„პაპესა იოანა” ანუ კიდევ ერთი „უსახელო ნაბიჭვართაგანი”

ამას წინათ ძალიან სასაცილო ფილმი ვნახე. გერმანელებმა გადაიღეს ერთი უცნობი ამერიკელი მწერალი ქალის, დონა ვულფოლკ კროსის ერთადერთი რომანის მიხედვით. ფილმს ჰქვია „პაპესა იოანა” და ეხება XIII საუკუნის შუა წლებში წარმოშობილ ლეგენდას: თურმე ერთხელ ქალიც გამხდარა რომის პაპი, თან პირდაპირ სააღდგომო ლიტანიისას უმშობიარია!
არა, ახლა არ დავიწყებ ამ ლეგენდის კრიტიკას. უბრალოდ ვიტყვი, რომ არავითარი ისტორიული საფუძველი არა აქვს. ახლა იმას მივაქციოთ ყურადღება, რომ ლეგენდა სწორედ იმ ადამიანების წრეში შეიქმნა, ვისთვისაც ქალი იმთავითვე შეზღუდული და არასრულყოფილი არსება იყო - ამიტომაც ცდილობდნენ ამგვარად ეკლესიის ავტორიტეტის შერყევას, აქაოდა, ამათ ქალიც კი პაპად აირჩიესო. დღეს ქალთმოძულეთა მოგონილ ამ უგვან ზღაპარს ფემინისტები იყენებენ...
ერთი სიტყვით, ბევრი ვიცინე... თავის შეკავება მართლაც ძნელი იქნებოდა. წარმოიდგინეთ IX საუკუნის გერმანელი გრაფი, რომელიც სატრფოს ეუბნება, რომში ცხოვრება სახიფათოა, გირჩევნია მე გამომყვე ცოლადო. სატრფო მცირე ხანს ჩაფიქრდება, მერე კი მიუგებს: „მე დიდი ხანია მამაკაცის როლს ვთამაშობ. ამან ისეთი პერსპექტივები გამიხსნა, რომ ადრე ვერც წარმოვიდგენდი. შენ კი გინდა, რომ გირეცხო და საჭმელი გიმზადო”.
ამერიკელმა რეჟისორმა კვენტინ ტარანტინომ გადაიღო ფილმი „უსახელო ნაბიჭვრები”. ეს ფანტასმაგორიაა, რომელშიც კომიკურად და თანაც ე.წ. ალტერნატიული ისტორიის ჟანრში არის ასახული მეორე მსოფლიო ომი. მაგალითად, აქ არის ეპიზოდი, როცა კინოში ჯდომით გაბეზრებული ჰიტლერი ტოვებს ლოჟას, გამოდის დერეფანში და დაცვას ეკითხება, კევი ხომ არა გაქვთო. კაცმა რომ თქვას, „პაპესა იოანაც” ამავე ჟანრს ეკუთვნის, მაგრამ უბედურება ისაა, რომ ფილმის შემქმნელები სრულიად სერიოზულად გვესაუბრებიან: შეხედეთ, რა ძნელი იყო ქალისთვის საკუთარი ნიჭის რეალიზება, როგორ უჭირდა მას მამაკაცთა გენდერული შოვინიზმის დაძლევა!
გენდერული თანასწორობის დღევანდელ მესვეურებს ცოდნა და გემოვნება მხოლოდ იმისთვის ეყოთ, რომ ტექსტში სარეცხი მანქანის შეძენის პირობა არ შეუტანიათ. არადა, გენდერული თანასწორობისა და სხვა დიადი იდეების გამოსახატავად რა მშვენიერი ფილმის გადაღება შეიძლებოდა - მაგალითად, ჰილდეგარდ ფონ ბინგენზე...
ჰილდეგარდი 1098 წელს დაიბადა წვრილი აზნაურების ოჯახში მეათე შვილად, მშვიდობიანად იცოცხლა 81 წელი და იმხანად შესაძლებელი ინტელექტუალური წარმატების მწვერვალს მიაღწია. მითიური პაპესა იოანასგან განსხვავებით, არასოდეს დაუმალავს თავისი სქესი. 38 წლისამ ქალთა რელიგიური თემის ხელმძღვანელობა იკისრა, 50 წლისამ კი ქალაქ ბინგენის მახლობლად რუპერტსბერგის უშველებელი მონასტრის მშენებლობა აიძულა ეპისკოპოსს. 67 წლისა იყო, როცა კიდევ ერთი მონასტერი ააშენებინა, სადაც მდაბიო წარმოშობის ქალებსაც იღებდნენ.
