ალიანსები და ბატონყმობის უღელი

ამერიკული გამოცდილება


1796 წელს ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი თავის გამოსათხოვარ სიტყვაში თანამემამულეებს აფრთხილებდა, მორიდებოდნენ სამოკავშირეო ვალდებულებებს საგარეო საქმეებში, მეტადრე თუ საქმე ევროპას ეხებოდა. ის განსაკუთრებით ამახვილებდა ყურადღებას იმ საფრთხეებზე, რასაც ახალგაზრდა და გამოუცდელ რესპუბლიკას „მუდმივი ალიანსები” შეუქმნიდა.

მართალია, ამერიკის დამფუძნებელ მამათაგან ერთ-ერთი უპირველესთაგანი წინააღმდეგი არ იყო ომიანობის დროს უცხო სახელმწიფოებთან დროებითი ალიანსის შეკვრისა, მას ამერიკის ინტერესებისათვის საზიანოდ მიაჩნდა მშვიდობიანობის დროს კავშირების გაბმა, რასაც იგი „ხლართებს” უწოდებდა. ვაშინგტონის იდეას გაგრძელება მოჰყვა 1804 წელს თომას ჯეფერსონის საინაუგურაციო სიტყვაში: „მშვიდობა, ვაჭრობა და პატიოსანი მეგობრობა ყველა ერთან, ჩახლართული ალიანსები კი - არც ერთთან”.

ვაშინგტონმა საფუძველი ჩაუყარა ამერიკის შეერთებული შტატების ხანგრძლივ იზოლაციონისტურ პოლიტიკურ კურსს. იგი დროდადრო ირღვეოდა და ბოლომდე იზოლაციონალისტური არც არასდროს ყოფილა, მაგრამ ძირითადი პრინციპების შენარჩუნებით მაინც გაგრძელდა 1949 წლამდე. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ხელმოწერა წყალგამყოფად იქცა ძველ, „კონტინენტზე გამომწყვდეულ” ამერიკასა და ახალ, ტრანსკონტინენტურ და გლობალურ ამერიკას შორის. ამერიკამ იზოლაციონიზმის წყალობით ევროპასთან შედარებით დაუზიანებლად განვლო ორი საუკუნე, ხოლო ალიანსების სისტემის ხელშეწყობით კი უომრად დაამარცხა საბჭოთა იმპერია.

საქართველოსათვის ამ ისტორიაში საინტერესო ორი რამ არის: ერთი ის, რომ სახელმწიფომ საკუთარი ინტერესების შესაბამისად უნდა იმოქმედოს და მეორეც ის, რომ ინტერესები იცვლება დროსთან ერთად და იმის კვალობაზე, თუ რომელი ფორმა უფრო ხელსაყრელი და მოგებიანია.

ჩვენი ინტერესი


მართალია, აქა-იქ ესა თუ ის პოლიტიკური დაჯგუფება ნეიტრალიტეტის ან რუსეთთან კავშირის რეცეპტებს სთავაზობს ხოლმე ქართულ საზოგადოებას, მაგრამ ჩვენში მკაფიოდ ჩამოყალიბებული კონსენსუსია ნატოში გაწევრიანების საკითხზე. ეს შთამბეჭდავად დაადასტურა 2008 წელს გამართულმა პლებისციტმა და სანდო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის პერიოდული გამოკითხვებიც ამტკიცებს, რომ ნატოს მხარდამჭერთა პროცენტული მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ შემცირებულა იმის მიუხედავად, რომ თავად გაწევრიანების პროცესი ჭიანურდება.

უნდა ვაღიაროთ, რომ ქართულ საზოგადოებაში არის გარკვეული გულგატეხილობა. ხშირად გაიგონებთ, ჩვენ ამერიკასა და დასავლეთს ყველანაირად ვეხმარებით, ვაძლევთ საშუალებას, გამოიყენონ ჩვენი ენერგეტიკული და სამხედრო-სატრანზიტო შესაძლებლობები, ვუთმობთ პორტებსა და აეროდრომებს, ბოლოს და ბოლოს, ჩვენს ბიჭებს ვაომებთ ავღანეთში ნატოს წევრი ქვეყნების სარდლობის დაქვემდებარებაში.

