თემურ უგულავას გარდაცვალება

თემურ უგულავას გარდაცვალებისთვის – ტაბულას სარედაქციო წერილი

თემურ უგულავას გარდაცვალება

თემურ უგულავას გარდაცვალებისთვის – ტაბულას სარედაქციო წერილი

ცოტაზე თუ იტყვი, ქალაქის ცხოვრება მის გარეშე ღარიბი იქნებოდაო.

თემურ უგულავა მათ შორის იყო.

მრავალი ითქვა მის მიერ შექმნილ თუ გარდაქმნილ სივრცეებზე, რომელსაც ხელი მოაწერა და რომელიც მისად დაგვამახსოვრდება.

ამ წერილში იმის გახსენება გვსურს, რისთვისაც ხელი არ მოუწერია, მაგრამ მისი მემკვიდრეობის თანასწორ ნაწილად ტოვებს.

თემურ უგულავას კარგი გემოვნებით იცნობენ, მაგრამ მისი იდეები და ღირებულებები უკეთესი გახლდათ.

კანონზომიერებად იყო მიღებული, რომ თუ რამ კარგი და ღირებულია, ალბათ თემური უპატრონებს და უპატრონებს უანგაროდ. ხელს მაინც წააშველებს.

ასე შექმნა და გადაარჩინა მან სივრცეები, ურომლისოდაც ამ ქვეყნის უმცირესობების ცხოვრება იქნებოდა კიდევ უფრო რთული.

მან შექმნა უსაფრთხო სივრცეები, მათთვის, ვისაც ის სჭირდებოდა. სივრცეები გადარჩენისთვის, თვითგამოხატვისთვის, გართობისთვის, ადამიანად ყოფნისთვის… სივრცეები იმ მრავალფეროვნებისთვის, რომლის გარეშეც ამ ქალაქს ნაცრისფერი ერთფეროვნება შეჭამს და ურომლისოდაც საქართველო ვერ იქნება თავისი თავი.

მისი დანატოვარი მეტყველებს, რომ თემურ უგულავას სწორედ ეს სურდა: დამსგავსებოდა საქართველო საკუთარ თავს, საკუთარ, დასავლურ ფორმასა და შინაარსს. ამიტომ იყო ყველაფერი, რასაც ხელი მოჰკიდა, ჩვენი კულტურისთვის არა უცხო და გადმოღებული, არამედ ბუნებრივი და ძალდაუტანებელი. 

თემურ უგულავამ შეიფარა და გამოაზამთრა ის იდეები, მომავალშიც რომ შეეწევიან ყველაზე სუსტებსა და დაუცველებს, მომავალშიც რომ გამოადგება ჩვენი ქვეყნის იმად ყოფნას, რაც ის ყოველთვის იყო და რადაც ის უნდა დარჩეს.

თემურ უგულავა მისი დროისა და თაობის ბიზნესმენი იყო, რომელმაც ინვესტიცია ისეთ მომავალში ჩადო, სადაც ის დრო აღარასდროს უნდა დაბრუნდეს. მომავალში იმ სიბნელის გარეშე, რომელიც მას ასე სძულდა და რომელზეც მისი ერთადერთი, არტიკულირებული პოსტიც მეტყველებს.

თემურ უგულავას სძულდა ძლიერების მიერ სუსტების ჩაგვრა და გარიყვა.

სწორედ ამიტომ, გვჯერა, რომ თბილისის ისტორია მას არ დაიმახსოვრებს მხოლოდ იმ კედლებით, რომელიც ააშენა, არამედ იმ კედლებითაც, რომელიც დაანგრია.

თანაგრძნობა და სამძიმარი მის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.

Requiescat in pace.