კაფე-რესტორანი ევრორემონტით

კაფე-ბარი და რესტორანი ტარტინი, რომელზეც აქ გიამბობთ, ერთ-ერთი წარუმატებელი რესტორნის შენობაში აღმოცენდა არცთუ დიდი ხნის წინ. აღმოცენდა ერთი შეხედვით უბრალოდ, ყოველგვარი გადაპრანჭული თაბაშირის ფილების, პრეტენზიული მჭახე განათების ანუ ე.წ. ძვირად ღირებული ევრორემონტისა და მნიშვნელოვანი ფულადი ინვესტიციის გარეშე. აქ ინვესტიცია სხვაგან დევს. ამით იმის თქმა მსურს, რომ, ეს, რისი გაკეთებაც ტარტინის მფლობელებმა აქ მოახერხეს, არის ევრორემონტი - მინიმალური დანახარჯებით ატმოსფეროსა და განწყობის შექმნა. ერთი შეხედვით სახელდახელოდ შეგროვებული ძველმანების ხარჯზე აქაური ატმოსფერო უფრო ევროპულია, ვიდრე თბილისის სხვა კაფეში შეხვდებით. თავად განსაჯეთ, 1940-იანი წლების რადიო, რომელზეც HI-FI დგას, ჭერში შემოწყობილი ცარიელი ღვინის ბოთლები, პარიზის ქუჩების აბრები, კინოპლაკატები და ბრწყინვალე ქართულით მოლაპარაკე დაუზარელი ფრანგი ბარმენ-მიმტანი - არის თუ არა ევრორემონტი, თანაც კარგი გაგებით. აქ განწყობა თითქმის ისეთივეა, როგორსაც ჩვეულებრივ, რიგით პარიზულ ბრასერიაში იპოვით. ქაღალდის მენიუს ძებნას ნუ დაუწყებთ, მენიუ მხოლოდ ყოველდღიურად ცვალებადი კერძებისგან შედგება; ყველაფერი დაფაზე გახლავთ ცარცით ჩამოწერილი. ესეც, ნამდვილი ბრასერიის ტრადიციების კარგი დაცვით. 
დღის მენიუშია ორნაირი სუპი, ტარტინების უხვი არჩევანი, სალათები და ორი-სამი ძირითადი კერძი. ტარტინზე შემიძლია გითხრათ, რომ ეს ტრადიციულად ნიშნავს ჩვენებურ კარაქიან პურს, რომელიც დროთა განმავლობაში ისე განვითარდა, რომ დღეს ათასგვარი მოსასხამით, გნებავთ, საკაზმით გამოდის. სხვანაირად რომ ვთქვათ, ეს არის ერთმაგი, გახსნილი სენდვიჩი, რომელსაც ლორით, ყველით, კვერცხით ან სულაც ხილითა და ბოსტნეულით გააწყობ. ტარტინის ცნობილი ნაირსახეობაა კროკ მუსიე (Croque-Monsieur) - დამდნარი ემენტალის ან გრიერის ყველითა და ლორით ან კროკ მადამ (Croque-Madam) - იგივე ყველით, ოღონდ ბეშამელის სოუსით შემაგრებული, ზევიდან ცოცხლად მოხარშული კვერცხით. პარიზის კაფე-რესტორნებში კარაქიანი პურის ასეთი ვერსიების მომზადება უკვე მიღებული წესი იყო ჯერ კიდევ გასული საუკუნის პირველ ათწლეულში. კროკ მუსიეს არსებობას მარსელ პრუსტი მოწმობს თავის „დაკარგული დროის ძიებაში”.
აქ ტარტინები სოფლურ-გლეხურად მოაქვთ, სქელ დაფაზე, სალათასთან ერთად. ტარტინების საშუალო ფასი 10-12 ლარი. ძალიან კარგი გამოდგა ხახვის სუპი (6.00) შავი ღვინით სქლად კონცენტრირებული, ქონდრის ზომიერი არომატით. ძირითად კერძად ავირჩიეთ ქათამი ძმრის სოუსში (16.00). შეკვეთის მიღების შემდეგ სამზარეულოდან გამოსულმა ოფიციანტმა დაფაზე ამ კერძს ცარცის ხაზი გადაუსვა, იმის საჩვენებლად, რომ ქათმის ბოლო შეკვეთა გაყიდეს. უნდა ვივარაუდოთ, რომ აქ ახალ პროდუქტს ყოველდღიურად იღებენ, რაც, თუ ნამდვილად ასეა, მხოლოდ მისასალმებელია. ღვინო - Cuvée Tartine (ჭიქით 3 ლ. ბოთლი - 20) აღმოჩნდა, რომ არის ჩვენებური ჩამოსასხმელი საფერავი, ოღონდ კარგად შერჩეული და აქაურობაზე მშვენივრად მორგებული, საფერავისთვის ოდნავ თხელი, უფრო ევროპული, მაგრამ ხილის საამური, მსუბუქი ტონებით. ტარტინში სადილი სასიამოვნოა, მაგრამ ალბათ უფრო ლანჩი სჯობს. ეს უკვე თავად განსაჯეთ.
ჰო, მართლა, ყავაც კარგი აქვთ, თანაც იაფი.

ტარტინი
თბილისი 0179
უბანი: ვაკე
გეგეშიძის ბაღთან
ტელ: 22 66 69
სამზარეულო: ფრანგული
საათები: ყოველდღე 08:00 – 24:00
ბარათები: მიიღება ყველა ბარათი, ამერიკან ექსპრესის გარდა
ფასი: 55 ლ (სადილი ორ ადამიანზე, ღვინითა და სერვისის ჩათვლით. უალკოჰოლო ლანჩი - ამ თანხის ნახევარი)
პარკინგი: აბაშიძის ქუჩაზე





 

კომენტარები