მგზავრობა თბილისურად

როგორ უნდა დაამყარო წესრიგი, თუ არა კონტროლით, მაგრამ საქართველოში კონტროლიც უწესრიგოა. ამის თვალსაჩინო მაგალითია კონტროლიორების ქცევა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ავტობუსებში. მოქმედების სტანდარტებში ბოლომდე ვერც თავად გარკვეულან, ვერც მათი ხელმძღვანელები და ვერც იურისტები. მგზავრების ნაწილს უსამართლობის შეგრძნება აწუხებს, ნაწილი კი მშვიდად იყენებს სისტემის გაუმართაობას და უფასოდ გადაადგილდება.
სატრანსპორტო კომპანიის საინფორმაციო ტექნოლოგიების დირექტორის, ზაზა ზაალიშვილის ცნობით, თბილისის ავტობუსებში დღეში საშუალოდ 400 ჯარიმა იწერება. დაჯარიმების პროცესი ბევრს უნახავს, მაგრამ ეს სისტემის მოწესრიგებულობის ნიშანი როდია. სცენა: მცირე ზომის ნახევრად ცარიელ ავტობუსში ორი კონტროლიორი მამაკაცი ამოდის. სამი გოგონა ბილეთების გამცემ აპარატთან ზის და ჭორაობს. აპარატი ხელის გაწვდენაზეა. ერთ-ერთს სამგზავრო ბარათი მოუმარჯვებია კიდეც. კონტროლიორი უახლოვდება და ბილეთებს სთხოვს. „ახლახან ამოვედით, ვლაპარაკობდით და აღება ვერ მოვასწარით,” - პასუხობს ბარათიანი. სხვა მგზავრებმა იციან, რომ ორი გაჩერების წინ ამოვიდნენ, მაგრამ ხომ არ „ჩაუშვებენ”. კონტროლიორები გოგონას მორცხვად ეკითხებიან, როგორ ვერ მოასწარი, აქვე ზიხარო, მაგრამ, ეტყობა, ესიმპათიურებათ და დაჯარიმება ერიდებათ... გოგონების დაუჯარიმებლობა შეიძლებოდა ზოგადი ლმობიერებისთვისაც მიგვეწერა, იმავე ავტობუსიდან ორი ქალი და ერთი კაცი რომ არ ჩაეყვანათ დასაჯარიმებლად.
როდესაც დაჯარიმების საფუძველი აშკარად არსებობს, კონტროლიორი კი თვალს ხუჭავს, თანაც შერჩევითად, უსამართლობის განცდა ჩნდება. ზოგჯერ ისეთი განცდაც რჩება, რომ საკუთარი საქმისა რცხვენიათ და მოვალეობის შესრულებისას სინდისი ჰქეჯნით. როგორც ჩანს, არ ესმით, რომ უბილეთოდ მგზავრობა ქურდობის ტოლფასია. ერთი კაცი რომ იხდის, მეორე კი - არა, მეორე პირველის ხარჯზე პარაზიტობს. პატიოსან მოქალაქეს ან მეტის გადახდა უწევს, ან იმაზე უარეს პირობებში მგზავრობს, ვიდრე ეკუთვნის - გადატენილ ან გაურემონტებელ ავტობუსში. ამის აღკვეთა, გნებავთ, ქრისტიანული, გნებავთ, თანამედროვე სახელმწიფოებრივი წარმოდგენით, სიკეთეა; ვის უნდა ესმოდეს ეს, თუ არა კონტროლიორებს. მაგრამ ამ პრობლემას გადამზადებით მაინც შეიძლება მოევლოს. ზაალიშვილის ცნობით, ბოლო ოთხ თვეში არასწორი მოქმედებისთვის უკვე 40-ზე მეტი კონტროლიორი დაისაჯა.
უფრო ფუნდამენტური პრობლემაა სისტემაში არსებული გაურკვევლობები, რომლებიც კონტროლიორებისგან დამოუკიდებლად არსებობს. პირველ გაურკვევლობას ის ბადებს, რომ ბილეთი მგზავრმა ავტობუსში ასვლის შემდეგ უნდა აიღოს. მგზავრები ბილეთებითა და აპარატებით გერმანიაშიც სარგებლობენ, მაგრამ იქ აპარატი ავტობუსის გარეთ დგას და თუ ავტობუსში უბილეთოდ აღმოჩნდი, შენს დანაშაულს წყალი არ გაუვა. ჩვენს ავტობუსებში კი არის გაკრული, ბილეთი ამოსვლისთანავე შეიძინეთო, მაგრამ მგზავრებს მაინც ეძლევათ საშუალება იჩივლონ - ჭყლეტის გამო აპარატამდე ვერ მივაღწიე, რიგში ვიდექი და ჩემი ჯერი არ მოსულა, ან სულაც სკლეროზმა დამავიწყაო. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ამბობენ, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ზუსტად არ არის განსაზღვრული, ბილეთი ასვლიდან რა დროში უნდა იყიდო; თუმცა, ავტობუსში გაკრული მოთხოვნაც „საკმარისია”. ზაალიშვილი განმარტავს, რომ ბილეთი მგზავრმა ტრანსპორტის დაძვრისთანავე უნდა აიღოს, თუმცა, ამას საკითხში მეტი სიცხადე არ შეაქვს.
