სომხების გენოციდი ისტორიულ სამართლიანობასა და პოლიტიკურ მიზანშეწონილობას შორის

ანატოლიის ეთნიკური სომხების განადგურებისა და მათი სირიის უდაბნოში დეპორტაციის საკითხი უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ განიხილა. 11 მარტს შვედეთის პარლამენტმა პირველი მსოფლიო ომის დროს ოტომანი თურქების მიერ სომხების დეპორტაცია და მასობრივი მკვლელობები „გენოციდად” აღიარა - 131 ხმით 130-ის წინააღმდეგ. ერთი კვირით ადრე კი აშშ-ს კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა, ასევე ერთი ხმის სხვაობით, მიიღო არასავალდებულო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც ოტომანი თურქების ქმედებები კვალიფიცირებულია „გენოციდად”. თურქეთმა ორივე ქვეყნის დედაქალაქიდან გამოიწვია ელჩები, კონსულტაციების საბაბით. 
უკვე წლებია თურქული დიპლომატიის უმთავრესი ამოცანაა სომხების გენოციდის აღიარების წინააღმდეგ საერთაშორისო ასპარეზზე ბრძოლა. სახელმწიფო აღიარებს ეთნიკური სომხების მასობრივ მკვლელობებს, თუმცა დავობს, რომ მკვლელობები და სომხების დეპორტაცია სამოქალაქო ომის შედეგი იყო და არა ეთნიკური უმცირესობის „სრულიად ან ნაწილობრივ განადგურების მიზანმიმართული პოლიტიკა” (გენოციდის დეფინიცია).
„სომხები თავიანთი იდენტობის საფუძველს გენოციდის საკითხებში უფრო ხედავენ, ვიდრე სომხურ კულტურაში, სამშობლოში ან ისტორიაში...” - ამბობს სომხური ისტორიის მკვლევარი, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი რონალდ გრიგორ სანი. სომხებისთვის ოტომანი თურქების მიერ განხორციელებული გენოციდი ეროვნული თვითშეგნების ნაწილია. ისინი მიიჩნევენ, რომ XX საუკუნეში პირველად, გენოციდის დანაშაული სწორედ სომხების წინააღმდეგ განხორციელდა.
თურქეთი სომხური დიასპორის ფულადი თუ ადამიანური რესურსების „მსხვერპლად” მიიჩნევს თავს. ზბიგნევ ბჟეზინსკი ნაშრომში „საშიში გამონაკლისი” აშშ-ში ყველაზე გავლენიან ეთნოლობისტურ ჯგუფებად ასახელებს: ებრაელ ამერიკელებს, კუბელ ამერიკელებსა და სომეხ ამერიკელებს. მართლაც, უკვე წლებია „ამერიკელი სომხების პოლიტიკური ქმედების კომიტეტი” (AAPAC) და „ამერიკაში სომხების ეროვნული კომიტეტი” (ANCA) ზეწოლას ახდენენ აშშ-ს კონგრესზე. მაგალითად, სომხეთი, ყოველწლიურად, ერთ სულ მოსახლეზე აშშ-ს საერთაშორისო განვითარების ფონდებიდან გაცილებით მეტ დახმარებას იღებს, ვიდრე სხვა განვითარებადი ქვეყნები (ჯამში 90 მილიონ აშშ დოლარამდე). გარდა ამისა, სომხური დიასპორის შუამდგომლობითვე, აშშ-ს კონგრესი განაგრძობს „თავისუფლების მხარდაჭერის აქტის” (Freedom Support Act) 907-ე მუხლის გავრცელებას აზერბაიჯანზე. შედეგად, აშშ-ს მთავრობას ეკრძალება ნებისმიერი სახით პირდაპირი დახმარების გაწევა აზერბაიჯანის მთავრობისთვის.
ამის მიუხედავად სომხური ეთნიკური ლობი „ყოვლისშემძლე” ნამდვილად არ არის. ლობისტური ჯგუფები, ზოგადად, კონკურენტულ გარემოში მოქმედებენ. ხშირად, გარკვეული მიზნების მისაღწევად, ისინი ერთმანეთს ურიგდებიან ან კანონმდებლების ხმებით ვაჭრობენ. გადაჭარბებული წარმოდგენები ლობისტური ჯგუფების შესახებ მხოლოდ შეთქმულების თეორიების მომხრეებს აწუხებთ. ამ ჯგუფების გავლენა, მეტწილად, დამოკიდებულია ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებზე, პოლიტიკურ წრეებზე, მათ იდეოლოგებზე, საზოგადოების ღირებულებებზე და არა ზეწოლის მასშტაბზე. მაგალითად, 2001 წელს აშშ-ს კონგრესმა შეიტანა ცვლილებები „თავისუფლების მხარდაჭერის აქტში” და აშშ-ს პრეზიდენტს აზერბაიჯანის წინააღმდეგ 907-ე მუხლის გამოყენებაზე უარის თქმის საშუალება მისცა. ცვლილება განპირობებული იყო გლობალურ ანტიტერორისტულ კამპანიაში აზერბაიჯანის ჩართვის სურვილით, რაც 2001 წელს აშშ-ს უსაფრთხოების სტრატეგიის მნიშვნელოვან კომპონენტს შეადგენდა. პრეზიდენტმა ბუშმა ოთხჯერ გამოიყენა ეს უფლება.
