საქართველო და გლობალური ცენტრები

ნატოს ღია კარი


ჟურნალის წინა ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში „ალიანსები და ბატონყმობის უღელი” ვწერდი იმის თაობაზე, თუ რა სიკეთეს მოგვიტანს ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში შესვლა („ტაბულა”, №7, 26 მარტი). ამავე პუბლიკაციაში იმაზეც მივუთითებდი, რომ ნატოში გაწევრიანება ბატონყმობის გაუქმების ტოლფასი იქნება, რადგანაც პოლიტიკური დასავლეთის შემადგენელი ნაწილი გავხდებით და ჩვენი „სამოქალაქო უფლებებით” დაწინაურებულ ქვეყნებს გავუტოლდებით.

ნატოს კარი ღიაა და ბევრი საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ მას არ ჩაგვიკეტავენ. ამასთან, თავს მოვიტყუებთ, თუ ვიტყვით, რომ ალიანსში მალე გავწევრიანდებით. იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და, ზოგადად, დასავლეთი ტაქტიკური უკანდახევის ფაზაშია, უახლოეს მომავალში არ უნდა ველოდოთ ისეთ შემტევ ნაბიჯებს, როგორიცაა ალიანსში საქართველოს მიღება.

ბარაკ ობამას გადატვირთვის პოლიტიკა გამომდინარეობს ამერიკის საშუალებებისა და მიზნების ახლებურად შეფასებისაგან. მიუხედავად აშშ-ს უზარმაზარი სამხედრო და ეკონომიკური მონაცემებისა, ბოლო ათწლეულების განმავლობაში თვალშისაცემია ამერიკის პოტენციალის კლება სხვა მძლავრ სახელმწიფოებთან შეფარდებით. ეს ობიექტური რეალობა გარკვეულ ნერვიულობას იწვევს ვაშინგტონში და ამერიკას ფრთხილი კურსის გატარებისაკენ უბიძგებს.

ამ სტატიის მიზანი არ არის ობამას პოლიტიკის ავკარგიანობის შეფასება. ჩვენი მიზანია იმის გამოკვლევა, თუ რა შეიძლება მოვიმოქმედოთ დღეისათვის არსებული რეალობიდან გამომდინარე, როცა სახეზეა რუსეთის გეოპოლიტიკური შეტევა და დასავლეთის უკანდახევა; და თუ როგორ შეიძლება მოვარგოთ ჩვენი სუვერენიტეტის შენარჩუნების მიზანი იმ საშუალებებს, რომელსაც დღევანდელი მსოფლიო იძლევა.

უფრო ფართო პერსპექტივა

გეოპოლიტიკური დასავლეთი არ არის ერთადერთი გლობალური ცენტრი. შთამბეჭდავმა ეკონომიკურმა წარმატებამ ჩინეთი ბუნებრივად გადააქცია მეორე ცენტრად. მართალია, ჩინეთის ეკონომიკური წონა, ჯერჯერობით, პოლიტიკურ კაპიტალად არ ქცეულა და არც ალიანსურ სისტემად ჩამოყალიბებულა, მაგრამ იგი როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, ბირთვული სახელმწიფო და ეკონომიკური გიგანტი, მიზიდულობის ცენტრია არა მარტო მოსაზღვრე სახელმწიფოებისათვის, არამედ აფრიკის, ლათინური ამერიკისა და ოკეანიის ბევრი ქვეყნისთვისაც.

ჩინეთს თვალი უჭირავს მსოფლიო ბუნებრივ რესურსებსა და დასავლურ ტექნოლოგიებზე, რაც მას არა მარტო დასავლეთის, არამედ რუსეთის კონკურენტადაც აქცევს. სუპერსახელმწიფოს სტატუსის მიღწევისათვის ბრძოლა ჩინეთს იმ მოედანზე თამაშისაკენ უბიძგებს, რომელსაც რუსეთი, ტრადიციულად, თავისი გავლენის ზონად მიიჩნევს, მაგალითად, ცენტრალურ აზიაში. მესამე სამყაროს რეჟიმებს ჩინეთი თავისი პრაგმატულობით ხიბლავს. ის არ მოითხოვს ადამიანის უფლებათა დაცვას, დემოკრატიული ნორმების ერთგულებასა და შრომის პირობების გაუმჯობესებას, მაგრამ არც თავისი სისტემის ექსპორტს ეწევა განვითარებად ქვეყნებში, რაც „აპოლიტიკურ” ელფერს ანიჭებს მის ექსპანსიას.

