ეკლესიის ძალა უძალობაშია

მემატიანეები წერენ, ჰილდებრანდს პაპობა არ უნდოდაო... ვინ იცის, იქნებ მართლაც ასე იყო და 1073 წელს, როცა რომის ტახტი დაქვრივდა, გავლენიან ბერს მართლაც ეთქვა, არჩევნებზე არ გამიყვანოთო, მაგრამ ეს ალბათ ხრიკი იყო. როგორც კი პაპად აირჩიეს და გრიგორი VII დაერქვა, მაშინვე გაჩნდა სქელტანიანი ტრაქტატი საეკლესიო რეფორმების შესახებ. აი, რამდენიმე თავის სათაური: „მხოლოდ რომის ეპისკოპოსია საყოველთაო”, „მხოლოდ პაპს შეჰფერის იმპერიული ნიშნები”, „მხოლოდ პაპს უნდა ემთხვიონ ფეხზე ძლიერნი ამა ქვეყნისა”...

ეკლესიაში ტოტალიტარული რეჟიმი დამყარდა. თვისებათა სრულ კომპლექტს პიროვნების კულტიც კი არ აკლდა. პაპი ერთპიროვნული მმართველი ხდებოდა და ღირსებით მისი ტოლი ეპისკოპოსები სიმბოლურად დაწინაურებულ მღვდლებს ემსგავსებოდნენ.

გრიგორიმ თეორია არ იკმარა და სამღვდელოთა უქორწინებლობა დააკანონა. მოწინააღმდეგენი საღვთო წერილს, კერძოდ, პავლე მოციქულის ეპისტოლეებს იმოწმებდნენ, მაგრამ პაპისთვის ეს არგუმენტი არ აღმოჩნდა. მოწინააღმდეგეებმა 1075 წელს წირვისას ბრბო მიუსიეს პაპს. გრიგორი ძლივს გადარჩა, მაგრამ არც ეს აღმოჩნდა არგუმენტი.

იმ დროის ყველაზე პოპულარულმა დასავლელმა თეოლოგმა, პიერ დამიანიმ გრიგორი VII-ს ორი სახელი შეარქვა: „ძლევამოსილი ქარი” და „წმინდა სატანა”. სხვათა შორის, თუ პირველს იაპონურად ვთარგმნით, „კამიკაძე” გამოვა.

ასე ქარივით დაატყდა თავს პაპი გრიგორი იმპერატორის გვარის ხუთ წარჩინებულს, რადგან მათ ეპისკოპოსების დადგენა გაბედეს. აქედან დაიწყო დიდი ისტორია... პაპმა იმპერატორს საიდუმლო წერილი გაუგზავნა: მიხედე ამათ, თორემ ყველას განგკვეთთო.

იმპერატორი ჰაინრიხ IV იმ დროს 25 წლისა იყო. საშინლად სძულდა რომიცა და პაპის აპარატიც, რადგან ბავშვობიდანვე ის აზრი ჩაუნერგეს, რომ ეკლესია იმპერატორებისგან მითვისებული ძალაუფლებით ცდილობს ქვეყნიერების მართვას. განრისხებულმა პაპის საიდუმლო წერილი გამოაქვეყნა.

იმპერატორის ქვეშევრდომები აღშფოთდნენ. ჰაინრიხმა ისარგებლა განწყობით და ორი ერთდღიანი კრება მოიწვია. ერთი ვორმსში - გერმანულ ქალაქში, რომელიც ჯერ კიდევ ელოდა მარტინ ლუთერის ამბოხს. მეორე - იტალიის ქალაქ პიაჩენცაში. პაპისადმი მიმართვაც შესაბამისი მიიღეს: „ჰაინრიხი, იმპერატორი არა უკანონოდ, არამედ ღვთის ნებით, ჰილდებრანდს, არა პაპს, არამედ თვითმარქვია ბერს”.

ვინ იცის, დღესაც რომ ასე ესმოდეთ დიპლომატია ევროპელებს, იქნებ უკეთესი ყოფილიყო.