ხშირად კონტროლიორები ბილეთებს ავტობუსიდან ჩამოსულ მგზავრებს უმოწმებენ და ჯარიმასაც უწერენ. ასეთ შემთხვევაში მგზავრს არ შეუძლია თავის მართლება იმით, რომ ბილეთის აღება ვერ მოასწრო. გარე კონტროლი აშკარად უფრო მოსახერხებელია გადატვირთული მარშრუტებისთვის. მაგრამ, როგორც ზაალიშვილთან საუბარში გავარკვიეთ, კონტროლიორს მხოლოდ ავტობუსში აქვს ბილეთის მოთხოვნის უფლება, ანუ კონტროლის ბოლო დროს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ სანქცირებული არ არის.
როგორც არ უნდა გაუმკლავდეს 120 კონტროლიორი თბილისში მოძრავ 900 ავტობუსს, აპარატები, რომლებსაც ხურდის დაბრუნება არ შეუძლია, მგზავრების თავის ტკივილად დარჩება. თუ ერთი ბილეთის აღება გინდა და ბარათი არ გაქვს ან ბარათზე ფული გათავდა, მხოლოდ 20 თეთრამდე ნომინალის მონეტები გშველის. ამ მონეტების მოსაპოვებლად უსარგებლო წვრილმანის ყიდვა ბევრისთვის უკვე ჩვეულ პროცედურად იქცა. ზაალიშვილის მტკიცებით, ხურდის დამბრუნებელი აპარატები იმდენად დიდი და ძვირია, რომ ავტობუსებში მათი დამონტაჟება არარეალურია. იანვარში კომპანიაში იმედი ჰქონდათ, რომ ბარათების მფლობელთა წილი მკვეთრად გაიზრდებოდა და გადახდის ერთადერთ საშუალებადაც ბარათებს დატოვებდნენ, მაგრამ ბოლო თვეების სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბარათით გადახდების რაოდენობა სტაბილურად 65-67%-ის ფარგლებში მერყეობს.
მართალია, საქართველოში ავტობუსით მგზავრობა ნაკლებად კომფორტულია, მაგრამ ჯერ კიდევ გაცილებით იაფია, ვიდრე ევროპის ქვეყნებში. გერმანიაში ბილეთი, რომელიც ორი საათით იძლევა მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობის უფლებას, დაახლოებით შვიდი ლარი ღირს, ჯარიმა კი 90-100 ლარის ეკვივალენტია.
კონტროლის კუთხით არსებული პრობლემების ფონზე უნდა აღინიშნოს ახალი სისტემის უპირატესობაც. მგზავრს რომ მძღოლთან კონტაქტში შესვლა აღარ უწევს, მძღოლს კი - ფულის დახურდავება, ეს შეყოვნებებსაც ამცირებს და დისკომფორტსაც. უსაფრთხოებაც უფრო დაცულია, რადგან მძღოლებს ყურადღება აღარ ეფანტებათ. თანაც, ერთმანეთის გასწრება და მგზავრების მაქსიმალური რაოდენობის „აკრეფა” აღარ სჭირდებათ, რადგან საათობრივ ანაზღაურებას იღებენ და შეგროვებული მონეტების რაოდენობაზე აღარ არიან დამოკიდებული. გაქრა მძღოლების ძარცვის საშიშროებაც. ზაალიშვილი იმასაც ამბობს, რომ მძღოლებს გრაფიკის დაცვას ავტობუსებში დამონტაჟებული ჯიპიეს გადამცემები აიძულებს. თუმცა, ვინც თბილისში გაჩერებაზე მდგარა, ალბათ დაეჭვდება, რომ მოძრაობის გრაფიკის „დასავლური” სიზუსტით დაცვას მივაღწიეთ. მით უმეტეს, რომ გაჩერებებზე გრაფიკი მოცემული არ არის და მარშრუტების სიითაც გამონაკლის შემთხვევებში გვანებივრებენ.



 

კომენტარები