მსოფლიო 3D ტელევიზიის გამოჩენას ელის

ყველასათვის ნაცნობი ტელეგამოსახულება, რომელიც ეკრანებიდან მილიონობით ადამიანს შესცქერის, მალე სიღრმესაც შეიძენს და ჩვეულებრივი, ბრტყელი სურათის ნაცვლად, სამგანზომილებიანი ფორმით მოგვევლინება. ის, რისი განცდაც მხოლოდ სპეციალურ კინოთეატრებში შეიძლებოდა, საშინაო პირობებშიც ხელმისაწვდომი გახდება. ოსკაროსან ავატარში გამოყენებული ტექნოლოგია ტელეეკრანებზე გადაინაცვლებს. ყოველ შემთხვევაში, ასე ხედავენ უახლოეს მომავალს ჰოლივუდის სტუდიებში.
ამერიკის ერთ-ერთმა წამყვანმა ელექტროტექნიკის მწარმოებელმა კომპანიამ - ვიზიომ - უკვე განაცხადა ახალი პროდუქტის, სამგანზომილებიანი (3D) ტექნოლოგიის მხარდაჭერის მქონე ტელევიზორის შესახებ. ტელევიზორს 47 დუიმიანი თხევადკრისტალური ეკრანი ექნება და 2000 აშშ დოლარი ეღირება. კომპანიაში ვარაუდობენ, რომ მოგება, 3D ტექნოლოგიების გაყიდვიდან, 2018 წლისთვის 17 მილიარდ დოლარს შეადგენს. სამგანზომილებიანობის ეფექტის აღსაქმელად, ახალი თაობის ტელევიზორის გარდა, სპეციალური სათვალე იქნება საჭირო, რომლის ფასიც 50$-ს აღწევს. ცხადია, ოჯახის თითოეულ წევრს საკუთარი სათვალე დასჭირდება.
კინომწარმოებელმა კომპანიებმა უკვე დაიწყეს ახალი ტენდენციისთვის ფეხის აწყობა. დრიმვორქ ფიქჩერზი, რომელსაც ანიმაციური ფილმები „შრეკი” და „მადაგასკარი” ეკუთვნის, უკვე გეგმავს მთელი პროდუქცია როგორც ჩვეულებრივ, ისე სამგანზომილებიან ფორმატშიც გამოუშვას.
დისქავერი, აიმექსი და სონი სადღეღამისო მაუწყებლობის მქონე ერთობლივი 3D საკაბელო არხის შექმნას აპირებენ. არხი, სავარაუდოდ, 2010 წლის ბოლოსთვის გავა ეთერში და მაყურებელს ძირითადად სამეცნიერო და საბუნებისმეტყველო ფილმებს შესთავაზებს. თუმცა, დროთა განმავლობაში, როდესაც მხატვრული სამგანზომილებიანი ფილმების რაოდენობა იმატებს, სამაუწყებლო ფორმატიც შეიცვლება. სპორტული არხი ESPN 3D მაუწყებლობის 11 ივლისისთვის დაწყებასა და ამ ფორმატში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ტრანსლირებას გეგმავს.
3D გადაცემების ტრანსლირებისთვის ახალი საკაბელო სამაუწყებლო პაკეტები იქნება საჭირო. საკაბელო ოპერატორ აიეტიში აცხადებენ, რომ ტექნოლოგიის ინოვაციურობიდან გამომდინარე, ასეთი მაუწყებლობა დიდ ხარჯებს უკავშირდება; შესაბამისად, ქართული საკაბელო ოპერატორები 3D ტექნოლოგიების დანერგვას არ იჩქარებენ.
ტექნოლოგიის ღირებულებისა და სიახლის მიუხედავად, ზოგიერთი ამერიკელი მკვლევარი მიიჩნევს, რომ 2014 წლისთვის 3D ტელევიზორების ხვედრითი წილი, მსოფლიო მასშტაბით, 45%-ს შეადგენს. ისეთი მწარმოებლები, როგორებიცაა სამსუნგი, სონი და პანასონიკი მომხმარებელს ჰპირდებიან, რომ 3D ტელევიზორის ფასები არ იქნება ისეთი მაღალი, როგორიც, მაგალითად, ბლუ რეი ტექნოლოგიის მქონე მაღალი გარჩევადობის ვიდეოტექნიკისა.
ასეა თუ ისე, მომავალი სამგანზომილებიან ტელევიზიას ალბათ მართლაც აქვს, რადგან, როგორც 3D სათვალეების მწარმოებელი კომპანია ექსფენდის ხელმძღვანელი მარია კოსტეირა აღნიშნავს, „ცხოვრება სამგანზომილებიანია”.




 

კომენტარები