ატამან აშინოვის ნამდვილი ისტორია

არსებობს აკაკი წერეთლის ერთი მოგონება, რომელიც 1935 წელს გაზეთ „კომუნისტში” გამოაქვეყნა იოსებ გრიშაშვილმა. იმხანად, - იგონებს მგოსანი, მაგრამ არ აზუსტებს, როდის, - თბილისში ჩამოსული იყო „ახალ ერმაკად” წოდებული კაზაკთა ატამანი აშინოვი. რუსული გაზეთების მიერ ნაქები ატამანი „ივერიას” სასაცილოდ აუგდია. გაბრაზებული აშინოვი რედაქტორთან, სერგეი მესხთან შევარდნილა და ბოდიშის მოხდა მოუთხოვია. იქვე ყოფილან აკაკი და ვაჟა-ფშაველა. როცა აშინოვის თავხედობა ზღვარს გადავიდა, ვაჟა-ფშაველა ამდგარა და კიბეზე დაუგორებია ატამანი...

ძნელი დასადგენია, მოხდა თუ არა ეს ამბავი სინამდვილეში. სერგეი მესხი 1883 წელს გარდაიცვალა. აშინოვის გარშემო აჟიოტაჟი კი რუსულ გაზეთებში მხოლოდ 1884 წლიდან დაიწყო. შესაძლოა, აკაკი ადრეულ და გვიანდელ მოვლენებს ერთმანეთს უზავებს, სიმწვავისთვის. საინტერესოა, ჯერ ორმოცს არმიღწეული აკაკი წერეთლისა და ოციოდე წლის ვაჟა-ფშაველას წარმოდგენა ასეთი კოლორიტული ეპიზოდის გათამაშებისას. მაგრამ ჩვენ ამჯერად სულ სხვა მხარეს გავიხედოთ...

ნიკოლაი აშინოვზე ბევრი არაფერია ცნობილი. სავარაუდოდ, იგი ქალაქ პენზაში მცხოვრები ვაჭრის შვილი უნდა ყოფილიყო. თვითონ საგულდაგულოდ მალავდა წარმოშობას და ჩრდილოკავკასიელ კაზაკად მოჰქონდა თავი. იმასაც კი ირწმუნებოდა, რომ პუგაჩოვივით წერა-კითხვა არ იცოდა.

1880-83 წლები აშინოვის ბიოგრაფიის თეთრი ლაქაა - არავინ იცის, სად იყო და რას იქმოდა. სანახავია მაშინდელი „ივერია”: იქნებ მართლაც იყო რაღაც ირონიული სტატია იმ დროს სრულიად უცნობ ავანტიურისტზე...

1884 წელს პეტერბურგს ჩასულმა აშინოვმა ჯერ ნაციონალისტების წრეში მოიპოვა ავტორიტეტი. საქმე ეხებოდა აფხაზეთში კაზაკების ჩასახლებას.

აშინოვმა ყველაზე ღარიბი ოჯახები აიყოლია უკანასკნელი გროშების დასახარჯავად. არც რეკლამა და პიარი ავიწყდებოდა: მაგალითად, მოიგონა კაზაკის ფორმა, შეადგინა ცხოვრების განრიგი და ა. შ. ყველას ეუბნებოდა, რომ მთავრობა აუცილებლად დააფინანსებდა სოხუმის მახლობლად კაზაკების ახალ დასახლებას.
აშინოვი და რამდენიმე ათეული მოტყუებული ოჯახი მართლაც დასახლდნენ სოხუმის მაზრაში, მაგრამ მალე შიმშილი დაიწყო: რუსეთის მთავრობა არ აპირებდა ავანტიურის დაფინანსებას. აშინოვი პეტერბურგში წერდა, როგორ მხიარულად ცხოვრობენ კაზაკები, როგორ შრომობენ, ლოცულობენ და მღერიან. ტყუილმა არ გაჭრა და კოლონისტების უმრავლესობამაც მალე მიატოვა აფხაზეთი. დანარჩენების რისხვას ძლივს გაასწრო ატამანმა.