სომხური ლობი ასევე უძლური აღმოჩნდა გაეტანა გენოციდის აღიარების რეზოლუცია აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სხდომაზე. აშშ-ს კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სამჯერ უკვე მიიღო არასავალდებულო რეზოლუცია 1915 წლის მოვლენების „გენოციდად” აღიარების შესახებ (1975, 1984 და 2007 წლებში), თუმცა, პრეზიდენტები ბუში და კლინტონი ღიად უპირისპირდებოდნენ კონგრესის ამ ინიციატივებს. პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციამ უკანასკნელად 2007 წელს დაბლოკა დოკუმენტის განხილვა წარმომადგენელთა პალატაში.
ობამას ადმინისტრაციის პირობებში დიდია ალბათობა იმისა, რომ წარმომადგენელთა პალატა დაამტკიცებს 2010 წლის 4 მარტის რეზოლუციას. პრეზიდენტი ობამა ვერ ახერხებს ან არ ცდილობს კონგრესის გადაწყვეტილებაზე ეფექტის მოხდენას. მისი მმართველობის სტილი მნიშვნელოვნად განსხვავდება წინამორბედი პრეზიდენტების მიდგომებისგან. იგი ნაკლებად ირგებს ლიდერის როლს, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის ფორმირებაში და მკაფიოდ არ გამოთქვამს თავის პოზიციებს. ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატი ობამა 2008 წელს ამერიკელ ამომრჩეველს დაჰპირდა: „როგორც პრეზიდენტი, მე ვაღიარებ სომხების გენოციდს”, თუმცა, 2009 წელს, გენოციდის 94 წლისთავზე, უკვე პრეზიდენტმა თავის მიმართვაში, სიტყვა „გენოციდის” ნაცვლად, „მძიმე დანაშაული” გამოიყენა.
პრეზიდენტის რიტორიკა შეიცვალა აშშ-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონში თურქეთის როლისა და ძალის გაცნობიერების შემდეგ.
ევროკავშირში მიღების მოლოდინში თურქეთმა დემოკრატიული რეფორმები გაატარა. მიუხედავად ამისა, ევროპა არ ჩქარობს თავის პრესტიჟულ კლუბში მუსულმანური ქვეყნის ხილვას. საფრანგეთი და გერმანია განსაკუთრებით ეწინააღმდეგებიან ევროკავშირში თურქეთის ინტეგრაციას. საგულისხმოა, რომ ორივე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ (საფრანგეთმა 1998 წელს, ხოლო გერმანიამ 2005 წელს) აღიარა სომხების გენოციდი. თურქები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირი გენოციდის აღიარების საკითხს მათ ქვეყანაზე ზეწოლის იარაღად იყენებს. ამან თურქეთს საგარეო პოლიტიკური კურსის საგრძნობლად შეცვლისკენ უბიძგა. რეგიონული პოლიტიკის გატარებით დღეს თურქეთი ცდილობს საკუთარი მნიშვნელობის გაზრდას დასავლეთისთვის. მან უფრო მჭიდრო ურთიერთობა დაამყარა რუსეთთან, ირანთან და სირიასთან; დაეძაბა ურთიერთობა ისრაელთანაც. აშშ-ში, ახლად მიღებული რეზოლუციის ფონზე, საფრთხე შეექმნა თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების „ნორმალიზაციის” პერსპექტივასაც. ამის ნათელი მაგალითია პრემიერ-მინისტრ რეჯეფ თაიფ ერდოღანის უკანასკნელი განცხადებაც: იგი თურქეთში მცხოვრები 170 ათასი ეთნიკური სომხიდან მოქალაქეობის არმქონე 100 ათასს დეპორტაციით დაემუქრა.
მრავალწახნაგოვანი ისტორიული მოვლენების კრიმინალიზება სახიფათო საქმეა. მით უფრო, თუ ისტორიული მოვლენების შეფასება პოლიტიკურ კონიუნქტურაზე იქნება დამოკიდებული. სომხების გენოციდის გამორჩევა უკანასკნელი ორი საუკუნის განმავლობაში ჩადენილ დანარჩენ დანაშაულებრივ ქმედებათაგან სამართლიანობის დადგენამდე არ მიგვიყვანს. მაშინ, იგივე წარმატებით, შესაძლოა ვიმსჯელოთ აფრიკაში ფრანგების „ცივილიზატორული მისიის” მანკიერებებზე, რომელსაც მილიონობით აფრიკელი შეეწირა; ბრიტანეთის მიერ ინდოეთის კოლონიაში ჩადენილ მკვლელობებსა და წამების ფაქტებზე; რუსეთის საბჭოთა კოლექტივიზაციისა და იმპერიული პოლიტიკის შედეგებზე; აშშ-ში ადგილობრივი აბორიგენების გენოციდზე.

კომენტარები