რუსეთსა და ჩინეთს შორის, მართალია, ბევრი შინაგანი მსგავსებაა, მაგრამ საგარეო ურთიერთობების სფეროში უფრო მეტი განსხვავებაა, რაც, ალბათ, პრაგმატული ჩინელისა და პოლიტიკურად აჟიტირებული რუსის ისტორიული ხასიათიდან გამომდინარეობს.

რა ვაკეთოთ ნატოში შესვლამდე?

ჩვენდა სავალალოდ თუ საბედნიეროდ ისე მოხდა, რომ ნატოში შესვლა კი ვერ დაგვეხმარება თანამედროვე სახელმწიფოდ ტრანსფორმაციაში, არამედ პირიქით - ჩვენი გარდაქმნის წარმატებაზეა დამოკიდებული ალიანსში გაწევრიანება საშუალო ან შორეულ პერსპექტივაში. ამ ვითარების უარყოფითი მხარე ის არის, რომ საქართველოს დიდხანს არ ექნება მოსვენება, ხოლო დადებით მომენტად კი ის ჩაითვლება, რომ ჩვენი მომავალი დამოკიდებულია ჩვენსავე შემართებაზე, მოქნილობაზე, შრომისმოყვარეობასა და თვითგანახლების უნარზე, რაც, წესითა და რიგით, უნდა გვიზრდიდეს ეროვნულ თავმოყვარეობას და გვინერგავდეს მომავლის იმედს.

ეს ეხება ნაციონალური სახელმწიფოს მშენებლობასაც და საგარეო კავშირების გაბმასაც. თუ აქამდე მხოლოდ დასავლეთის მეშვეობით ვცდილობდით რუსეთის შეკავებას, ნატოს პროექტის გაჭიანურების გამო მეორე გლობალური ცენტრიც უნდა ჩავრთოთ რუსეთის დაბალანსებაში. მართალია, მორიდებითა და აწონილ-დაწონილად, მაგრამ ჩინეთი მაინც მოიწევს ჩვენი რეგიონისაკენ. ჩინეთთან კავშირების გაღრმავება ხელს შეგვიწყობს ეკონომიკურ განვითარებაში, რაც, დიპლომატიური კონტაქტების გაღრმავების კვალდაკვალ, უთუოდ წაადგება ჩვენი უსაფრთხოების განმტკიცებას. მეორე საკითხია სამხედრო თანამშრომლობა ჩინეთთან. ჩინური სამხედრო შეიარაღება შეიძლება იმ ვაკუუმის შესავსებადაც გამოვიყენოთ, რომელიც დასავლეთის მხრიდან ჩვენ მიმართ გამოყენებულ ფაქტობრივ სამხედრო ემბარგოს უკავშირდება.

უფრო შორსაც უნდა გავიხედოთ. პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო თანამშრომლობა ჩვენთვის არატრადიციულ პარტნიორებთან - როგორიცაა პაკისტანი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოები, აგრეთვე ლათინური ამერიკის ცალკეული ქვეყნები და ავსტრალია - ხელს შეუწყობს ჩვენს უსაფრთხოებას და შეაფერხებს კრემლის ექსპანსიურ გეგმებს. ევროპული ქვეყნებისაგან განსხვავებით, რუსეთის გავლენა ზემოაღნიშნულ სახელმწიფოებზე, სავარაუდოდ, მცირეა, რაც ზრდის ამ სტრატეგიული ჩანაფიქრის განხორციელების შესაძლებლობას.

ნატოში შესვლის გადავადებამ გაგვიძვირა უსაფრთხოება, მაგრამ ჩვენს საერთაშორისო ურთიერთობებში ახალი პარტნიორების ჩართვა დიდ ანგარიშში მხოლოდ დივიდენდებს მოგვიტანს - პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით. ჩინეთთან და ზემოაღნიშნულ სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება გარკვეულწილად დაგვიბალანსებს გადატვირთვის პოლიტიკის ნაკლოვან მხარეებს, ხელს შეუშლის რუსეთის იმპერიულ გეგმებს და, ამავე დროს, გაზრდის ჩვენს წონას დასავლელი პარტნიორების თვალში.

კომენტარები