ქვაბში აჟღერებული სიმფონია

„ნამდვილი კერძი პირველი ლუკმიდან არ იწყება, არც თეფშზე დადების მომენტში, არც ქვაბში და არც ცეცხლის ანთებიდან. ის ოცნებაში ჩნდება და აქედან იწყებს მოგზაურობას.” გრიგოლ ქონდრისკაცი; „ურბანოიდოლოგია - წიგნი პირველი”

2 კილო ბატკნის ხორცი (ნეკნები, უკანა ფეხი); 15 კონა ტარხუნა ; 3 კონა მწვანე ხახვი; 2 კონა ქინძი; 300 გ. ტყემლის ნაყოფი (ყვითელი); 2 ჭიქა თეთრი მშრალი ღვინო. სურვილისამებრ: ახალი ნივრის 2-3 ღერო; 100 გ. მჟავე წიწაკა (მწნილი) და მარილი; 1 ლიმონი.

გარეცხილი ხორცი დაჭერი თანაბარ საშუალო ნაჭრებად. გარეცხე და გაასუფთავე ტარხუნა, ქინძი და ხახვი. დაჭერი წვრილად. ღრმა ქვაბში ფენა-ფენა ჩააწყვე ხორცი, მწვანილი, ტყემალი (თუ ცხარე გინდა, დაუმატე მჟავე წიწაკა) და მარილი. დადგი საშუალოზე ოდნავ დაბალ ცეცხლზე. საათ-ნახევარი აცალე, არ მოურიო, მხოლოდ ერთხელ ჩაასხი 1 ჭიქა ღვინო. ნეკნიან ნაწილს ხორცი თუ იოლად სძვრება, მზად არის. დაუმატე ბოლო ჭიქა ღვინო, დაუწიე ცეცხლს და 10 წუთი აცალე. თუ უფრო მჟავე გინდა, მაგიდასთან მიტანამდე მოასხი ლიმონის წვენი.

ასეთი იქნებოდა ჩემს წიგნში ჩაქაფულის მარტივად და გასაგებად დაწერილი რეცეპტი, მაგრამ კულინარიის ეს შედევრი გაცილებით მეტ ყურადღებას იმსახურებს.

„სიკეთის და ბოროტების ბრძოლა არ იწყება და არც მთავრდება ოდესმე. მარცხდება ხან ერთი და ხან მეორე და ისევ თავიდან იწყება ყველაფერი. მუდმივი ბრუნვაა. ერთის გარეშე მეორე კარგავს შინაარს. მათი თანაჟღერობაა სამყაროს არსი.” გრიგოლ ქონდრისკაცი; „ურბანოიდოლოგია - წიგნი პირველი”

ჩემთვის გაზაფხული ჩაქაფულით იწყება და ტარხუნის სუნი გაზაფხულის სუნია.

,რიტუალური კერძია ჩაქაფული. ბატკანი ქრისტიანობაში ქრისტეს სიმბოლოა, სიკეთის სიმბოლო. ტარხუნას კი ყველგან გველის, დრაკონის, ურჩხულის ბალახს ეძახიან. ეს არის ჩაქაფულის სიმბოლური არსი - მათი თანაჟღერობა. სიკეთის (ბატკანი) და ბოროტების (გველი, დრაკონის ბალახი - ტარხუნა) ბრძოლის სიმბოლო. ყველა ინგრედიენტი ახალია, გაზაფხულზე ახლად გაზრდილი, დაბადებული. ახალი სიცოცხლის აღსანიშნავად, ახალგაზრდა სიცოცხლეს ვწირავთ მსხვერპლად. ძველი რიტუალია.

შინაარსიანი კერძია ჩაქაფული. მძიმე მარხვა მძიმე გამოცდაა ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით ზამთრის შემდეგ. ფსიქოლოგიური და ფიზიკური გადატვირთვის შემდეგ, აუცილებელია ძალების სწრაფი აღდგენა. ვიტამინებით სავსე ტარხუნა, მწვანე ხახვი, ტყემალი და ადამიანისთვის ყველაზე იოლად გადასამუშავებელი ხორცი - ბატკნის ხორცი! ეს გათვლილი შედევრია.

ამ შედევრის შესაქმნელად სამი აუცილებელი პირობა უნდა დაიცვა:

ბატკანი და არა ცხვარი! ეს პირველი აუცილებელი პირობაა ჩაქაფულისთვის. ბატკანი საშუალო სიმსუქნის და ზომის. არ იფიქრო, როგორც ცოცხალ არსებაზე, ამ დროს ერთადერთი გამოსავალია იფიქრო როგორც მასალაზე. მძიმეა, მესმის, მაგრამ აქ მხოლოდ 2 გზაა: ან აკეთებ, ან არა. კარტოფილის ჩაქაფული და რაღაც მაიმუნობები თუ გინდა, ასე არ გამოვა. ჩაქაფული რიტუალური კერძია და ამას უნდა შეეგუო. ნეკნები, ზურგი და უკანა ფეხები რაც უფრო დიდხანს იქნება გამდინარე გრილ წყალში, მით უკეთესი. თეთრი მშრალი ღვინო ჩაქაფულის თანამგზავრია. მათი ურთიერთობა დასაბამიდან იღებს სათავეს. კარგად გარეცხილი ხორცი, დაჭრილი იმხელა ნაჭრებად, რამხელაც გინდა, ღვინოში ჩაასვენე და ნურც შეუშლი ხელს. დაისვენოს ერთი ღამე, ცოტა მეტიც. წინ ბრძოლა ელის, მძიმე ბრძოლა. ღვინო, „სისხლი მისი” აძლიერებს და აკეთილშობილებს ბრძოლის წინ.

მეორე: ტარხუნა, მწვანე ხახვი, ქინძი და ტყემალი უნდა იყოს ახალი, ქორფა! დაჭერი წვრილად მხოლოდ რბილი ნაწილები.

მესამე: მას შემდეგ, რაც ხორცს, მწვანილს და ტყემალს ფენა-ფენა ჩააწყობ საშუალო ცეცხლზე შემომდგარ ქვაბში, მომზადებამდე ხელი არ ახლო, არ მოურიო. ქვაბში სიმფონიის - თანაჟღერობის შექმნის პროცესი მიდის, ხელს ნუ შეუშლი.

შინაარსიანი კერძია ჩაქაფული და ამიტომაა ის კულინარიის შედევრი და არა მხოლოდ გემოს გამო.

P.S. დღეს გავაკეთე ამ წლის ჩემი ჩაქაფული. ელენე (ჩემი შვილი, 4 წლის) მეხმარებოდა, ხან მწვანე ხახვს რეცხავდა, ხან ტყემლებს აგორებდა მაგიდაზე, მოკლედ, იშრომა და დაიღალა. მერე მთელი საღამო მეკითხებოდა: „მალე იქნება ჩაქაქული?”

კომენტარები