როგორ თამაშობს რუსეთის მთავარი ფიგურა

გარი კასპაროვი
გარი კასპაროვი
  მსოფლიოს მეცამეტე ჩემპიონი ჭადრაკში დღეს რუსეთის პოლიტიკურ დაფაზე თამაშობს გამარჯვებისთვის. „გაერთიანებული სახალხო ფრონტის” დამფუძნებელი, მოძრაობა „სოლიდარობის” პრეზიდიუმის წევრი, ოპოზიციური პარტიების კოალიციის „სხვა რუსეთის” ერთ-ერთი დამაარსებელი, გარი კასპაროვი, რუსეთის 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე წარდგენილი იყო ოპოზიციის ერთიან კანდიდატად, მაგრამ რუსეთის საარჩევნო კომისიამ არ დაარეგისტრირა. 

რუსმა ოპოზიციონერებმა ინტერნეტში გამოაქვეყნეს მიმართვა და მოსახლეობას პუტინის გადადგომის აუცილებლობა აუწყეს. დღეისთვის 27 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა. რა მიზანი აქვს კამპანიას?

მიზანია, შევიტყოთ საზოგადოების განწყობა. ასეთი მიმართვა ერთადერთი გზაა, როცა არ გაქვს თავისუფალი ტელევიზია და არჩევნები. პუტინის რეჟიმი ხლეჩს საზოგადოებას. დღეს ყალიბდება ადამიანთა წრე, რომელიც არ იღებს ამ რეჟიმს და მას კორუმპირებულად და დამნაშავედ მიიჩნევს. დაიწყო დისკუსია პუტინისა და პუტინიზმის როლზე. ხალხი გაწბილებულია, არ სჯერათ, რომ ხელისუფლებას შეუძლია მათ რამე რეალური გაუკეთოს. უკმაყოფილება ეძებს გამოსავალს. ვიღაცა კომპარტიას აძლევს ხმას, რომ „ედინაია როსიამ” არ გაიმარჯვოს, ვიღაცა ინტერნეტში აწერს ხელს ამ წერილს. ეს არ არის „ოტტეპელი” (პოლიტიკური დათბობა), მაგრამ ყინულმა დნობა უკვე დაიწყო.

რამდენად რეალურია რუსეთში გავლენიანი დემოკრატიული პოლიტიკური ძალის მოსვლა?

ამას სჭირდება არჩევნები და ნორმალურად მომუშავე პარლამენტი. სჭირდება სხვადასხვა პოლიტიკურ ძალთა შეთანხმება ერთობლივად ებრძოლონ რეჟიმს. ნაციონალისტურ ორგანიზაციებთან და მემარცხენე ჯგუფებთან ერთად უნდა მოხერხდეს თამაშის საერთო წესების დადგენა. სწორ გზაზე ჩვენი წარმოდგენა გვაქვს, მაგრამ ვმუშაობთ ყველასთან, რადგან ეს სახალხო ფრონტის კლასიკური კონცეფციაა. ჩილეშიც იმუშავა ამან, როდესაც ქრისტიან-დემოკრატები გაერთიანდნენ სოციალისტებთან და კომუნისტებთან პინოჩეტის წინააღმდეგ. ან გავიხსენოთ ჩეხეთის „ქარტია 77”, სადაც თავმოყრილი იყო ყველა – მონარქისტებიდან ლიბერალებამდე. ავტორიტარულ რეჟიმთან ბრძოლა მოითხოვს იდეოლოგიურ ტოლერანტობას.

რა გზა გესახებათ ჩრდილოეთ კავკასიის პრობლემის გადასაჭრელად?

ეს გადაუწყვეტელ პრობლემად მოჩანს. ერთის მხრივ არის მოსაზრება, რომ ჩრდილოეთ კავაკასია სხვა სამყაროა, სადაც ადამიანები თავისი კანონებით ცხოვრობენ და არა იმით, რაც მთელ რუსეთში უნდა მოქმედებდეს. თუ მათ სურთ შარიათის კანონებით ან სხვა ადათებით იცხოვრონ, დაე, წავიდნენ. არის ასევე მოსაზრება, რომ ჩრდილოეთ კავკასიის პრობლემა თავად რუსეთის ბრალია, ვინაიდან იქ არის კორუფცია. მოსკოველი ჩინოვნიკებისთვის ჩრდილოკავკასიელებთან ურთიერთობა სარფიან ბიზნესად იქცა. მეორე მხრივ, არავის აქვს წარმოდგენა, თუ რა უნდა გავაკეთოთ. მაგალითად, დღეს რუსეთში ყველაზე საბრძოლო მდგომარეობაში მყოფი სამხედრო შენაერთები კადიროვის შენაერთებია ჩეჩნეთში. კადიროვის შესანახად მილიარდები იხარჯება. რა ვქნათ, ერთ დღესაც დაფინანსება რომ შეწყდეს და კადიროვმა რუსეთის დროშა ისლამის მწვანე დროშაზე გაცვალოს? პასუხები არ არსებობს, ჩრდილოეთ კავკასიის საკითხზე კონსენსუსი შეუძლებელია.

