ღვედი ჩვენი არსებობისა

წლის ბოლოს ქართველ მძღოლებს, შესაძლოა, უსაფრთხოების ღვედების შეკვრა ყველა ტიპის გზაზე მოუხდეთ. პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებებზე უკვე საუბრობენ, თუმცა, ახალი ნორმების დამტკიცება შემოდგომამდე მოსალოდნელი არ არის. აპრილის დასაწყისში ცვლილებების ინიცირების საკითხი დაისვა ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” მიერ გამართულ შეხვედრაზე. ფონდი, რომლის თავმჯდომარე სანდრა რულოვსია, მიზნად ისახავდა საქართველოში ღვედების გამოყენების პოპულარიზაციას. მსოფლიოს დიდ ნაწილში უკვე მოქმედებს კანონი, რომელიც მანქანის წინა სავარძლებზე მსხდომთ ღვედების შეკვრას ყველგან ავალდებულებს. 
2005 წლის ოქტომბრიდან საქართველოში მოქმედებს კანონი, რომლის მიხედვითაც გზაზე, სადაც სიჩქარის ლიმიტი აღემატება 80 კმ/სთ-ს, უსაფრთხოების ღვედის გარეშე გადაადგილება იკრძალება. დასახლებულ პუნქტებში მაღალი სიჩქარე დაუშვებელია, ამიტომ კანონი მგზავრების მხოლოდ მცირე ნაწილზე ვრცელდება.
როგორი იქნება ჯარიმები ახალი ნორმების შემოღების შემთხვევაში, ჯერჯერობით უცნობია. დღეს საქართველოში სანქციები შედარებით მსუბუქია. თუ ჩვენთან ჯარიმა 20 ლარია, ბრიტანეთში შეუკრავი ღვედისთვის 500 ფუნტის (1350 ლარი) გადახდა მოგიწევთ. რუსეთში მსგავსი დარღვევისთვის 1000-რუბლიანი ჯარიმით დასაჩუქრდებით, რაც დაახლოებით 60 ლარია.
შარშან საქართველოს მძღოლთა უსაფრთხოების დაცვის ასოციაციამ ჩაატარა სოციოლოგიური კვლევა, რომლის მიზანი უსაფრთხოების ღვედების მიმართ მძღოლების დამოკიდებულების დადგენა იყო. 1150 გამოკითხულს შორის იყვნენ როგორც კერძო, ისე მუნიციპალური და სპეცტრანსპორტის მძღოლები. გამოკითხულთა 91% პროცენტი თანხმდება, რომ ავარიის შემთხვევაში ღვედის გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს სიკვდილის ან მძიმედ დაშავების ალბათობას. თუმცა, მათი უმრავლესობის აზრით, ქალაქში ღვედის გამოყენების აუცილებლობა არ არსებობს. ასეთ პოზიციას გამოკითხულები ქალაქში მოძრაობის დაბალი სიჩქარითა და ღვედებთან დაკავშირებული დისკომფორტით ასაბუთებენ. ტექნიკურ პრობლემას ქმნის ის, რომ საქართველოში ბევრ მანქანაში ღვედები მოჭრილია ან გაუმართავი.
მძღოლები, რომლებიც საკუთარი უსაფრთხოებისთვის ღვედებს ქალაქშიც იყენებენ, საზოგადოებისა და პატრულის თანამშრომლებში გაოცებას იწვევენ. უდიდესი ქართული ინტერნეტფორუმის, forum.ge-ს ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, რომ საეჭვოდ მიიჩნიეს და გააჩერეს მხოლოდ იმიტომ, რომ ღვედი ჰქონდა შეკრული. forum.ge-ზე ასეთ ირონიულ გამონათქვამებსაც წააწყდებით: „ღვედი მხოლოდ იმისთვისაა, რომ ლუდის ბოთლი გავხსნათ რკინის დაბოლოებით”. შესაძლოა, ფრაზა ნაწილობრივ ასახავს მძღოლების დამოკიდებულებას ქალაქში ღვედების გამოყენების მიმართ, მაგრამ პრაქტიკამ აჩვენა, რომ მსგავსი წინააღმდეგობის გადალახვა შესაძლებელია. გადამწყვეტი ეფექტური კონტროლის არსებობაა. მაღალსიჩქარიან გზებზე ღვედების შეკვრას მძღოლების დიდი ნაწილი უკვე შეეჩვია.