მაშინ კი სხვა მითი მოიგონა: ავრცელებდა ხმებს, თითქოს ახლო აღმოსავლეთის ცნობილი ყაჩაღები სინამდვილეში კაზაკები არიან და საიდუმლოდ იცავენ რუსთა მეფის ინტერესებს. სარწმუნოებაც კი შეინარჩუნეს. „წაგიკითხავთ გაზეთებში ყაჩაღ ობეიდულას შესახებ? - ეგ ჩვენიანია, ივან ვასილიევიჩ კალინინი”, - არწმუნებდა აშინოვი პოტენციურ სპონსორებს.

ამის შემდეგ აშინოვმა განაცხადა, რომ ინგლისელებმა მოისყიდეს. თითქოს ინგლისურ დაზვერვას სურდა კაზაკების გამოყენება დივერსიებისთვის რუსულ რკინიგზაზე. მაშინ ინგლისი და რუსეთი ომის ზღვარზე იდგნენ ავღანეთში გავლენის მოსაპოვებლად. აშინოვის თქმით, მან 12000 გირვანქა სტერლინგი მიიღო ინგლისელებისგან, მაგრამ არ აპირებდა მათი მოთხოვნების შესრულებას.

ალბათ ტყუოდა: მისტიფიკაციების მოყვარული იყო, ფულს კი თავისუფლად იშოვიდა სხვაგანაც - რუსეთში რა დალევს მდიდარ სულელებს.

ფული ერთი საოცარი წამოწყებისთვის სჭირდებოდა: აშინოვმა ეთიოპიის მართლმადიდებლობაზე მოქცევა განიზრახა. დადიოდა პეტერბურგის სალონებში, მინისტრებთან და ყველას ატყუებდა, რომ ეთიოპიური მთავრობის მეგობარია, რომ საჭიროა კაზაკების დასახლება აფრიკის ნაპირზე. ამავე დროს რუსი ანთროპოლოგი მიკლუხო-მაკლაიც გამოვიდა ოკეანიის კუნძულებზე სოციალისტური კომუნის შექმნის იდეით. ჟურნალისტები სასტიკად დასცინოდნენ და კიცხავდნენ მას, მაგრამ აშინოვს სულ სხვა, მოწიწებული ტონით იხსენიებდნენ: სწორედ მაშინ, 1887 წლის მერე წარმოიშვა ტერმინი - „ახალი ერმაკი” - რითაც აშინოვს XVII საუკუნეში ციმბირის დამპყრობს, ერმაკ ტიმოფეევიჩს ადარებდნენ.

არავინ უსმენდა, ამიტომაც ატამანმა რელიგიით სპეკულირება სცადა. ამბობდა, რომ ეთიოპია ხელში ჩაიგდეს კათოლიკეებმა და პროტესტანტებმა, რაც შეურაცხყოფს წმინდა რუსეთს. ამით თვით ობერ-პროკურორი პობედონოსცევიც კი მიიმხრო. ამგვარად, საზღვარგარეთ წასვლის საშუალებაც მიეცა: ფრანგი ნაციონალისტები აღმერთებდნენ რუსეთს, ერთადერთ მოკავშირეს გერმანიის წინააღმდეგ. აშინოვმა თანხა დააგროვა და რუსეთის საზღვაო მინისტრიც დაითანხმა, რომ აფრიკის ნაპირზე სამოქალაქო გემით გაემგზავრებინა ათეულობით კაზაკი, არქიმანდრიტი პაისი და ოთხი მორჩილი. ეს პაისი წარსულში რაღაც სექტის წევრი იყო, ამიტომ გააციმბირეს, მაგრამ სხვისი საბუთებით გაიქცა თურქეთში. გზად ტაგანროგში შეჩერდა და მებაღედ მუშაობდა ანტონ ჩეხოვის ოჯახში.

