ჩინური ქართულად

წარმოუდგენელია თანამედროვე, დიდი ქალაქი ჩინური რესტორნების გარეშე. აჭრელებული იეროგლიფები, წითლად გაჩახჩახებული ლანტერნები და გველეშაპის კუდით გადმოკიდული აბრები უმალ დინამიური ქალაქის ასოციაციას იწვევს. ჩინელებმა ჩვენამდეც მოაღწიეს. შედეგად, თავმოყვარე მეგაპოლისისთვის აუცილებელი ეს ატრიბუტი თბილისმაც შეიძინა. დღეს აქ რამდენიმე ჩინური რესტორანია. ისიც უნდა ითქვას, რომ საქართველოს დედაქალაქი ამ სამზარეულოს მაინცდამაინც ხელგაშლილი არ შეხვედრია. იყო პურის მოსატანად გაგზავნილი გაოგნებული ჩინელი ოფიციანტი (აუ, ბრინჯი რა პონტია? პური მაიტა!), შუახნის ქალბატონების ვიშვიშიც იყო: “ფუფ, ფუფ, ტკბილი ხორცი! მაგას რა გაჭმევთ!” ბოლოს, როგორც ყოველთვის, გატყდა ქართველობა და გლობალიზაციის ამ შემოთავაზებასაც დაყაბულდა. “მაგარი საპახმელიოა!” - თავდაპირველი სიჯიუტის გასამართლებლად ქართველმა ესღა დააყოლა და ჩანგლით შეუდგა ბამბუკის ჭამას. მალე ჩხირების ხმარებასაც მიეჩვევა. 
შპს “აღმოსავლეთის მარგალიტს” თბილისში ორი რესტორანი აქვს გახსნილი - „ახალი აზია” კონსერვატორიასთან (გრიბოედოვის 11/3) და თვით „აღმოსავლეთის მარგალიტი” ვაკეში (ფალიაშვილის 90). გასულ კვირას ამ უკანასკნელს ვეწვიეთ. სულ სამი მაგიდა იყო დაკავებული, სამივე თინეიჯერებით სავსე. მოგვიანებით ჩინეთის საელჩოს თანამშრომლები შემოლაგდნენ. რესტორნის დიზაინი ძირითადად, სტანდარტული, იაფფასიანი გადაწყვეტილებებისგან შედგება: ბუდასა და დრაკონის პოლირებული თოჯინები, ფსევდოორიენტალური ლარნაკები. მოკლედ, ამ მხრივ ახალი და საინტერესო - არაფერი. რესტორნის სიღრმეში მინით გამოყოფილი ე.წ. გამჭვირვალე სამზარეულოა, შეგიძლია მზარეულების საქმიანობას ადევნო თვალი. ხალვათობის მიუხედავად, მზარეულებს საქმე არ მოჰკლებიათ. აშკარაა, ეს რესტორანი, უმეტესად, გარე შეკვეთებზე მუშაობს (ვაკეში პოპულარულია ჩინურის შეკვეთა), კონსერვატორიის ფილიალი - „ახალი აზია” კი უფრო შიდა მუშტარზეა ორიენტირებული. ვუკვეთავთ: გრილზე შემწვარი ორაგულის ნაჭრები (28.00), იხვი პეკინურ სოუსში (28.90) და ბადრიჯანი მოტკბო-მოცხარო სოუსით (9.80). მწვანე ჩაის ნახევარი იხვის ფასი ადევს: ასტრონომიული 15 ლარი. საინტერესოა, საელჩოს ჩინელებსაც ასე ახდევინებენ თუ ეს ტარტაროზებისთვის დადგენილი “გასაწეწი” ფასია. საეჭვოა, რომ რესტორანში უფასო ჩაის სმას შეჩვეულმა საშუალო ჩინელმა ერთ ჩაიდან ჩაიში ცხრა დოლარი გადაიხადოს.
იხვი კარგი გამოდგა, შავი სოკოთი გაწყობილი, მუქ ბლანტ სოუსში. რა თქმა უნდა, ეს არ არის პეკინურ იხვად ცნობილი პოპულარული კერძი, რომლის წესით და რიგით მომზადებასაც რამდენიმე დღე სჭირდება (ტრადიციულად, სოუსში ამოვლებული იხვი ჰაერზე იფინება, რომ ქარმა დაკრას. რესტორნის პირობებში კი ჰაერის პროცესორით ბერავენ. ეს მეთოდი ხორცს და კანს აცალკევებს, რაც იხვს კარგად შებრაწული, ხრაშუნა კანის ეფექტს აძლევს). ამ იხვს კი უფრო შაშხის გემო ჰქონდა, ვიდრე ფრინველის ხორცის. ორაგულსაც არა უშავს, ბოსტნეულთან ერთად, მოტკბო-მომჟავო