წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი კომისია

ხაზარაძე: არ ვაღიარებ არალეგიტიმურ პარლამენტსა და მის შექმნილ კომისიას

ჩვენ სხდომაზე წარვადგინეთ ძალიან მკაფიოდ ის არგუმენტები მე პირადად და ჩვენმა ადვოკატებმა, თუ რატომ არ მივედით [კომისიაზე] - ეს არმისვლა იყო შეგნებული, ამის შესახებ იქნა ცნობილი პროკურატურისა და სასამართლოსთვის.

ჩემი არ გამოცხადება არალეგიტიმურ სასამართლოში, შესაბამისად მის მიერ შექმნილ არალეგიტიმურ კომისიაში, არის ჩემი შეგნებული ნაბიჯი.

ამავე დროს დაისვა კითხვა, შესწავლილი იქნა თუ არა, არალეგიტიმურობა ამ კომისიისა, როცა პროკურატურამ დაიწყო ჩემს  წინააღმდეგ ბრალის წაყენება და გამოძიება - რა თქმა უნდა, ამაზე პასუხი არ აქვთ, შესაბამისად კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო ფართო საზოგადოებისთვის ორი რამ.

პირველი, რომ არ ვაღიარებ არალეგიტიმურ პარლამენტს, ისევე, როგორც მის შექმნილ კომისიას - ისევე, როგორც არ აღიარებს ამ არალეგიტიმურ პარლამენტს მსოფლიოს ცივილური სამყარო და დემოკრატიული ქვეყნები.

ეს არის ჩემი პროტესტი და ეს პროტესტი იქნება მყარი - ვერანაირი გადაწყვეტილება მე ამ რწმენას ვერ შემაცვლევინებს - ეს განვუცხადე მოსამართლეს.

რაც შეეხება მეორე საკითხს, ეს საკითხი ეხება იმას, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში, რაც პოლიტიკაში შემოვედი ქართული ოცნების მხრიდან მიმდინარეობს  ჩემი პიროვნული დისკრედიტაციის მცდელობა სხვადასხვა მოგონილი საქმეებიდან გამომდინარე - ესეც განვაცხადე სასამართლოში.

მიუხედავად იმისა, რომ 14 წლის წინანდელ აბსურდულ ზღაპრებს ყვებიან, მზად ამ სასამართლოში გავცე კვალიფიციური პასუხი თუ მსგავსი რამ არსებობს.

თქვა კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ სასამართლო მოსმენის შემდეგ.

ცნობისთვის, ხაზარაძეს პროკურატურამ ბრალი წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის მუხლით პირველ აპრილს წარუდგინა.

კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის პროკურატურას გადაცემული აქვს ასევე ბადრი ჯაფარიძის, ირაკლი ოქრუაშვილის საქმეები. 

კომენტარები