ესტრელა: საქართველოში ეს დემოკრატიული უკუსვლა უნდა შეწყდეს

 საკმარისად დიდი ხანი ვიყავი საქართველოს საკითხებზე თანამომხსენებელი, რომ გითხრათ - ეს არ არის ის რეზოლუცია, რომელიც მსრუდა ამ ასამბლეისთვის წარმედგინა. ეს არ არის ის დებატები, რომლის გამართვასაც ველოდი ამ საგაზაფხულო სესიაზე. ალბათ გახსოვთ, რომ იანვარში ასამბლეამ ღრმა შეშფოთება გამოხატა საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის გამო და დაგმო პოლიციის ძალადობა დემონსტრაციების დროს, ასევე გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დარღვევა, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ რეპრესიები?

სამწუხაროდ, იანვრიდან დღემდე მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა და არანაირი პროგრესი არ აღინიშნება ასამბლეის რეკომენდაციების შესრულების კუთხით. პირიქით – სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და დემოკრატიული ოპოზიციის ინფორმაციითა და უახლესი ანგარიშების თანახმად, ვითარება გაუარესდა [...] ასამბლეამ მკაფიოდ ჩამოაყალიბა რეკომენდაციები და მოთხოვნები, რომელთა საფუძველზეც კრიზისის მოგვარება უნდა დაწყებულიყო, და მოსალოდნელი იყო, რომ ამ სესიამდე გარკვეული და შესამჩნევი პროგრესი იქნებოდა.

შესაბამისად, დღევანდელი რეზოლუციის პროექტში, რომელსაც წარვადგენთ, ვაფასებთ საქართველოში იანვრის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს. ღრმა სინანულით უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი რეკომენდაციებიდან ვერც ერთი ვერ შესრულდა, პირიქით – დემოკრატიული უკუსვლა შეუქცევლად გრძელდება. ვითარება მნიშვნელოვნად გაუარესდა თითქმის ყველა მიმართულებით.

არ გადადგმულა არც ერთი ნაბიჯი ასამბლეის მიერ მოთხოვნილი ინკლუზიური პროცესის დასაწყებად, რომელიც ყველა მხარისა და სოციალური აქტორის ჩართულობით შექმნიდა პირობებს ახალი, რეალურად დემოკრატიული არჩევნებისთვის. პირიქით, ჩვენს რეზოლუციაში ხაზგასმულია საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილი არაერთი ცვლილება, რომელიც ამ გარემოს დემოკრატიული არჩევნებისთვის კიდევ უფრო არახელსაყრელს ხდის.

გრძელდება დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო ლიდერების დაპატიმრება და სამართლებრივი დევნა. წინასწარი პატიმრობა არაერთხელ გახანგრძლივდა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციის ძალადობის შემთხვევები დემონსტრაციების დროს თითქოს შემცირებულია, მათი გამოძიება კვლავ არ ხდება ეფექტურად. დაუსჯელობა გრძელდება.

ძალიან შემაშფოთებელია ადამიანის უფლებათა დამცველებისა და საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშები, რომელთა მიხედვითაც, დემონსტრაციებთან კავშირში დაკავებული პირების დიდი ნაწილი დაკავებისას და პატიმრობაში ყოფნისას წამებისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

ეს უკუსვლა აუცილებლად უნდა შეწყდეს. დემოკრატიის ეს დრამატული დეგრადაცია უნდა შეწყდეს. ასამბლეის რეკომენდაციები და მოთხოვნები დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს.

დიდი მადლობა

თქვა საქართველოს საკითხზე მომხსენებელმა, პორტუგალიელმა ედიტ ესტრელამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე

კომენტარები