გემოთი, თუმცა, მკაფიოდ იგრძნობა თევზის გემო. ჩემი აზრით, სრულყოფილი ჩინური კერძი ის არის, რომელშიც საერთო გემოს შეიგრძნობ და არა რომელიმე შემცველი ნაწილის. ჩემთვის ესაა ჩინური. ბადრიჯანი თავდახურული კეცით შემოაქვთ. ხუფის მოხდის შემდეგ ზეთის შხეფები ნახევარი მეტრის რადიუსით ედება არემარეს: მაგიდაზე დადებულ მობილურებს, სათვალეებს, ტანსაცმელს, სახის კანს. სანამ ოფიციანტი ჩვენამდე მოაღწევს (ხალვათობაა!), რომ ხუფი ადგილზე დააბრუნოს, აბობოქრებული კერძი თავისით ასწრებს დაცხრომას. ღირს კი ამდენ უხერხულობად? ნამდვილად არა. ეს არის წვრილად დაკეპილი ძალიან ცხიმიანი ბადრიჯანი ზეთის, მარილისა და კეტჩუპის სოუსში (შესაძლებელია კეტჩუპის მაგივრად ჩინურ მოტკბო სოუსს იყენებდნენ, თუმცა აქ არც კეტჩუპია უცხო). თბილისის ჩინურებში ხშირად შემხვედრია ამ მეთოდით გამდიდრებული კერძები. მენიუს მოჩვენებითი მრავალფეროვნების მიუხედავად, ბევრი სხვადასხვა დასახელების კერძი ძირითადად ერთი და იგივე სოუსის მცირეოდენი სახეცვლილებით მზადდება.
9 საათზე „იმედის” სერიალი დაიწყო. უკლებლივ ყველა ოფიციანტი, დაცვის ბიჭის თანხლებით, პლაზმური ეკრანის წინ მოკალათდა და “განრისხებულ ანგელოზს” (მგონი 220-ე სერიას) მიაპყრო გულისყური. სულ არ აინტერესებდათ, როგორ ამოგვყავდა კეტჩუპიანი ზეთის ლაქები ტანსაცმლიდან. ლუსია ანდუესას (სერიალის მთავარი გმირია) გულშემატკივრებს ხმამაღლა მოვთხოვეთ ანგარიში, რითაც ვენესუელის ტროპიკული ლანდშაფტებიდან უხეშად დავაბრუნეთ კარგად ნაცნობ, ფსევდოჩინურ, დეპრესიულ სივრცეში. ანგარიშის ბოლოს კოხტად გამოეწერათ 10% - სერვისის ღირებულება. არც სოიოს სოუსის ღირებულება იყო გამორჩენილი - 1 ლარი (ფასიანი მარილი!). ცნობილი ფაქტია: სერვისის ღირებულება ანგარიშის ხელოვნურად გაზრდის საშუალებაა. ამ ფულთან მომსახურე პერსონალს არც საერთო აქვს რამე, არც საზიარო. ეს თანხა მთლიანად რესტორანს რჩება. ესე იგი, 8.90 - არაფერში. თუ ამას დავუმატებთ თხუთმეტლარიანი მწვანე ჩაის ღირებულებას, გამოდის, რომ 23.90 გადახდილია მხოლოდ წყალსა და ჰაერში (ფინანსური ალქიმია?), ასე რომ, ანგარიშის თითქმის მეოთხედზე მეტი ერთგვარი ფუფუნების გადასახადია მათთვის, ვისაც ღმერთი გაუწყრა და ჩინურად გასადილება მოიწადინა. სხვნაირად როგორ გავიგოთ? ბნელა?
როგორც არ უნდა იყოს, „აღმოსავლეთის მარგალიტში” გემრიელად ჭამა ნამდვილად შეიძლება. ამ რესტორნის (და მისი ფილიალის) პოპულარობა იმითაც აიხსნება, რომ სხვა ჩინურებთან შედარებით, „აღმოსავლეთის მარგალიტის” სამზარეულოს აშკარა უპირატესობა აქვს: ეწვიეთ და თავად განსაჯეთ.

 ტაბულა რესტორნებს მიმოიხილავს ანონიმურად და ასწორებს ანგარიშს


აღმოსავლეთის მარგალიტი
ფალიაშვილის 90
თბილისი 0169
უბანი: ვაკე, ვაკის პარკთან
ტელ: 91 46 41
სამზარეულო: ჩინური
საათები: ყოველდღე,12-23
ბარათები: ვიზა, მასტერკარდი,
ამერიკან ექპრესი
ფასი: 90 (სადილი ორ ადამიანზე,
უალკოჰოლო სასმელით
და სერვისის ჩათვლით)
პარკინგი: ფალიაშვილის ან
ბერძენიშვილის ქუჩაზე





 

 

 

 

 

კომენტარები