იმდენად დიდი იყო მისი ავტორიტეტი, რომ მამათა მონასტრის აბატისა და ბინგენის მთავარეპისკოპოსის დაჟინებით ჩაწერა თავისი მისტიკური ხილვები. ჩანაწერებმა შეადგინა ჰილდეგარდის თეოლოგიური ნაშრომი „შეიცანი გზანი ნათლისანი”.
თეოლოგიის გარდა, ჰილდეგარდი ცნობილია როგორც კომპოზიტორი და მუსიკის რეფორმატორი. მას ეკუთვნის გალობათა კრებული „ზეციურ გამოცხადებათა ჰარმონიული სიმფონია” და ორატორია „სიქველეთა წესი”. ეს უკანასკნელი ისტორიაში პირველი მუსიკალური დრამაა.
არა მარტო თეოლოგია და მუსიკა არის დავალებული XII საუკუნის ამ მონაზვნისგან. ჰილდეგარდი საბუნებისმეტყველო მეცნიერების გარიჟრაჟზე იდგა. მან დაგვიტოვა ტრაქტატი „სხვადასხვა ბუნებრივ ქმნილებათა შინაგანი არსი”, სამედიცინო თხზულება, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი თეორიულ, მეორე კი პრაქტიკულ მედიცინას ეხება. ჰილდეგარდმა პირველმა აღწერა კანაფის გამოყენება სამკურნალო მიზნებისთვის.
არავინ იფიქროს, რომ ეს ქალი მშვიდად იჯდა მონასტერში, ლოცულობდა, მუსიკას თხზავდა და სამკურნალო მცენარეებს აკვირდებოდა. ჰილდეგარდი ძალიან აქტიურ მონაწილეობას იღებდა მაშინდელ კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, რასაც მოწმობს წერილების სიმრავლე. მისი ადრესატები იყვნენ არა მარტო პაპები, არამედ იმპერატორი ფრიდრიხ ბარბაროსაც, რომელსაც მონაზონი პოლიტიკური სიბეცის გამო მკაცრად ამხელდა. ბრძენი მონაზონის დიდება ქვეყნის დასალიერამდე გაგრძელდა: მას იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქიც კი სთხოვდა ლოცვებში მოხსენიებას.
ჰილდეგარდის სიკვდილის შემდეგ მისი ცხოვრება ქალებს არ აუწერიათ: პირველი ბიოგრაფიის ავტორებად ორი მამაკაცი მოგვევლინა, გოტფრიდი და თეოდორიხი.
ბოლოს ისიც აღვნიშნოთ, რომ ჰილდეგარდ ფონ ბინგენი არ ყოფილა საერთო წესის დამამტკიცებელი გამონაკლისი. დასავლური შუა საუკუნეები აღსავსეა ამგვარი „გამონაკლისებით”. ტერეზა ავილელი, რომლის შემოქმედებამ განსაზღვრა ესპანური ლიტერატურის განვითარება; ელოიზა, რომლის სახელი არა მხოლოდ ლათინურის, ბერძნულისა და ებრაულის ბრწყინვალე ცოდნამ შემოინახა, არამედ სიყვარულის გასაოცარმა ნიჭმა; ჟანა დ’არკი, რომლის სამხედრო წარმატებები ბევრ სარდალს შეშურდებოდა. ვინ მოთვლის ბრძნული მმართველობითა და ძლიერი პოლიტიკური ნებით გამორჩეულ საერო ხელისუფალ ქალებს...
მაგრამ ამის ასახვას ხომ ჭკუაც სჭირდება, ვულგარულობა კი ყოველთვის უფრო ადვილია: მამაკაცების გენდერული შოვინიზმი ყველაფერს გაამართლებს...

 

კომენტარები