მძღოლთა უსაფრთხოების დაცვის ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ, მკაცრი კონტროლის გარდა, საჭიროა მძღოლთა თვითშეგნების ამაღლება პიარაქციების მეშვეობით. ასოციაციაში ასევე საჭიროდ მიაჩნიათ ჯანმრთელობის დაზღვევის პირობებში ღვედის გამოყენების საკითხის შეტანა: ავარიის შედეგად ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გათვალისწინებული უნდა იყოს, ჰქონდა თუ არა მძღოლს ღვედი შეკრული.
ჯეიმს მედისონის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, ისეთ ვითარებაში, როდესაც მძღოლი ავარიის შედეგად მანქანიდან ვარდება, შეკრული ღვედი სიკვდილის ალბათობას 25-ჯერ ამცირებს. ამავე კვლევის მიხედვით, ავტოკატასტროფებში დაშავებულთა ნახევარზე მეტი 60 კმ/სთ-ზე ნელა მოძრაობდა, რაც ცხადყოფს, რომ საკითხი დაბალსიჩქარიანი გზებისთვისაც აქტუალურია. ავსტრალიაში, სადაც შესაბამისი კანონმდებლობა ყველაზე ადრე, 1970 წელს შემოიღეს, 1974 წლისთვის სიკვდილიანობამ ავარიებში 37%-ით იკლო. თუმცა, ეს პერიოდი ნავთობის კრიზისს ემთხვევა, როდესაც ავარიების რაოდენობა ყველა განვითარებულ ქვეყანაში შემცირდა. ღვედებს ცალსახად ვერც შემდგომში მიღებულ კლებას უკავშირებენ, რადგან წლების მანძილზე ბევრი რამ შეიცვალა: ჩატარდა საგანმანათლებლო კამპანიები, მანქანებში გაჩნდა სხვადასხვა ტექნიკური გაუმჯობესებები, განვითარდა ინფრასტრუქტურა.
ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორი ჯონ ადამსი ადასტურებს, რომ ღვედებთან დაკავშირებული კანონმდებლობის შემოღება მანქანაში მსხდომთა სიკვდილიანობას ამცირებს. თუმცა, მისივე ნაშრომის თანახმად, არ ჩანს ჯამური სიკვდილიანობის კლება. იზრდება მანქანებთან შეჯახების შედეგად დაღუპულ ფეხით და ველოსიპედით მოსიარულეთა რაოდენობა. ამ ფაქტს ეგრეთ წოდებული რისკის კომპენსაციის ეფექტით ხსნიან - ღვედშეკრული მძღოლი თავს უფრო უსაფრთხოდ გრძნობს და მანქანის ტარებისას ნაკლებ სიფრთხილეს იჩენს.
მკაცრი კანონმდებლობის მოწინააღმდეგეები იმაზეც საუბრობენ, რომ ღვედის არშეკვრით ადამიანი არავის უქმნის დამატებით საფრთხეს, საკუთარი თავის გარდა. იმით, რომ ღვედის გამოყენებას სავალდებულოს ხდის, სახელმწიფო მოქალაქეთა თავისუფლებას ზღუდავს. არსებობს საპასუხო არგუმენტიც - საკუთარი თავის უფრო დიდ საფრთხეში ჩაგდებით მოქალაქე საზოგადოებას ეკონომიკურ ზარალს აყენებს. ვისკონსინის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, იმ დაზარალებულთა მკურნალობა, რომელთაც ღვედები შეკრული არ ჰქონდათ, საშუალოდ 25%-ით ძვირია. თუმცა, ამერიკელი კონსერვატორების აზრით, მთავრობის მთავარი ფუნქცია სწორედ ადამიანის თავისუფლებათა დაცვაა და არა თავისუფლებათა შეზღუდვის ხარჯზე ეკონომიის მიღწევა. ზოგის შეფასებით, მსგავსი შეზღუდვა ანტიკონსტიტუციური და ამდენად, „ანტიამერიკულიცაა”. ყველაფრის მიუხედავად, შტატების უმრავლესობაში ღვედების გამოყენება უკვე სავალდებულოა და აშშ-ს მთავრობა საკუთარ კვლევაზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ კანონმდებლობა ყოველწლიურად 10,000-მდე ამერიკელს უნარჩუნებს სიცოცხლეს.


 

კომენტარები