ხედავთ დღეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა პერსპექტივას? როგორ დიალოგს შეიძლება ჰქონდეს აზრი?

საქართველოსთან ომი იყო პუტინის პირადი საქმე. თავად იდეა, ელაპარაკო პუტინს, რასაც დღეს თქვენი ოპოზიციონერები აკეთებენ, არის უაზრობა, თუ ეს ეხება ტერიტორიულ მთლიანობას. თუ ქართულ ოპოზიციას დღის წესრიგში ეს საკითხი შეაქვს, ის თავს იტყუებს. სანამ პუტინი ხელისუფლებაშია, საქართველოს ანექსირებული ტერიტორიების საკითხს არ განიხილავენ. და არც ისაა ცხადი, მოგვარდება თუ არა პრობლემა პუტინის შემდეგ. რუსეთში ბევრია დემოკრატიულად განწყობილი ადამიანი, პუტინსა და სააკაშვილს თანაბარ პასუხისმგებლობას რომ აკისრებს. ეს აბსურდია.
ომის დეტონატორი გახდა სოჭის არჩევა ოლიმპიადისთვის. აგვისტოს ომის მიზანი იყო არა ცხინვალი, არამედ აფხაზეთი. სჭირდებოდათ გარანტია, რომ სოჭი არ იქნებოდა საზღვარზე. ჯერ ერთი, ოლიმპიური სოფელი ძალიან ახლოს არის აფხაზეთთან. ოლიმპიადის გამართვა საქართველოს საზღვართან ასე ახლოს პუტინისთვის მიუღებელი იყო. მეორეც - აფხაზეთი უნდა გახდეს სამშენებლო მოედანი, საიდანაც შემოიტანენ სამშენებლო მასალას. აფხაზეთი უნდა აქციონ სოჭის ოლიმპიადის პოლიტიკურ და მატერიალურ-ტექნიკურ პლაცდარმად.

რას ატყობთ, კრემლში ესმით, რომ საქართველო არ აპირებს დაუბრუნდეს რუსეთს?

ცოტა ხნის წინ ლეონიდ რაძიხოვსკიმ გამოთქვა საინტერესო იდეა. ის დახვეწილი, ლიბერალური, უნიჭიერესი ჟურნალისტია, მაგრამ ასრულებს კრემლის ძალიან დელიკატურ დავალებებს. ის ახმოვანებს სურკოვის (რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე) ყველაზე იდუმალ აზრებს. მისი აზრით, რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობათა დალაგება შესაძლებელია, თუ ქართველი ხალხი გაითავისებს, რომ აფხაზეთი და ცხინვალი სამუდამოდ დაიკარგა. საგულისხმოა, ეს აზრი ჩნდება ბურჯანაძის მოსკოვში ჩასვლიდან რამდენიმე დღეში. თუ მან გაახმოვანა, რომ სააკაშვილისა და პუტინის არყოფნის შემთხვევაშიც კი საქართველო უნდა შეეგუოს თავისი ტერიტორიების დაკარგვას, ეს ნიშნავს ახალი კამპანიის დაწყებას, რომლის მიზანია თანდათანობით შეაჩვიონ ადამიანები ამ მიდგომას. პუტინთან ლაპარაკი შეიძლება ერთადერთი პირობით – დღევანდელი იურიდიული სტატუს-კვოს აღიარებით.

როგორ შეაფასებთ ამერიკისა და ევროპის
ახალ პოლიტიკას?

