საქართველო - მსოფლიოს 1 მეკობრე

„თუ იპარავენ, ჯობია ჩვენი მოიპარონ. მათ დამოკიდებულება განუვითარდებათ და შემდეგ ათწლეულში როგორმე მოვიფიქრებთ, როგორ გადავახდევინოთ”. ამას „მაიკროსოფტის” დამაარსებელი ბილ გეითსი ჩინელ მომხმარებლებზე ჯერ კიდევ 2006 წელს ამბობდა.
შემდეგი ათწლეული მოახლოვდა. მართალია, კომპიუტერული პროგრამების დიდი ნაწილი ჯერ „პირატულად” ვრცელდება, მაგრამ ციფრული ქურდების დასჯა უკვე რეალობაა. 2008 წლის ბოლოს სწორედ ჩინეთში, იმავე „მაიკროსოფტის” პროდუქციის არალეგალური მოხმარებისთვის, 11 ადამიანი გაასამართლეს. მათ წელიწად-ნახევრიდან ექვსნახევარ წლამდე პატიმრობა მიესაჯათ. თუმცა, ეს სასჯელი შეიძლება ზომიერად მოგვეჩვენოს, თუ გავითვალისწინებთ, რომ მათ მიერ კომპანიისთვის მიყენებული ზარალი ორ მილიარდ დოლარად შეფასდა.
ინტერნეტში გავრცელებულ სტატისტიკურ მონაცემებს თუ ვენდობით, ციფრული ქურდობის მაჩვენებლებით ამიერკავკასიის ქვეყნები ლიდერობს. სამივე ქვეყანაში პროგრამული უზრუნველყოფის 90% ან მეტი მოპარულია. ერთ-ერთი კვლევის (BSA-IDC Global Software Piracy Study 2009) მიხედვით, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა, მეკობრეობის 95%-იანი მაჩვენებლით. სომხეთი მეორე ადგილს იყოფს ბანგლადეშთან და ზიმბაბვესთან, აზერბაიჯანი კი მესამე პოზიციაზეა შრი ლანკასთან და მოლდოვასთან ერთად.
სრული სიიდან ჩანს, რომ მეკობრეობის მაჩვენებლები ზოგადად მაღალია კომუნისტური წარსულის მქონე ქვეყნებში. ეს არც არის გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ, რომ კომუნიზმის ეპოქაში, ათწლეულების მანძილზე, საავტორო უფლებები იგნორირებული იყო. საბჭოთა კავშირში წიგნების თარგმანებიც ისე იბეჭდებოდა, რომ მათ უცხოელ ავტორებს არაფერს უხდიდნენ. შესაბამისად, ამ სივრცეში მომხმარებლებსაც და ბიზნესმენებსაც ხშირად სხვისი ინტელექტუალური საკუთრების კოპირება ჩვეულებრივი ამბავი ჰგონიათ. ამას ემატება პოსტსაბჭოთა ქვეყნების სიღარიბე - ღარიბ ქვეყნებში პროგრამების მოპარვის პროცენტული მაჩვენებელი ზოგადად უფრო მაღალია.
ჩვენში ჯერჯერობით ციფრული მეკობრეების დასჯის შემთხვევა არ ყოფილა. ქართული ბაზარი ჩინურს ზომით ვერ შეედრება და პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი გიგანტების განსაკუთრებული ინტერესის საგანიც არ გამხდარა. შარშანწინ, როცა ერთი უცხოელი ბლოგერი თბილისში მოხსენებას კითხულობდა იმაზე, რომ ჯობია, პროგრამების მოპარვისგან თავი შევიკავოთ, ზოგმა ის საგიჟეთიდან გამოქცეულ უტოპისტად ჩათვალა.
მაგრამ არავის უთქვამს, რომ მცირე ქვეყნების ბაზრების რეგულირება კომპანიების გრძელვადიან გეგმებში არ შედის. ნიშანდობლივია ისიც, რომ კომპიუტერულ კრიმინალთან დაკავშირებული სასამართლო პროცესები უკვე იმართება ჩვენს მეზობელ რუსეთში. ასე რომ, მომავალში შეიძლება შეხედულებების შეცვლა მოგვიხდეს. მით უმეტეს, თუ რეალობად იქცა კიდევ ერთი ქართული უტოპია, რომელსაც ევროინტეგრაცია ჰქვია.
სანამ ეს ყველაფერი მხოლოდ კოშმარული ციფრული სიზმარია, საშუალო ქართველი მომხმარებლის უკანონო მფლობელობაში მყოფი პროგრამების ღირებულება შეგვიძლია პიონერული ხალისით შევაფასოთ.
მხოლოდ ათი პროგრამის ჯამური ღირებულება 2,5 - 3,5 ათას დოლარამდეა. ამას უნდა დავუმატოთ „ვარეზ” საიტებიდან უფასოდ გადმოწერილი მოპარული ფილმებისა და მუსიკის ფასი. მოპარულ ფაილებს ქართველ მომხმარებლებს არა მხოლოდ სამოყვარულო საიტები, არამედ უდიდესი ინტერნეტპროვაიდერების პორტალებიც აწვდიან. მართალია, სრული უკონტროლობა მომხმარებლებს დიდ კომფორტს უქმნის, მაგრამ, როგორც ბილ გეითსის გამონათქვამიდანაც ჩანს, მომავალში ეს შეიძლება ძვირად დაგვიჯდეს. სანამ უცხოეთში ცნობილი პროგრამების უფასო ალტერნატივებს პოულობენ, ქართველები უძვირეს პროდუქტებს სულ უფრო ეჩვევიან.


1. ოპერაციული სისტემა Windows 7 $200 — $320
2. საოფისე პროგრამების პაკეტი Microsoft Office 2007 $150 —-$680
3. გრაფიკული რედაქტორი Photoshop CS4 $700 — $1000
4. მუსიკალური რედაქტორი Audition 3 $350
5. ვიდეორედაქტორი Vegas Pro 9 $600
6. ჩამწერი პროგრამა Nero 9 $70 — $200
7. მრავალენოვანი ლექსიკონი Babylon 8.0 $40 — $120
8. ანტივირუსი Norton 360 Version 4.0 $80
9. სტრატეგიული თამაში C&C: Tiberium Wars $50
10. სპორტული თამაში Fifa 2010 $120



 

კომენტარები