ანტიმონოპოლიური სამსახური აღდგა

თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო დღეს უკვე საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომლის ხელმძღვანელსაც პრემიერ-მინისტრი ნიშნავს და რომელიც ამიერიდან ანგარიშვალდებულია მთავრობის მიმართ.
ახალი მოდელით, რომელიც, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე ამოქმედდება, სააგენტოს, საჩივრის საფუძველზე, კარტელური გარიგებებისა და მონოპოლისტური შემთხვევების გამოძიების ფუნქცია ექნება. საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. პროცესზე ბრალმდებელი იქნება სააგენტო. კანონპროექტზე მუშაობა უკვე დაიწყო და მისი განხილვა საშემოდგომო სესიებზე იგეგმება. კანონპროექტში დეტალურად გაიწერება სააგენტოს ფუნქციებიც.
თავისუფალი ბაზრის მომხრეთა აზრით, მთავრობის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მის მიერვე ცოტა ხნის წინ დეკლარირებულ ლიბერალურ კურსს, რომლის ქვაკუთხედად ეკონომიკური თავისუფლების აქტი იქცა.
პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, ვახტანგ ლეჟავას თქმით, მიღებული გადაწყვეტილება ეკონომიკური თავისუფლების აქტს არაფრით ეწინააღმდეგება: ეკონომიკური თავისუფლების აქტის პროექტით, დაუშვებელია დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებლების შექმნა - ისეთების, რომელთაც ტარიფების დადგენის უფლებაც აქვთ. ამ ეტაპზე, ახალი მარეგულირებელი არ შექმნილა - ძველს დაქვემდებარება შეეცვალა.
თავისუფალი ბაზრის მომხრეთა აზრით, მონოპოლიებს სახელმწიფო რეგულირება არ სჭირდება. ამ პრობლემას თავისუფალი ბაზარი სახელმწიფოს ჩარევის გარეშე უკეთ დაარეგულირებს.
ხუთი წლის წინ, ლიბერალური რეფორმის შედეგად, ანტიმონოპოლიური სამსახური გაუქმდა. რეფორმის შედეგად ჩამოყალიბდა თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო - სანქციების უფლებებს მოკლებული სტრუქტურა. მარეგულირებლები მხოლოდ ენერგეტიკის, კომუნიკაციებისა და ფინანსურ სექტორებში დარჩა. რეფორმა ითვალისწინებდა იმ ფაქტს, რომ ნებისმიერ კომპანიას მეტი მოგების მიღება სურს, თუმცა ფასების ხელოვნური ზრდისაგან მომხმარებელს მხოლოდ მაღალი კონკურენტული გარემო დაიცავს.
იმავე პერიოდში ეკონომიკის ზრდამ 5%-დან ორციფრა ნიშნულს მიაღწია.
ეკონომისტი გია ჯანდიერი მიიჩნევს, რომ ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესების მთავარი მიზეზი კორუფციასთან ეფექტური ბრძოლა იყო. ბრძოლის ყველაზე რეალური მეთოდი, მისთვის, სამთავრობო ფუნქციების შეკვეცაა, რისი ერთ-ერთი მაგალითია ანტიმონოპოლიური სამსახურისა და კანონმდებლობის გაუქმებაც: „საბაზრო კონკურენციას არ სჭირდება ხელმძღვანელი ორგანო - მას თავის დანებება სჭირდება.”
საპარლამენტო უმცირესობა მეტი რეგულირების მომხრეა: ახალ სამსახურს, მათი აზრით, ბაზრის კვლევის გარდა, ოპერატიული ჩარევისა და რეაგირების უფლებაც უნდა ჰქონდეს და მას უნდა უხელმძღვანელოს პარლამენტის მიერ დაკომპლექტებულმა სამეთვალყურეო საბჭომ, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება არა აღმასრულებელი, არამედ, საკანონმდებლო ორგანოს მიმართ.
ევროკავშირიც მეტი რეგულირების მომხრეა და ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავრობას ახალი სამსახურისთვის უფლებების გამკაცრებას თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების წინაპირობად უყენებს.
ფრიდრიხ ჰაიეკის მიერ დაფუძნებული კლასიკური ლიბერალური საზოგადოების - Mont Pelerin Society - პრეზიდენტის (1994-96წწ.) პასკალ სალინის აზრით, კონკურენციას ერთადერთი რამ - ბაზარზე შესვლის თავისუფლება განსაზღვრავს.
თუ ეს პირობა დაცულია, მისი აზრით, სრულიად შესაძლებელია, რომ დროის კონკრეტულ მომენტში ერთი ეკონომიკური პროდუქტისთვის მხოლოდ ერთი მწარმოებელი იყოს (მონოპოლია) განსაკუთრებით მაშინ, როცა ინოვატორი პირველი იწყებს ამ პროდუქტის მიწოდებას. მეორეს მხრივ, თუ საქმიანობა მომგებიანი იქნება, ბაზარზე სხვა მწარმოებლებიც შევლენ.
ამასთან, საერთაშორისო კანონმდებლობით მონოპოლია თავისთავად დარღვევა არ არის.
სალინი აღნიშნავს, რომ ერთადერთი მონოპოლია, რომელიც შესაძლოა დარღვევად ჩავთვალოთ, სახელმწიფოს მხრიდან ერთი რომელიმე საწარმოსათვის პრივილეგიების მინიჭება და ბაზარზე სხვა მწარმოებლის დაბლოკვაა. ამ შემთხვევაში, ინოვაციის მოტივაცია ქრება და მოსახლეობა ზარალდება, პროდუქციის ცუდი ხარისხისა და მაღალი ფასის გამო.


 

კომენტარები