საქართველოს პარლამენტი

საქართველოსთვის: დაუშვილის კითხვაზე ხელისუფლების პოზიცია უსაფრთხოების პირდაპირი რისკია

"მიხეილ დაუშვილის მიერ დასმულ კითხვაზე, ხელისუფლების დღევანდელი პოზიცია ოკუპანტის სახელმწიფოს ინტერესშია და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის პირდაპირი რისკია" - ასე გამოეხმაურა პარტია საქართველოსთვის მათი დეპუტატის, მიხეილ დაუშვილის კომიტეტზე დასმულ შეკითხვას. 

მიხეილ დაუშვილმა ანრი ოხანაშვილს ჰკითხა, საერთაშორისო იზოლაციის შემთვევაში, შეექმნებოდა თუ არა საფრთხე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას.

"იმის გათვალისწინებით, რომ დღეისათვის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა პირდაპირ არის დაკავშირებული და ფაქტობრივად, ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოები არიან ამ არაღიარების პოლიტიკის მთავარი გარანტორები, თქვენი აზრით ამ კანონით და იმ ქმედებებით, რასაც ოცნება ახორციელებს, მათ შორის მოქალაქეების ტოტალური ტერორით და ძალადობით, ექმნება თუ არა საფრთხე არაღიარების პოლიტიკას, იმ შემთხვევაში თუ ქვეყანა მოექცევა საერთაშორისო იზოლაციაში, როგორ ფიქრობთ, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის კუთხით, რა რისკები შეიძლება დაუდგეს ქვეყანას?" 

როგორც პარტია საქართველოსთვის განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს პარლამენტმა ღალატი და მტრობა უწოდა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვას. 

"წარმოდგენა გაქვთ, რას ლაპარაკობთ? ვინმეს აღიარებაზეა მხოლოდ დამოკიდებული ჩვენი ისტორიული ტერიტორიები და მიწა-წყალი? ცოტა დაფიქრდით რა განცხადებებს აკეთებთ, ხალხო. უსაფრთხოებას და ტერიტორიულ მთლიანობას უკავშირდება ეს აფსურდი, რასაც აკეთებთ. როგორ შეიძლება, საერთოდ, ასეთი შეკითხვის დასმა?" - უთხრა ოხანაშვილმა დაუშვილს. 

პარტია საქართველოსთვის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. 

"დღეს საქართველოს პარლამენტმა ღალატი და მტრობა უწოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დაცვას.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დაცვის ერთ-ერთი ქმედითი საშუალებაა ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა, რასაც ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები წლების განმავლობაში ახორციელებენ.

ხელისუფლების ბოლოდროინდელი პოლიტიკა და რუსული კანონის მიღება ქვეყანას საერთაშორისო იზოლაციის პირდაპირი რისკის ქვეშ აყენებს და საფრთხეს უქმნის არაღიარების პოლიტიკას, რაც ათწლეულების მონაპოვარია.

მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატის მიხეილ დაუშვილის მიერ დასმულ კითხვაზე, ხელისუფლების დღევანდელი პოზიცია ოკუპანტის სახელმწიფოს ინტერესშია და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის პირდაპირი რისკია.

არაღიარების პოლიტიკის გაძლერება და დაცვა, რაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დაცვაა, თუ ვინმესთვის არის ღალატი, ეს ოკუპანტი რუსეთია. ოცნების დეპუტატის განცხადებით კი ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა აქტუალური არაა!!!

სამწუხაროა, რომ დღევანდელი ოცნება, მათ შორის ამ განცხადებით, რუსეთის ინტერესებს ემსახურება" - წერია საქართველოსთვის განცხადებაში. 

კომენტარები