მხოლოდ გერმანიაშია მეტი მოსახლეობა) მიღება გაერთიანებაში, ზოგიერთი ევროპული ქვეყნის აზრით, დაარღვევდა არსებულ ბალანსს, გაზრდიდა უმუშევრობას, გაართულებდა ზოგიერთი წევრი ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს. ერთი სიტყვით, თურქეთისა და ევროკავშირის ურთიერთობა ორივე მხარისთვის დიდი პრობლემაა.

საქართველო ყოველთვის ემხრობოდა თურქეთის ევროკავშირში ინტეგრირებას. ევროკავშირის წევრთან უშუალო მეზობლობა ჩვენს განვითარებასა და სამომავლო გეგმებს ძალიან წაადგებოდა.

თურქეთს, უამრავ ეკონომიკურ და პოლიტიკურ მიღწევასთან ერთად, საკმაოდ სერიოზული პრობლემები აქვს მოსაგვარებელი, მათ შორის - ქურთების და გაყოფილი კვიპროსის პრობლემები. ქურთების პრობლემა თურქეთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ამიტომაც თურქეთი არ არის კმაყოფილი ერაყში ამერიკელთა შესვლით, რამაც ქვეყნის დეზინტეგრაციის ტენდენცია გააძლიერა. ამან, თავის მხრივ, ქურთული ავტონომიისა და სეპარატიზმის საფრთხე შექმნა. ეს თურქეთის სამეზობლოში ხდება და ამ ქვეყნისთვის ეროვნული უსაფრთხოების პრობლემად შეიძლება იქცეს.

თანამედროვე თურქეთი სეკულარული სახელმწიფოა, მაგრამ მისი კულტურა სუნიტურ ისლამს ეფუძნება. დღევანდელ მმართველ პარტიას ხშირად ადანაშაულებენ ქვეყნის ისლამიზაციის მომხრეობაში, რასაც პარტია უარყოფს.

საყურადღებოა თურქეთში სამხედროთა ტრადიციულად ძლიერი პოზიციების ერთგვარი დაკნინება, ზოგიერთის აზრით კი ძალიან შესუსტება. სამხედროები თურქეთის პოლიტიკაში ლამის განმსაზღვრელ როლს ასრულებდნენ. დღეს მათი პოლიტიკური გავლენა საგრძნობლად შეკვეცილია მმართველი პარტიის მიერ.

ანალიტიკოსთა აზრით, ყველა იმ პრობლემის, გამოწვევის და სხვადასხვა გარემოების გათვალისწინებით, რომლებიც დღევანდელი თურქეთისთვის არის დამახასიათებელი, ამ ქვეყნის განვითარება სამი შესაძლო სცენარით შეიძლება წარიმართოს. პირველი სცენარის მიხედვით, თურქეთი პროდასავლურ ქვეყნად ყალიბდება და ევროკავშირში ინტეგრირდება. მეორე სცენარის მიხედვით, თურქეთში ძლიერდება მუსლიმური იდენტურობა და წინა პლანზე თანდათანობით უფრო რადიკალური ისლამიზმი წამოიწევს. მესამე სცენარის თანახმად, თურქეთი ნაციონალიზმის გზით ვითარდება და ეს პირველ ყოვლისა მოხდება, თუ ევროკავშირი თურქეთს, ფაქტობრივად, ზურგს შეაქცევს. ანალიტიკოსების გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ მესამე სცენარი უფრო საშუალოვადიან პერსპექტივას ასახავს. ამ სცენარით ქვეყნის განვითარება ნიშნავს ევროკავშირთან და აშშ-სთან ურთიერთობათა გაუარესებას და ნაციონალისტური პარტიების პოზიციათა განმტკიცებას.

ექსპერტები არ გამორიცხავენ აგრეთვე მეოთხე სცენარსაც - სამხედროთა ჩარევას. ამგვარი რამ უკვე რამდენჯერმე მოხდა თურქეთის ისტორიაში, მაგრამ ამჯერად სამხედროთა ინტერვენცია ნაკლებად შესაძლებელია, რადგან მმართველმა პარტიამ სამხედროები ძლიერ შეასუსტა.

თურქეთის პოლიტიკა, საშინაო და საგარეო, არ არის სათანადოდ ასახული ჩვენს მედიაში, რაც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. 

კომენტარები