ამგვარად, 1888 წლის გაზაფხულზე აფრიკის რქის ნაპირზე წარმოიშვა დასახლება „ნოვაია მოსკვა”. ესეც ტყუილი აღმოჩნდა: აშინოვმა ჯერ რამდენიმე ოჯახი გაუშვა ეთიოპიაში, თვითონ კი დეკემბრამდე კარებს ატალახებდა სახსრების მოსაძიებლად. მიტოვებულები ლამის შიმშილით დაიხოცნენ. 10 დეკემბერს მათკენ გემით გამოეშურა აშინოვის „კაზაკთა” 150-კაციანი რაზმი: კაზაკი მათგან სულ ორი იყო - დანარჩენები აშინოვმა ოდესისა და პეტერბურგის ჯურღმულებში მოაგროვა. მთელი ბანდა, „კონსპირაციის” მიზნით, საბერო კაბებში იყო გამოწყობილი.

იმ დროს პორტ-საიდში შესული რუსული გემის კაპიტანი პტაშინსკი წერდა, რომ „მართლმადიდებლური მისია” სამარცხვინო სურათს წარმოადგენდა: რუსები მთვრალები დაძრწოდნენ ქალაქში, იპარავდნენ ყველაფერს, სამღვდელო პირებიც კი ჩამოძონძილები დადიოდნენ და ხმამაღლა გაჰკიოდნენ უწმაწურ სიმღერებს.

როგორც იქნა, „ნოვაია მოსკვაც” აშენდა ახლანდელი ჯიბუტის ტერიტორიაზე. აქედან კი ისტორია უკვე ტრაგიკულ ელფერს იძენს...

საფრანგეთს არ გამორჩენია მისი კოლონიის ტერიტორიაზე რუსების აქტივობა. საკითხი დიპლომატებმა განიხილეს. ბოლოს იმპერატორმა ალექსანდრე მესამემ განუცხადა საფრანგეთის ელჩს, რომ სულაც არ ადარდებს აშინოვისა და მისი დამქაშების ბედი. რუსეთში არასოდეს ყოფილან მოქალაქეები, იქ ყოველთვის მხოლოდ ქვეშევრდომები იყვნენ.

1889 წელს ფრანგულმა სამხედრო ხომალდებმა საარტილერიო ცეცხლით გაანადგურა „ნოვაია მოსკვა”. რამდენიმე მამაკაცთან ერთად ოთხი ქალი და ორი ბავშვი დაიღუპა.

აშინოვი, მისი ცოლი და გადარჩენილი კოლონისტები რუსეთში დააბრუნეს. იქ მათ სხვადასხვა ხნით გადასახლება მიუსაჯეს. არქიმანდრიტი პაისი საქართველოში, საფარის მონასტერში გაამწესეს. თვითონ აშინოვი კი გამოუსვლელად უნდა დარჩენილიყო ცოლის მამულში, ნიჟნი ნოვგოროდის გუბერნიაში.

ცოტა ხანში მაინც მოახერხა საფრანგეთში გაქცევა და ფრანგ ნაციონალისტებს მიეკედლა. ალექსანდრეს გაუკვირდა: „რატომ არ გააგდებენ სახელმწიფოდან?” - იმპერატორი ვერ გრძნობდა განსხვავებას ტირანულ მონარქიასა და თავისუფალ რესპუბლიკას შორის. აშინოვი კი ინგლისელებს დაუკავშირდა და ახლო აღმოსავლეთში დახმარება შესთავაზა.

დასავლეთში ყოველთვის უფრო ძნელი იყო ავანტიურისტის ბედი. იმედგაცრუებულ ატამანს სამშობლოში დაბრუნება მოუხდა და აქ უკვე იკარგება მისი კვალი. ვარაუდობენ, რომ 1902 წელს გარდაიცვალა ცოლის მამულში...

მართლაც, საინტერესო იქნებოდა იმის გამოკვლევა, სინამდვილეში მოხდა თუ არა აკაკი წერეთლის აღწერილი ამბავი. ჯერჯერობით მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ პენზელ ავანტიურისტთან მსგავსი მოპყრობა მაინცდამაინც არ გააღიზიანებდა რუსეთის ოფიციალურ წრეებს.

კომენტარები