დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია

სახდეპმა აშშ-ს საელჩოებს სტუდენტური ვიზის მსურველებთან შეხვედრების შეჩერება დაავალა

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უცხოეთში აშშ-ს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს სტუდენტური ვიზების აპლიკანტებთან შეხვედრების დროებით შეწყვეტა დაავალა.

სააგენტო Reuters-მა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს წერილი მოიპოვა, რომელიც დიპლომატიურ წარმომადგენლობებს გაეგზავნათ.

რუბიო წერს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი გეგმავს ახალი ინსტრუქციების გამოცემას, რომელიც აპლიკანტების სოციალური მედიის შემოწმებას უკავშირდება.

"დეპარტამენტი ამჟამად ახორციელებს არსებული ოპერაციებისა და პროცესების გადახედვას, რომლებიც გამოიყენება სტუდენტებისა და გაცვლითი ვიზიტორების (F, M, J ვიზის) აპლიკანტების სკრინინგისა და შემოწმებისთვის". - ნათქვამია რუბიოს წერილში.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ტემი ბრიუსის თქმით, მათ შესამოწმებლად, ვისაც აშშ-ში შესვლა სურს "ყველა მექანიზმს" გამოიყენებენ.

მანამდე, ამერიკელმა ფედერალურმა მოსამართლემ, ელისონ ბეროუზმა დროებით შეაჩერა ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, რომლითაც ჰარვარდის უნივერსიტეტს უცხოელი სტუდენტების მიღების უფლებამოსილება ეზღუდება

ტრამპის ადმინისტრაციამ 22 მაისს ჰარვარდის უნივერსიტეტს საერთაშორისო სტუდენტების მიღების უფლება მას შემდეგ შეუზღუდა, რაც უნივერსიტეტმა რამდენიმე უცხოელი სტუდენტის შესახებ ინფორმაციის გაცემაზე უარი განაცხადა.

აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა, კრისტი ნოემმა ჰარვარდი "ძალადობის წახალისებაში, ანტისემიტიზმსა და ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან კოორდინაციაში" დაადანაშაულა.

ნოემმა ჰარვარდს მისწერა, რომ მას შეუძლია სერტიფიკატის აღდგენა, თუ უნივერსიტეტი 72 საათში უცხოელი სტუდენტების შესახებ მასალებს წარადგენს. მინისტრი, მათ შორის, იმ ვიდეო და აუდიო ჩანაწერებს ითხოვს, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გამართულ საპროტესტო აქტივობებს ასახავს.

კომენტარები