ხელისუფლება. ხალხი. პიროვნება.

პოლიტიკურ კლასში იდეოლოგიური მდგრადობა არ შეინიშნება; ურთიერთგამომრიცხავი პრინციპების „შეთავსება” ჩვეული პრაქტიკაა. ეს განსაკუთრებით პოლიტიკურ პარტიებად წოდებულ დაჯგუფებებსა და - როგორც თავად მოიხსენიებენ - პოლიტიკაში „წასულ” ადამიანებს ეხებათ. მაღალია კადრების მოძრაობა ერთი პარტიიდან მეორეში. „პოლიტცხოველების” გემოვნება ხშირად იცვლება. მათი მსოფლმხედველობა მეტწილად ჩამოუყალიბებელი და ინტუიციურია. ამ ადამიანების დამოკიდებულება ამა თუ იმ მოვლენის მიმართ სიტუაციურია და არ გამომდინარეობს შინაგანი მრწამსიდან. ჭარბობს უფრო პრიმიტიული - „მე თუ ვიხეირებ”- მიდგომა.
ამ პრობლემის დაძლევა ჯერჯერობით შეუძლებელია, რადგან არ გვაქვს სამართლიან კონკურენციაზე დამყარებული საზოგადოება. ყველაფერი სასურველი პირადი, არაფორმალური ურთიერთობის გზით მოიპოვება. საზოგადოების თითოეული სეგმენტი მჭიდროდაა დაკავშირებული სახელისუფლებო ან შედარებით მცირე, ძალაუფლების მაძიებელ ჯგუფებთან. არ არსებობენ ავტონომიურად მოქმედი საზოგადოებრივი ინსტიტუტები. ბიზნესი, კულტურა, სპორტი, შოუბიზნესი, მეცნიერება გადაჯაჭვულია პოლიტიკურ ცენტრებზე და მათი დანამატია. შესაბამისად, ისინიც ჩაბმულნი არიან ხელისუფლების მოპოვება-შენარჩუნების ყოველდღიურ ფერხულში.
შექმნილია მანკიერი გარემო, რის გამოც ელიტაში ცოტაა ნეიტრალური და პირადად დაუინტერესებელი ადამიანი. კამათი არ ბადებს ჭეშმარიტებას, რადგან მოპაექრე მხარეები მხოლოდ ერთმანეთის დამარცხებით არიან დაინტერესებულნი და არა ჭეშმარიტების ძიებით. ორივე მხარეს ჰყავს უპირობო მომხრეები ნებისმიერ გარემოებაში და არ არსებობს მათ შორის მდგარი მიუკერძოებელი სამოქალაქო საზოგადოება, ან თუ არსებობს, ის დრამატულად მცირეა.
საზოგადოება
საზოგადოება, ამ სიტყვის ნამდვილი გაგებით, ჯერ არ არსებობს. არსებობს სხვადასხვა ინტერესჯგუფი, განსხვავებული გემოვნებით, მაგრამ ამ ჯგუფებს ჯერ არ ძალუძთ მშვიდობიანი თანაცხოვრება; ისინი ჯერ არ შეთანხმებულან საერთო თამაშის წესებზე.
პოლიტიკური და საზოგადოებრივი პრობლემების მოგვარების გზა საერთო საკონკურსო სისტემის დამკვიდრებაა. საჭიროა შემოქმედებითი კავშირების, სპორტული ფედერაციების, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და - სამომავლოდ - უნივერსიტეტების ავტონომიურობა. არსებობს საფრთხე, რომ განთავისუფლებულ საზოგადოებრივ სექტორს ფუნდამენტალისტურ-შოვინისტური ძალები დაეპატრონებიან. ამიტომ, სწორედ უნივერსიტეტმა და სკოლამ უნდა გამოზარდოს ადამიანთა კრიტიკული მინიმუმი, რომელსაც სახელმწიფო დაეყრდნობა. ამ მხრივ, სამწუხაროდ, დიდი დრო დაიკარგა და ახლაც იკარგება.
ინდივიდები
საზოგადოების ჩამოუყალიბებლობის მიუხედავად, არსებობენ ცალკეული ინდივიდები, გამოკვეთილი მსოფლმხედველობით. ამ ადამიანებს გავლენა აქვთ საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებზე. მათში განსხვავებული გემოვნება და მისწრაფებები შეინიშნება. გავლენის ხარისხის მხრივ ჭარბობენ ლიბერალური მიდრეკილების ადამიანები. მათი გავლენის პირდაპირი სამიზნეა არა ფართო მასები, არამედ ელიტა.
ბოლო დროს ლიბერალები მემარცხენე და მემარჯვენე ბანაკებად დაიყვნენ. მემარცხენეებისთვის უმთავრესია ადამიანის უფლებები და, ზოგადად, თავისუფლება. მემარჯვენეების აქცენტი კი სახელმწიფო ინტერესებზეა. პოლემიკა ამ ორ მხარეს შორის, ძირითადად, შესაძლებლისა და სასურველის ირგვლივ ტრიალებს. მემარჯვენე ლიბერალები მეტწილად ხელისუფლებას ემხრობიან და შესაძლებელსა და შეუძლებელზე საუბრობენ, მაშინ, როცა მემარცხენეები სასურველს ითხოვენ. თუმცა, კონიუნქტურისაგან არც ერთი მხარე არ არის ბოლომდე თავისუფალი.
თეორია
ბატონმა ნოდიამ კარგად ჩამოაყალიბა კონცეპტუალური განსხვავებები მემარცხენეებსა და მემარჯვენეებს შორის. მე ამ ადამიანების შინაგან მოტივაციაზე ვილაპარაკებ. მემარცხენეობა, პირობითად, „სუსტის” მდგომარეობაა. ამის გამო მემარცხენეები შინაგანად თანაუგრძნობენ სხვის სისუსტეს და ცდილობენ გამოესარჩლონ ნებისმიერ დაჩაგრულსა თუ უპოვარს. სისუსტე არ უნდა გავიგოთ როგორც სიმხდალე, უბრალოდ, მემარცხენეები არ მოიპოვებენ სხვაზე უპირატესობას არაჰუმანური ხერხებით.
მემარჯვენე განწყობის ადამიანი არ არის ორიენტირებული საყოველთაო თანასწორობისა და სამართლიანობის იდეებზე, არ თანაუგრძნობს დამარცხებულს და, შესაბამისად, მისთვის სხვა უფლებებია ძვირფასი: იარაღის ტარებისა და შენახვის უფლება, პირადი საკუთრების ხელშეუხებლობა და სხვა. მემარჯვენე არ ემხრობა საზოგადოებრივ სოლიდარობას, სახელმწიფოს მიერ მოქალაქის მაღალი სოციალური გარანტიებით უზრუნველყოფას.
მემარცხენისთვის ადამიანის სიცოცხლე უფრო ფასეულია. იგი ფიქრობს, რომ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ადამიანზე.
ორივე მიდგომას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. საქართველოს შემთხვევაში მაღალი სოციალური გარანტიები აუცილებლად გამოიწვევს არასასურველ კოლექტივიზმს და ხელისუფლების მიერ მოქალაქისგან ლოიალობის ყიდვაში გადაიზრდება. მემარჯვენეობის უარყოფითი მხარე კი სახელმწიფო ინტერესებზე აქცენტის გადატანაა, რაც ადამიანის სიცოცხლის მნიშვნელობას გააუფასურებს.



 

კომენტარები