ეს ყველაფერი მართალია, მაგრამ ჩვენც გვაქვს გამორჩენა: გვიწვრთნიან ჯარებს, გვეხმარებიან რეფორმებსა და განვითარებაში, გვაძლევენ ფულს და დიპლომატიურად უჭერენ მხარს ჩვენი სუვერენიტეტის შენარჩუნებას.

საზოგადოდ, ამა თუ იმ ალიანსში შესვლა სუვერენიტეტის შეზღუდვაა და ამერიკის დამფუძნებელი მამები ამის გამოც უფრთხოდნენ საგარეო ხლართებს. ერთი შეხედვით პარადოქსულია, მაგრამ საქართველოსნაირი პატარა ქვეყნის დასავლურ ალიანსში ჩართვა სუვერენიტეტს იმდენად არაფერს აკლებს, რამდენადაც განუზომლად ზრდის უსაფრთხოებას. ერთი მაგალითიც კმარა: მაშინ, როცა ვუდრო უილსონს ამერიკის კონგრესმა ნება არ დართო, რომ აშშ ერთა ლიგას შეერთებოდა, აქაოდა სუვერენიტეტს შეგვიზღუდავსო, საქართველოს დემოკრატიული რესპუბკლიკის მთავრობა უმორჩილესად ითხოვდა ლიგაში საქართველოს მიღებას.

ასეა ნატოს შემთხვევაში და ასეა, მით უმეტეს, ევროპის კავშირის შემთხვევაში. ამ ალიანსებში შესვლა თავისუფლებას გვიმტკიცებს ჩვენი უსაფრთხოების სრულიად ახალ განზომილებაში გადასვლით. უფრო მეტიც, საქართველოს ნატოში გაწევრიანება დასავლეთის მიერ იმის აღიარებაც იქნება, რომ ჩვენზე რუსეთის „კანონიერი” უფლებები აღარ ვრცელდება და ჩვენ მართლა სუვერენული ერი ვართ, რომელსაც თავისუფალი არჩევანის უფლება აქვს.

ბატონყმობის გადავარდნა


მაგრამ სად გავექცევით იმ გარემოებას, რომ ევროპის რამდენიმე გავლენიანი სახელმწიფო ჩვენ კვლავაც მიგვიჩნევს რუსეთის ვასალად და, მაშასადამე, ისეთ ქვეყნად, რომლის თავისუფალი ნებაც იმპერიულ „ლეგიტიმურობაზე” პრეტენზიის მქონე „ზესახელმწიფოს” დიქტატით არის შეზღუდული.

ერთნი იტყვიან, თუ არ გვიწვევენ, ნუ გვიწვევენ და ხელს ჩაიქნევენ; დავბრუნდეთ იქ, სადაც ვიყავით. მაგრამ რას ნიშნავს „დაბრუნება”? ეს არა მარტო უპრინციპობასა და ღირებულებათა სისტემის არქონას ნიშნავს, არამედ იმასაც, რომ უკეთეს აწმყოსა და მომავალზე უარი ვთქვათ და განვითარებას მუდმივი ჩამორჩენილობა ვარჩიოთ.

რა უნდა ექნა ყმას, თუ მას სამოქალაქო უფლებებზე უარს ეუბნებოდნენ? უნდა უკუეგდო თავისი მოთხოვნა, თუ ებრძოლა თავისუფლებისათვის? ჩვენი არჩევანიც ესაა, რადგანაც დღევანდელ მრავალგანზომილებიან საერთაშორისო სისტემაში საქართველო სწორედ იმ ყმას ჰგავს: ის ან დაყრის ფარ-ხმალს და სამუდამოდ დაკარგავს წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობას, ან დიდი შრომითა და თავდადებით მიაღწევს თანასწორობას და შეუერთდება დაწინაურებულ ერებს.

კომენტარები