"მოვუწოდებ თითოეულ ჩემს კოლეგას, სამედიცინო საზოგადოებას, რომ აუცილებლად უნდა გამოვფხიზლდეთ" - ექიმმა ლაშა უჩავამ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების სახელით განცხადება გააკეთა და კოლეგებს მოუწოდა, 15 თებერვალს, 18:00 საათზე, ევროპის მოედანზე დაგეგმილ აქციას შეუერთდნენ.
"დღეს შევიკრიბეთ სამედიცინო საზოგადოება სოლიდარობისთვის იმ ყველა პოლიტპატიმრის მიმართ, რომელიც დღეს ტყვედ ჰყავს აყვანილი ჩვენს სახელმწიფოს და, რა თქმა უნდა, აუცილებლად ქალბატონი მზია ამაღლობელის სოლიდარობისთვის, რომელიც 33-ე დღეა, შიმშილობს და ის ნამდვილად იმსახურებს თავისუფლებას, ის უკანონოდ არის დაპატიმრებული.
აუცილებლად უნდა შევეხოთ ბატონ თემურ ქათამაძის - ბათუმელი მედროშის შიმშილობასაც, რომლის ჯანმრთელობას ნელ-ნელა უკვე ექმნება საფრთხე და ისევე, როგორც ქალბატონ მზიასთან, აუცილებლად უნდა იყოს კონსილიუმი შექმნილი, რომელიც მის ჯანმრთელობას მიაქცევს ყურადღებას და ჩვენ გვექნება ამის შესახებ ინფორმაცია.
ჩვენი დღევანდელი ბრიფინგი უფრო ინფორმაციულია და შეეხება იმ მნიშვნელოვან ღონისძიებას, რომელიც 15 თებერვალს, 18:00 საათზე ევროპის მოედანზე იგეგმება და მე მოვუწოდებ თითოეულ ჩემს კოლეგას, სამედიცინო საზოგადოებას, რომ აუცილებლად უნდა გამოვფხიზლდეთ. ჩვენ უნდა ვიდგეთ საქართველოს სწორ მხარეს ქართველ მოსახლეობასთან ერთად იმისათვის, რომ მივიღოთ იმ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე პასუხი, რომელიც დგას დღეს საქართველოში და, ფაქტობრივად, კრიზისში არის შესული სახელმწიფო.
მნიშვნელოვანია ახალი არჩევნები და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება, რომელიც დღეს იმყოფება ტყვეობაში, შესაბამისად, ყველა ექიმი, სამედიცინო სფეროს ყველა წარმომადგენელი, რომელთა ვალდებულება არის ადამიანების ჯანმრთელობის დაცვა, ადამიანების კეთილდღეობა, აუცილებელია, 15 თებერვალს, 18:00 საათზე ევროპის მოედანზე იყოს გამოცხადებული...
...ჩვენ გვაქვს მრავალი პეტიცია უკვე დაწერილი, რომელსაც ხელს აწერს ათასზე მეტი ექიმი და 18 სამედიცინო ასოციაცია, რომელიც დგას ქართველი ხალხის გვერდით ამ ბრძოლაში და მუდამ იქნება მანამ, სანამ ჩვენ არ მივაღწევთ იმ მნიშვნელოვან საწადელს, რომელსაც ჰქვია ხელახალი არჩევნები და ტყვე პატიმრების გათავისუფლება”, - თქვა ლაშა უჩავამ ბრიფინგზე.
15 თებერვალს, უწყვეტი საპროტესტო აქციების მე-80 დღეს მოქალაქეები ევროპის მოედანზე შეიკრიბებიან და რუსთაველის გამზირისკენ მოაწყობენ მსვლელობას.