რომში, 110 იტალიელი და ფრანგი ეპისკოპოსის წინაშე, წერილი ხმამაღლა წაიკითხეს. მღვდელმთავრები, ალბათ მაამებლობით აღძრულნი, მაცნეს იქვე ჩამოხრჩობით დაემუქრნენ. ისევ გრიგორიმ იხსნა საბრალო. ბოლოს და ბოლოს, პაპმა საეკლესიო კრება მოიწვია, განკვეთა ჰაინრიხი და მისი ქვეშევრდომები ყველა ვალდებულებისგან გაათავისუფლა. ცივი ომი გაცხელდა...

აქ კი ახალგაზრდა იმპერატორი გერმანელმა თავადებმა მიატოვეს: როგორც ეტყობა, შადიმანებით მხოლოდ საქართველო არ არის მდიდარი. არისტოკრატებს ჰაინრიხის შეზღუდვა უნდოდათ, ამიტომ ურჩიეს, პაპს შეურიგდიო.

იმპერატორმა პაპი ქალაქ ავგუსტაში მიიწვია. გრიგორის არავისი ეშინოდა, ამიტომაც გაეშურა ავგუსტას. გზად გაიგო, რომ ჰაინრიხმა ვასალების წინაშე თავის დამცირება არ ისურვა, ამიტომ თვითონაც წავიდა შესახვედრად. პაპი იქვე, კანოსას ციხე-დარბაზში გაჩერდა.

ჰაინრიხმა 25 იანვარს მიაღწია კანოსას. ზამთრის სუსხში, ციხე-დარბაზის კართან ფეხშიშველი და პერანგისამარა წარდგა - შენდობას ითხოვდა. ამ თეატრს სამი დღე იმეორებდა. ბოლოს გრიგორიმ მიიღო და აზიარა. პაპმა კანოსას ამბავი იმპერატორის უპირობო კაპიტულაციად გაიგო, იმპერატორმა კი - უსიამოვნო კომპრომისად.

პაპსა და იმპერატორს შორის დადებულ ხელშეკრულებას ჯერ კიდევ მელანი არ შეშრობოდა, როცა გერმანელი თავადების ნაწილმა ისარგებლა შემთხვევით, გადააყენა ჰაინრიხი და მის მაგიერ რუდოლფ შვაბიელი გაამეფა. ჰაინრიხმა უზურპატორის წინააღმდეგ ომი წამოიწყო და ქალაქ მერზებურგთან შეერკინა კიდეც. ბრძოლის დასასრული ცხადი არ იყო, მაგრამ რუდოლფი დაიღუპა და პაპის აღიარებამ მხოლოდ მის გვამს მიუსწრო.

ახლა კი ჰაინრიხმა იხელთა დრო, შეკრიბა გერმანელი ეპისკოპოსები და გამოაცხადებინა, რომ მერზებურგის ბრძოლა იყო ღვთის ნების განცხადება: გრიგორი არის გველი, რომლის სუნთქვა წამლავს ეკლესიას. გამხნევებულმა ჰაინრიხმა პაპად ქალაქ რავენის ეპისკოპოსი დანიშნა კლიმენტ III-ის სახელით და რომზე გაილაშქრა.

ქალაქმა პაპს დაუჭირა მხარი და საშინელ ალყას ორი წელი უძლებდა. ბოლოს, 1084 წელს დანებდა. არ დანებდა თვითონ გრიგორი და დახმარება ნორმან ავანტიურისტს, რობერ გვისკარდს სთხოვა. მოვლენები ასე განვითარდა: კლიმენტმა ჰაინრიხს გვირგვინი დაადგა და იმპერატორი გერმანიას დაუბრუნდა. საფრთხე აღარ იყო, მაგრამ გრიგორის მოხმობილი გვისკარდი სიცილიაში შეგროვილი სარკინოზებით შევიდა რომში: ათასობით რომაელი დახოცეს, ასობით ქალი გააუპატიურეს, მთელი უბნები გადაწვეს. ასეთი იყო პაპის მადლიერება ხალხის ერთგულებისთვის.

რომაელები გრიგორის მოსაკლავად დასდევდნენ. გრიგორი თავის საშინელ მხარდამჭერთან ერთად გაექცა ქალაქელთა რისხვას. მალევე მოკვდა მარტოობაში. ამბობენ, რომ სიკვდილის წინ ჩურჩულებდა: „დევნილობაში ვკვდები, რადგან სამართალი მიყვარდა და უსჯულოება მძულდა”. სამართალზე მეტად ეკლესია უყვარდა და ამ სიყვარულში უსჯულოებამდე ავიდა.
 

კომენტარები