სამყაროთა ომი - თარსი 13

13-ში დედას ვიგინებოდი, 14-ში დავიღალე.
13-ში საღამოს ჟურნალში დავრეკე და ამ ამბავზე სტატიის დაწერის ექსკლუზივი ვითხოვე.
14-ში აღარ მინდოდა ამაზე წერა.
13-ში საღამოს ზუსტად ვიცოდი, რა უნდა დამეწერა. 14-ში დილით ყველა სიტყვა დავკარგე.

ამაზე იმდენი ითქვა, დაიწერა, გადაიცა და გამოიცა, რომ გამიქრა სურვილი მეც ამომეღო ხმა, კიდევ ერთი გაბრაზებული ხმა. მაგრამ მაინც, რახან ჟურნალში პასუხისმგებლობა ავიღე, ერთ ნამდვილ ამბავს მოვყვები.

1949 წლის 12 თებერვალს კიტოში, ეკუადორის დედაქალაქში, ერთ ჩვეულებრივ საღამოს უამრავი ოჯახი სახლში თბილად ჩამჯდარი რადიოს უსმენდა. დღის ბოლოს კიტო სრულ ქაოსში აღმოჩნდა. შენობა, რომელშიც რადიოსადგური იმყოფებოდა, ბოლომდე დაიწვა. მინიმუმ 6 ადამიანი დაიღუპა.

ასე დაიწყო ეს ყველაფერი:

რადიოსპექტაკლების დამდგმელი რეჟისორი ლეონარდო პაეზი დიდხანს გეგმავდა „სამყაროთა ომის” ინსცენირებას.

12-ში, საღამოს 9 საათზე, ყველა ლუის ალბერტო ვალენსიას და გონზალო ბენიტეზის ცნობილი დუეტის გამოსვლას ელოდებოდა. მოულოდნელად, შუა სიმღერაში სპეციალური გამოშვებით ახალი ამბები ჩაერთო. ჟურნალისტი (რომელსაც პაეზი განასახიერებდა) აღელვებული იუწყებოდა, რომ კიტოდან დაახლოებით 20 კილომეტრში მარსელები დაეშვნენ და მალე დედაქალაქზე შეტევას ღრუბლებში შენიღბულები განახორციელებენ. ხალხი ქუჩაში გამოვარდა, სრული პანიკა შეიქმნა, ცაში ჩვეულებრივი ღრუბელი უკვე მარსიელებად ელანდებოდათ. ჟურნალისტის პანიკურ ხმას უეცრად გაზის შიშინი მოჰყვა. „გვესვრიან, საშინელი იარაღით გვანადგურებენ!!! აეროპორტი აიღეს, საშველი აღარ არის!!!” ყვიროდა რეპორტიორი. შინაგან საქმეთა მინისტრმა და კიტოს მერმა რადიოდან მოისმინეს მოწოდება: „კიტოს მოქალაქეებო, დავიცვათ ჩვენი ქალაქი. ქალებმა და ბავშვებმა უნდა დატოვონ ქალაქი და უსაფრთხო ადგილას შეაფარონ თავი იმისთვის, რომ კაცებმა შეძლონ მტერთან სათანადო შებრძოლება!!!”

1949 წელს ეკუადორს მეზობელ პერუსთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა. სასაზღვრო საკითხებში უთანხმოებამ უმაღლეს დაძაბულობას მიაღწია. ბუნებრივია, რომ მოსახლეობამ თავდამსხმელად პერუს ჯარი მიიჩნია. პანიკა სულ უფრო იზრდებოდა არა მხოლოდ კიტოში, არამედ მის გარშემოც.

ერთადერთ თავშესაფრად სასოწარკვეთილ ხალხს ეკლესია ეგულებოდა. უამრავი ხალხი აღსარებას ითხოვდა.

გადაცემის ავტორებმა, როდესაც შეიტყვეს, რა გამოიწვიეს, სასწრაფოდ დაიწყეს ინფორმაციის გავრცელება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ყველაფერი ინსცენირება იყო. მოსახლეობის დაწყნარების მცდელობა უშედეგო გამოდგა. როდესაც კიტოს მცხოვრებნი მიხვდნენ, რომ გააბითურეს, რადიოსადგურის შენობისკენ უამრავი ხალხი დაიძრა. შენობა გავლენიან გაზეთს „ელ კომერციო”-ს ეკუთვნოდა, რომელიც, ამავე დროს, რადიოსადგურის მფლობელიც იყო. გაცოფებულმა ბრბომ „ელ კომერციო”-ს გაზეთებს ცეცხლი წაუკიდა და შენობის მთავარ შესასვლელთან დაყარა. ხანძარმა გასასვლელი ჩაკეტა. შენობა ცეცხლში გაეხვია. თანამშრომელთა უმეტესობამ გამომცემლობა უკანა გასასვლელიდან დატოვა. ვინც ვერ შეძლო, ფანჯრებიდან ხტებოდა, ზოგი სახურავზე აძვრა და იქიდან ცდილობდა სამშვიდობოზე გასვლას.

გამძვინვარებული ბრბო არავის ინდობდა. პოლიცილებს, რომლებიც ცეცხლის ჩაქრობას ცდილობდნენ, უმოწყალოდ უსწორდებოდნენ.

საქმეში ჯარიც ჩაერთო. ქალაქის ქუჩებში ტანკებიც გამოვიდნენ. ცრემლსადენი გაზი და რეზინის ხელკეტებიც ბევრი იყო, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან დაგვიანდა. საგანგებო სამსახურების ძირითადი ნაწილები აეროპორტში იყო მარსიელებთან საბრძოლველად გაგზავნილი.

გათენებისას, როგორც იქნა, ჯოჯოხეთი დასრულდა. ხელისუფლებამ სიტუაციის გაკონტროლება დაიწყო. შემდეგი დღეების განმავლობაში არეულობაში მონაწილე 21 ადამიანი დააკავეს.

მადლობა ღმერთს, ასეთ სცენარს ავცდით, მაგრამ მგონია, რომ ამ ამბის ექო კიდევ დიდხანს აირეკლება ჩვენს ცხოვრებაში.

P.S. 13 მარტის მსგავსი შემთხვევა არ არის ერთადერთი, მაგრამ მათ ყველას ერთი რამ აერთიანებს. მედიასაშუალებები იარაღია, საშიში იარაღი და თუ მას უცოდინრობას (არველაძის და წამალაშვილის სატელეფონო საუბარი), არაპროფესიონალიზმს (გადაცემის საეთეროდ მომზადება) და უზნეობას (ხელისუფლების და ოპოზიციის გავლენა მედიასაშუალებებზე) დაუმატებ, ბირთვულ იარაღს მიიღებ. ეს რუსის ტანკივით საშიში რამ არის.

[email protected]

კომენტარები