ონკოპაციენტები

ნუ იტყუება ჯანდაცვის სამინისტრო – პარლამენტთან ონკოპაციენტების აქცია მიმდინარეობს

კადრი ვიდეოდან / მთავარი არხი

პარლამენტთან ონკოპაციენტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტები კვლავ პასუხებს ითხოვენ იმის შესახებ, დააფინანსებს თუ არა ჯანდაცვის სამინისტრო ბიუჯეტიდან მათ მკურნალობას. დღეს აქციის პარალელურად, პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის მინისტრის საათი 14:00 საათზე დაიწყება.

"საფუძვლიანად იციან ჩვენი პრობლემების შესახებ, რა ხარვეზებია ჯანდაცვაში. დაგვპირდნენ გამოსწორებას, თუმცა ჯერჯერობით ჩვენ ამას ვერ ვხედავთ, რადგან დაფინანსება კვლავ აგვიანებს, წამლების დეფიციტია ისევ და ადამიანების სიცოცხლე ისევ საფრთხის ქვეშ არის, ჩვენ უკვე დავკარგეთ რამდენიმე მებრძოლი.

გვინდა ვუთხრათ ბატონ მიხეილს, რომ ნუ იტყუება ჯანდაცვის სამინისტრო. თქვან, რომ ჩვენი ქვეყანა არ არის უსაფრთხო ონკოპაციენტებისთვის და იმ პაციენტებს მაინც ნუ გამოაგდებენ, სანამ ეს ხარვეზი არსებობს, ვინც შეძლო და თავის გადასარჩენად წავიდა ევროპაში". - თქვა ორგანიზაცია კავშირი სიცოცხლისთვის დამფუძნებელმა, გვანცა აფხაიძემ.

ონკოპაციენტები მიხეილ სარჯველაძეს 12 მარტს პირველად შეხვდნენ, რა დროსაც ჯანდაცვის ახალი მინისტრი მათ დაპირდა, რომ ყველანაირად ეცდებოდა "25 000-ლარიან ლიმიტთან დაკავშირებით არსებული საკითხის მოგვარებას".

25 მარტს ონკოპაციენტებმა აქცია გამართეს და კვლავ ითხოვდნენ მინისტრთან შეხვედრას.

5 აპრილს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ თქვა, რომ შესაბამისი სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული ონკოლოგიური მედიკამენტები 25 000-ლარიან ლიმიტში აღარ შევა.

ონკოლოგიური პაციენტების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა 25 000-ლარიანი ლიმიტის გაუქმება იყო - მათ გასულ თვეებში რამდენიმე აქცია გამართეს.

გარდა ამისა, პაციენტები ითხოვდნენ, რომ:

  1. დროულად შემოიტანონ ონკოლოგიური მედიკამენტები და პაციენტებს არ უწევდეთ წამლის საძებნელად აფთიაქიდან აფთიაქში სიარული;
  2. გაიზარდოს იმ მედიკამენტების რაოდენობა, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება - ზოგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამალი საქართველოში ჯერ რეგისტრირებულიც კი არ არის.

კომენტარები