ისინი სამარცხვინოდ იხევენ უკან რუსეთის წინაშე. არჩევენ იმავე დაშოშმინების პოლიტიკას, რომლითაც 70 წლის წინათ იყვნენ დაკავებულნი იმ იმედით, რომ აიცილებდნენ ჰიტლერთან კონფრონტაციას. ჰიტლერი იყენებდა ტანკებს, პუტინი იყენებს ბანკებს. უნდა ვახსენოთ მეხუთე კოლონა, რომელიც დაკავებულია პუტინის რეჟიმის ლობირებით. პრაქტიკულად, ბრიტანეთის გარდა, დასავლეთი ევროპის ბიზნეს და პოლიტიკური ელიტა იმყოფება კრემლის ზემოქმედების ქვეშ. ადამიანი ყიდულობს უმაღლესი თანამდებობის პირებს – შროდერს, მაგალითად. ბერლუსკონი მისი ბიზნესპარტნიორია, საფრანგეთი დაკავებულია რუსული ინტერესების ლობირებით, ზაპატერო და აზნარი – მიუხედავად მათ შორის განსხვავებისა, ორივე სამარცხვინოდ იქცევა პუტინთან. ამერიკაში ამის გაკეთება გაცილებით უჭირთ, თუმცა იქაც არიან: კისინჯერი, ბეიკერი – ფაქტობრივად კრემლის სამსახურში დგანან. ბევრი ჟურნალისტი ჰყავთ ბეჭდვით მედიაში, როგორც ამერიკაში, ისე ევროპაში. საქართველოსთან ომმა ეს აჩვენა.

რამდენად საშიშია ეს ვითარება თავად ევროპისთვის?

ეს კარგად არ დამთავრდება. პუტინი ხედავს, თუ რამდენად სუსტია ევროპა და როგორ მოიკიდა ფეხი იქ კორუფციამ. რუსეთის მთავარი საექსპორტო პროდუქტი არის არა ნავთობი და გაზი, არამედ კორუფცია. ევროპაში ამ პროდუქტზე დიდი მოთხოვნაა. რუსეთის 2009 წლის ბიუჯეტის შემცირების დროს ხარჯები გაეზარდათ შსს-ს, პროკურატურას და პროპაგანდულ მედიას. Russia Today-ის დაფინანსება 100 მილიონი დოლარით გაიზარდა. პუტინი მივიდა დასკვნამდე, რომ ყველაფრის ყიდვა შეიძლება. ზოგჯერ დასავლეთში დამცავი მექანიზმები ირთვება - ყველაფრის გაყიდვა არ შეიძლება. ამ გამყიდველობის პიკი იყო ოლიმპიადა. სოჭი მთელი რიგი პარამეტრებით უნდა უარეყოთ: 1. კონფლიქტური ზონა, 2. ეკოლოგია, 3. ინფრასტრუქტურის არარსებობა. ერთი მიზეზიც საკმარისია, რომ არ განეხილათ. მაინც მიიღეს.

თქვენი აზრით, მოსალოდნელია ახალი ომის საქართველოს წინააღმდეგ?

რუსეთში შიდა პოლიტიკის ვითარების გაუარესების შემთხვევაში, რეჟიმი გადაერთვება ხოლმე საგარეო ავანტიურაზე. უკრაინასთან ეს გამორიცხულია. რჩება საქართველო, რათა განახორციელო ავანტიურა და მოგებული ომით ყველაფერი ჩაფარცხო. მაინც ვფიქრობ, ეს ნაკლებად სავარაუდოა. ომს რესურსი სჭირდება – არა მხოლოდ სამხედრო, არამედ საგარეო პოლიტიკურიც და აუცილებელია, არსებობდეს მიზანი. მიზანი მიღწეულია – აფხაზეთი და სოჭის ოლიმპიადის უზრუნველყოფა. ნებისმიერი ავანტიურა კავკასიაში პრაქტიკულად კლავს სოჭს. შესაძლებელია, მოგვიანებით, როდესაც ცხადი გახდება, რომ სოჭი ჩავარდა, დაიწყონ ავანტიურის ძებნა. თუმცა, მათ არ აქვთ ის შინაგანი ფსიქოლოგიური რესურსი, რაც ჰქონდათ ორი წლის წინ,

გეგულებათ პოლიტიკური სვლა, რითაც საქართველო რუსეთს დააშამათებს?

შამათი თუ არა, პუტინის მეფეს შეიძლება მუდმივი ქიშით ემუქრებოდე. შამათს ჩვენ თვითონ დავუსვამთ რუსეთში.


 

 

 

კომენტარები